02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გადასახადები კარაქზე, შაქარსა და ყველზე - როგორ ებრძვიან ჭარბწონიანობას ევროპის ქვეყნებში? | Allnews.Ge

გადასახადები კარაქზე, შაქარსა და ყველზე - როგორ ებრძვიან ჭარბწონიანობას ევროპის ქვეყნებში?

მსოფლიოში ჭარბწონიან ადამიანთა რაოდენობა 1975 წლის შემდეგ გასამმაგდა. 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1,9 მილიარდი ადამიანი ზედმეტ წონას უჩიოდა, მათგან 650 მილიონი კი ჭარბწონიანი იყო. ჭარბწონიანობას მოხმარებული და დახარჯული კალორიების ბალანსის დარღვევა იწვევს. როდესაც ადამიანი გაცილებით მეტ კალორიას იღებს, ვიდრე მის დახარჯვას ახერხებს, აღნიშნული პრობლემის წინაშე დგება, რაც, როგორც წესი, არაჯანსაღი საკვების ინტენსიური მომხრებითა და ნაკლები ფიზიკური აქტივობითაა გამოწვეული.

იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბწონიანობას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, როგორიც კარდიოვასკულარული დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მოშლა, მეორე ჯგუფის დიაბეტის განვითარება და ზოგიერთი სახეობის კიბოს გამოწვევაა, უკვე ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, აღნიშნულ პროცესში ჩაერიოს და ჭარბწონიანობის გავრცელება ხელოვნურად შეზღუდოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ხელშემწყობი გარემო და საზოგადოება ადამიანის არჩევნის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. არჩევანი კი ცალსახად სწორ კვებასა და მეტ ფიზიკურ აქტივობაზე უნდა გაკეთდეს.

ჭარბწონიანობის პრობლემასთან ბრძოლის გზაზე ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანა დანია გახდა.
ხელისუფლებამ 2011 წელს დააწესა გადასახადი კარაქზე, რძეზე, ყველეზე, პიცაზე, ხორცსა და ზეთზე, თუ ამ პროდუქტებში 2,3%-ზე მეტი გაჯერებული ცხიმი იქნებოდა. აღნიშნულ ცვლილებას თავის დროზე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ გადასახადის დაწესებამ გარკვეულ შედეგს მიაღწია და მოსახლეობაში სურსათის შეძენისას გამოვლენილი მახასიათებლები და ჩვევები შეცვალა. ოქსფორდისა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტების ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ გადასახადის დაწესების შემდეგ, დანიის მოქალაქეებმა 4%-ით ნაკლები გაჯერებული ცხიმის შემცველი პროდუქტების შეძენა და სანაცვლოდ, მათი ბოსტნეულითა და ხილით ჩანაცვლება დაიწყო. თუმცა, აქვე გამოვლინდა ერთი უარყოფითი ტენდენციაც, ვინაიდან მოსახლეობამ გაცილებით მეტი მარილის მოხმარება დაიწყო.

საბოლოოდ, დანიის ხელისუფლება გადასახადის დაწესებით მიღებული შედეგით უკმაყოფილო დარჩა და ის 2012 წელს გააუქმა. ამასთანავე განმარტა, რომ გადასახადის დაწესების შემდეგ, მოსახლეობის კვების ჩვევები მნიშვნელოვნად არ შეიცვალა და მათ პროდუქტების მოსაზღვრე ქვეყნებში შეძენა დაიწყეს, სადაც მსგავსი გადასახადები არ მოქმედებდა, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასაქმების ბაზარი და ბიზნესს გარკვეული ზარალი მიადგა. დანიის კვების, სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ პრობლემის დაძლევას სხვა, მეტად ეფექტური გზით შეეცდება.

ჭარბწონიანობაზე შესაძლოა კონკრეტული რეგულაციები არ გატარდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი პრობლემატურია - გუგული მაღრაძე

ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად გადასახადების დაწესება გავრცელებული პრაქტიკა გახდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. როგორც წესი, გადასახაედი მაღალი ცხიმიანობის მქონე პროდუქტებზე, შაქრის მაღალი კონცენტრაციის სასმელებსა და თავად ჭარბწონიან ადამიანებზეც კი წესდება. ამ გადასახადის დაწესების მიზანი კი ისეთი პროდუქციის მოხმარების შემცირებაა, რომელიც ჭარბწონიანობას იწვევს. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც მსგავს პროდუქციაზე ფასი იკლებს, ჭარბწონიანობა პროპორციულად იმატებს, თუმცა ასევე დადგენილია, რომ ფასის რეგულაციები უფრო მეტად ნორმალური წონის ადამიანებზე ზემოქმედებს, ვიდრე ჭარბწონიან ადამიანებზე.

ამის მიუხედავად, 2016 წელს უკვე 8 ქვეყანა იყო დაფიქსირებული, რომლებმაც სწრაფი კვების ობიექტებსა და არაჯანსაღ საკვებს ომი გამოუცხადეს. მაგალითად, მექსიკამ არაჯანსაღ საკვებზე გადასახადი 8%-ით გაზარდა. მექსიკის ხელისუფლება სწრაფი კვების ობიექტებისა და ლობისტების ზეწოლის მიუხედავად, თავისი გადაწყვეტილების ერთგული დარჩა და შედეგად, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 5%-მა ამ პროდუქციის მოხმარება შეამცირა.

მსოფლიოს ყველაზე "ჭარბწონიანი" ქვეყნები

ჩილეს ხელისუფლება არაჯანსაღ საკვებზე გადასახადის გაზრდით არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული საკვები პროდუქტების სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებში გაყიდვაც აკრძალა. გარდა ამისა, შემოიღო კანონი, რომელიც საჭმლის ფორმის სათამაშოების წარმოებას კრძალავდა.

ჭარბწონიანობასთან ბრძოლის გზაზე განსაკუთრებით მკაცრი აღმოჩნდა იაპონია, რომლის კანონმდებლობა წელის გარშემოწერილობის გაზომვასა და სტანდარტისთვის გადაჭარბების შემთხვევაში, ჯარიმას გულისხმობდა. ხელისუფლება კომპანიებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ჯარიმას გამოუწერდა, თუ ისინი ამ კანონის შესრულებას ვერ შეძლებდნენ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით კანონდამრღვევთა გამოსავლენად, ყველწლიურად 40-დან 75 წლის ადამიანებს წელის გარშემოწერილობას უზომავდნენ. შედეგად ქვეყანაში ჭარბწონიანობის მაჩვენებელი 3,5 პროცენტით შემცირდა.

საფრანგეთმა 2012 წელს გადასახადი შაქრის მაღალი კონცენტრაციის მქონე სასმელებზე დააწესა. არაჯანსაღ საკვებთან ბრძოლაში ლიდერმა ნორვეგიამ კი გადასახადი დააწესა, როგორც სასმელზე, ისე სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებულ საკვებზე და აკრძალა ბავშვების ხელმისაწვდომობა ამ პროდუქტზე.

ავსტრალიაში ჯარიმების პარალელურად სწორი კვების სახელმძღვანელოები გამოაქვეყნეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, სადაც მოსახლეობის 2/3 ჭარბწონიანობის პრობლემის წინაშე დგას, გაზიანი სასმელების გაყიდვაზე ლიმიტი დააწესა.