
მთლი საქართველო შეძრა მოზარდებს შორის მომხდარმა საშინელმა დაპირისპირებამ, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გთვაზობთ ინტერვიუს ბავშვთა ფსიქოლოგთან მოზარდთა აგრესიის შესახებ.
უმიზეზო აგრესია არ არსებობს. ის მაშინ წარმოიშობა, როდესაც ადამიანი აწყდება გაურკვევლობას, წინააღმდეგობას, ღალატს, როდესაც მისით მანიპულირებენ ან აშინებენ, როდესაც ის არ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ეკარგება სხვებისთვის ცხოვრების სურვილი. სწორედ ამ დროს იჩენს თავს აგრესია გარშემო მყოფთა მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების მიმართ განხორციელებული აგრესია, თუმცა ჩვენში ამაზე თითქმის არ ლაპარაკობენ.
ასეთი ფაქტები ყოველთვის იმალება, ინიღბება. ბავშვები აგრესიას ეჯახებიან შინ, სკოლებში, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, ტელეეკრანზე. ბავშვთა ფსიქოლოგი ელზა მესხი ბავშვებსა და მოზარდებზე განხორციელებული აგრესიის მიზეზებსა და გამოსავალზე გვესაუბრება.
- ბევრმა შესაძლოა იცოდეს, ბევრს კი ალბათ გააკვირვებს იმის გაგება, რომ ბავშვების მიმართ აგრესიას ყველაზე ხშირად მშობლები ამჟღავნებენ. რისი ბრალია ეს?
- საზღვარგარეთ ამის შესახებ დაუფარავად საუბრობენ, საქართველოში კი ეს თემა ერთგვარად ტაბუდადებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ ჩვენში არ ხდება. ყოველდღიური საზრუნავისგან გადაღლილი მშობლები შვილთან კონფლიქტის დროს ხშირად წონასწორობას კარგავენ და შეუძლიათ ყველაფერი ჩაიდინონ, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მტირალი პატარა გაჩუმდეს.
ზოგიერთი მშობელი ისე ძლიერ სცემს შვილს, რომ ის ტვინის შერყევით და სხვა ტრავმებით სამკურნალო დაწესებულებაში ხვდება. მშობლების ძალადობის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ყურადღების დეფიციტის სინდრომი, მეტყველების დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება, თვითშეფასება და მადის დარღვევები. ბევრი მშობელი აცნობიერებს, რომ სწორად არ იქცევა და სპეციალისტებთან გადის ფსიქოთერაპიის კურსს.
- სად არის გამოსავალი?
- ბავშვების მიმართ აგრესია ყველაზე მეტად ახასიათებთ ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილ მშობლებს. მათ ვურჩევთ, ისე დაგეგმონ დღის რეჟიმი, რომ პირადი ცხოვრებისთვისაც დარჩეთ დრო. თუ პატარას სამი წელი უკვე შეუსრულდა, შეიძლება მისი საბავშვო ბაღში მიყვანა. ამ ასაკში მათ იმის გაგებაც შეუძლიათ, რომ დედა დაიღალა და დასვენება სჭირდება.
ბავშვისთვის ამის ახსნა ერთგვარი აღმზრდელობითი ნაბიჯიც იქნება - მან ხომ სხვისი გრძნობების პატივისცემაც უნდა ისწავლოს. დროთა განმავლობაში მას გამოუმუშავდება პატივისცემა მშობლების საქმიანობის მიმართ, გააცნობიერებს, რომ დედ-მამის დრო სულ მას არ ეკუთვნის. გამორიცხული არ არის, ცოტა ხანში თავად მისგან გაიგონოთ: "დედიკო, არ მცალია, მოგვიანებით ვისაუბროთ", ან "ცოტა ხანს მაცადე, განმარტოება მინდა". ეს ნუ შეგაშინებთ; უბრალოდ, ბავშვმა შეიგნო, რომ არსებობს საზღვარი მის შინაგან სამყაროს, ინტერესებს, მოთხოვნებსა და გარემოს შორის. გარდა ამისა, ბავშვები სწორედ მშობლებისგან სწავლობენ იმის სიტყვიერ გამოხატვას, რასაც განიცდიან. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს მეტად მნიშვნელოვანია - ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი გრძნობების სხვისთვის გაზიარება, ნაცვლად დამალვისა. იხილეთ ვრცლად