25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა საფრთხეს გვიქმნის მთელი დღე ხმაურიან გარემოში ყოფნა - საკითხზე თერაპევტი ხათუნა ლეჟავა საუბრობს | Allnews.Ge

რა საფრთხეს გვიქმნის მთელი დღე ხმაურიან გარემოში ყოფნა - საკითხზე თერაპევტი ხათუნა ლეჟავა საუბრობს

როდესაც სიტყვა დაბინძურება გვესმის, სავარაუდოდ, ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი, ხეებზე შემოხვეული პოლიეთილენის პარკები და მთასავით აზიდული ნაგვის გროვა გვახსენდება. თუმცა არსებობს დაბინძურების სხვა სახე, რომელსაც, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ჩვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს, თუმცა ამას იშვიათად თუ ვაცნობიერებთ.

ჩვენ ირგვლივ მუდმივი ხმაურია. ახლაც, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ, სავარაუდოდ, თქვენ გარშემო გარკვეული ხმები გაუჩერებლად ისმის - ტრანსპორტის, ადამიანების, დანადგარების, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების. იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ 2016 წლის მონაცამებით, მსოფლიო მოსახლეობის 54,5% ქალაქში ცხოვრობდა, ხმაურის პრობლემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ მკვლევარებმა ის გარემოს დაბინძურების კიდევ ერთ ფაქტორად მიიჩნიეს. სწორედ აქედან მომდინარეობს უკვე ფართოდ დამკვიდრებული ტერმინი "ხმაურით დაბინძურება", რომელსაც ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, იმდენად შევეჩვიეთ, რომ, შესაძლოა, დღის უმეტეს ნაწილში ვერც კი აღვიქვამთ მას.

თუმცა, მედიკოსებისა და მკვლევარების განმარტებით, მუდმივი ხმაურის პირობებში ყოფნა აქვეითებს სმენას და, ზოგადად, საფრთხეს უქმნის ადამიანის და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობას.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ყურს 85 დეციბილის სიმძლავრის მქონე ნებისმიერი სახის ხმაურის ატანა დაზიანების გარეშე შეუძლია, თუმცა უფრო მაღალი ხმა სმენის პერმანენტულ დაქვეითებას გამოიწვევს. უკანასკნელმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც 65 დეციბილი ან მასზე მეტია, არტერიული წნევის მატებასა და სტრესული ჰორმონების გამოყოფას იწვევს.

Allnews.ge აღნიშნულ საკითხზე თერაპევტ ხათუნა ლეჟავას ესაუბრა.

"ხმაურისგან იზოლირებულები არ ვართ, რა თქმა უნდა, და ჩვენ გარშემო ყველაფერი მუდმივ მოძრაობაშია. ეს ყველაფერი თავისთვად იწვევს ხმაურს. რაღაც პერიოდის განმავლობაში ამ ინტენსიურ ხმაურს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ შემდეგ ეს დამღლელი ხდება. მთელი დღის განმავლობაში გადამეტებული ხმაური გონებრივად ღლის ადამიანს. ამან შეიძლება, გაღიზიანებადობა გამოიწვიოს. მუდმივმა გაღიზიანებამ და მუდმივმა ზედმეტმა ხმაურმა კი შეიძლება გადაღლილობის სინდრომის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანოს." -აღნიშნა თერაპევტმა.

ამ თემაზე მომუშავე ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ჩვენ გარშემო არსებულ ხმაურს ვერ აღვიქვამდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ხმაურით დაბინძურება" ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, რადგან მათი განმარტებით, თავად ყურში არ არის არცერთი ორგანო, რომელიც გარშემო არსებულ ხმაურს დაბლოკავდა და ფაქტი, რომ ჩვენ ირგვლივ არსებულ ხმებს ვბლოკავთ უფრო ფსიქოლოგიური მომენეტია.

თერაპევტ ხათუნა ლეჟავას თქმით, მუდმივი ხმაურის პირობებში ვითარდება გადაღლილობის სინდრომი, რომელიც შეიძლება, თავის ტკივილში, ზოგად სისუსტესა და განმარტოვების სურვილში გამოიხატოს.
"შეიძლება ამან გამოიწვიოს არტერიული წნევის ცვალებადობაც. მუდმივად ხმაურიან ვითარებაში მუშაობა ისე, რომ ადამიანს დასვენების შესაძლებლობა არ ეძლეოდეს, სავარაუდოდ, ნევროზსაც გამოიწვევს".- თქვა თერაპევტმა.

უფრო მეტიც, ჯერ კიდევ 2007 წელს მეცნიერების მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად, რომელიც მსოფლიოში 200 ათას სმენის ტესტს ეყრდნობოდა, აღმოჩნდა, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს სმენა შესამჩნევად დაქვეითებული ჰქონდათ. უფრო კონკრეტულად, ცდის პირთა სმენა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც დაახლოებით 20 წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ხმაური შეუფასებელი საფრთხეა, რომელსაც მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია - ისეთის, როგორიც უძილობა, კარდიოვასკულარული ეფექტები და შრომისა  და სწავლისუნარანობის დაქვეითებაა.

თერაპევტ ხათუნა ლეჟავას თქმით, ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე ადამიანი სრულ იზოლაციაში ვერ იქნება, მაგრამ დღის განმავლობაში თუნდაც ერთი საათი უნდა გამონახოს და ხმაურს გაერიდოს, რათა გაღიზიანებადობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები თავიდან აირიდოს.

მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ხმაურისგან იზოლირება, როდესაც მთელ დღეს ადამიანებით გადატვირთულ სამუშაო ოთახში ან მანქანებით გადატვირთულ ქუჩაში ვატარებთ ღის უმეტეს ნაწილს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში წყნარი საათი შემოიღეს. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გერმანიაა, სადაც კვირას, რომელიც სამსახურისგან თავისუფალია და დასვენებისთვისაა განკუთვნილი, გაზონის გაკრეჭვა აკრძალა. გარდა, ამისა ზოგიერთ ქვეყნებში აწესებენ შეზღუდვებს ტრანსპორტის სიჩქარეზე, საწარმოებს კი უფრო მეგობრული ავტომობილებისა და საოჯახო ტექნიკის დამზადებას სთხოვენ.

ამ კუთხით ერთი ნაბიჯი საქართელომაც გადადგა და ღამის საათებში ხმაური კანონით დასჯადი გახადა.