
ბავშვის აღზრდა დიდ დროს, ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, აუცილებელია, ეს რესურსები ბავშვისკენ სწორად მივმართოთ, რათა უარყოფითი შედეგი არ მივიღოთ. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობებსა და მშობლების მიერ აღზრდის პროცესში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით Allnews.ge-ს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრა.
ზოგადი ტენდენციის მიხედვით, რა ხარვეზებს ხედავთ საქართველოში მშობლების აღზრდის მეთოდებში?
თანამედროვე მშობელი დროში, შვილებთან ურთიერთობაში უფრო მეტად შეზღუდულია და ეს შეზღუდვა მხოლოდ სამსახურისგან გამოწვეული არ არის. თანამედროვე მშობელი, ისევეა ჩართული ამ ინტერნეტსივრცეში, ტელევიზიასთან იმდენად არის მიჯაჭვული, რომ შეიძლება ითქვას, რომ იქ ცხოვრობს, დროის დიდი ნაწილი დათმობილი აქვს ინტერნეტს, ტელევიზიას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.
ამასთან, ქართულ ოჯახებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემა ის არის, რომ დედების უმრავლესობა ოჯახიდან სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულები არიან, საქართველოში ეს ძალიან გახშირებულია. გარდა ამისა, თუ მშობელს მაგალითად დღეში ნახევარი ან ერთი საათი აქვთ თავისუფალი დრო, რომელიც სურთ რომ შვილებთან გაატარონ, მათ არ იციან ეს პროცესი როგორ წარმართონ, რომ შვილებთან ურთიერთობა უფრო პოზიტიური იყოს. არსებობს ასეთი სტერეოტიპი: მშობელს ჰგონია, რომ თავისთავად, ინტუიციურ დონეზე იცის, რა უნდა გააკეთოს, შვილს როგორ მოექცეს ანუ მშობლების შვილებთან ურთიერთობაში იმთავითვე ხარვეზი არსებობს.
გარდა ამისა, ძალიან დამკვიდრდა ძიძის ინსტიტუტი და თუ ადრე ბებიები და ბაბუები იყვნენ ბავშვების აღზრდაში ჩართულები, ახლა ახალგაზრდა მშობლები ძიძის აყვანას არჩევს. ბებიისა და ბაბუის ჩართვას გაცილებით უფრო პოზიტიური შედეგები ჰქონდა, ვიდრე ბავშვის ძიძასთან აღზრდას. თავისთავად ცხადია, რომ ეს ძიძისთვის სამსახურია. ეს ის სამსახურია, რომელიც სიყვარულს ითხოვს, რომელიც შენ გაბედნიერებს, თუმცა ჩემი აზრით, იშვიათი შემთხვევა იქნება, როდესაც ძიძას ბავშვთან ურთიერთობაში ასეთი ჩართულობა ექნება.
დღეს იკვეთება ისიც, რომ ახალგაზრდა დედები ძალიან ადვილად უყურებენ დედობას და მათში დამკვიდრებულია ღამის ცხოვრების კულტურა, ღამის თევა არის ცხოვრების წესად გადაქცეული, განსაკუთრებით ახალგაზრდა დედებში. ეს პრობლემას იმ თვალსაზრისით ქმნის, რომ ბავშვი რომ მიადგება დილით დედის საწოლს და ეხვეწება, გაიღვიძოს, დედის ორგანიზმი ძილს კი ითხოვს, ბავშვი უკვე იმთავითვე ტრავმული ხდება და დედასთან არასაიმედო მიჯაჭვულობა ყალიბდება. არის ასეთი შემთხვევები რომ ბავშვს ძიძა უვლის და ბავშვი დედას ეხვეწება, თმა დავარცხნოს, დაბანოს, შესაბამისად, დედის ტაქტილური შეხება ანუ ფიზიკური შეხება, ხელით მოფერება ბავშვს დღეში ერთხელ და ორჯერ არ ეყოფა.
დილით რომ ბავშვი იღვიძებს, შენი გაღიმებული სახე უნდა დახვდეს, ეს აკლიათ ბავშვებს.დედებს ძალიან დიდი რამ შეუძლიათ, შვილებს აჩუქონ და უმრავლეს შემთხვევაში ეს აკლიათ.
სამსახურის გამო ხშირად დედებს უწევთ ბავშვის მოსავლელად ძიძა აიყვანონ. რა რეკომენდაციები გაქვთ ასეთი დედებისთვის?
ბავშვთან დროის გასატარებლად საკმარისია დროის მცირე მონაკვეთი, ოღონდ დროის იმ მონაკვეთში დედა ბავშვს ნამდვილად უნდა ეკუთვნოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი რომ გაიღვიძებს, დედა მას მოღიმარი სახით დახვდეს, ღიმილი შეაგებოს ბავშვს, არ დაუშვან, როცა ბავშვი იღვიძებს და დედას სძინავს. ჯობს, არ ხედავდნენ დედას, ოღონდ მძინარე არ იყოს, რადგან ბავშვს ამ დროს შიშის განცდა უჩნდება, რომ დედა მას არ ეკუთვნის მას, როცა პატარა ასაკში და ეს მიჯაჭვულობის ეტაპი საიმედო უნდა იყოს. 9 თვის განმავლობაში დედის სხეული ატარებს ნაყოფს და როგორ ფიქრობთ, ერთი ან ორი წელი არის საკმარისი, რომ იმ სხეულის დაშორება ბავშვისათვის ადვილი იყოს? ბავშვს სუნისა და სხეულის შეხების შეგრძნება აქვს და დილით საწოლიდან გაღიმებულმა დედამ უნდა აიყვანოს.
დედებმა, რომლებიც სამსახურში დადიან, რაღაც დოზით უნდა მოახერხონ, რომ მძინარე ბავშვს აკოცონ, რადგან მძინარე ბავშვი გრძნობს, დედა როგორ ეფერება.ბავშვმა ეს უნდა განიცადოს, რომ საიმედო მიჯაჭვულობის ეტაპი გაიაროს და მიჯაჭვულობა ბავშვს მუდმივ შიშში ტოვებს, რომ ის მარტოა, მიტოვებულია, მას მარტოობის შიში აქვს, სამყაროს მიმართ ნდობა-უნდობლობა კი წლისა და რვა თვის ასაკამდე ყალიბდება, რომელიც ბავშვს მთელი ცხოვრება მიყვება.
როდესაც ბავშვებსა და მშობლებს შორის კომუნიკაცია რთულდება და ორივე მხარეს სხვადასხვა პოზიცია აქვს, როგორ უნდა გამონახონ მშობლებმა საერთო ენა შვილებთან?
თუ ბავშვს არ უნდა სკოლაში ან საბავშვო ბაღში წასვლა, ეს ძალდატანებით არასდროს უნდა მოხდეს, მაგრამ პირველ რიგში მშობელმა ბავშვის გრძნობა უნდა ამოიცნოს, შეიძლება ეს იმიტომ ხდებოდეს, რომ ბავშვს დედასთან განშორება უჭირს.
როდესაც ბავშვისთვის რაიმეს მითითება გვინდა, კი არ უნდა მივუთითოთ და პირდაპირ ჭკუა კი არ უნდა დავარიგოთ, არამედ მაგალითად, თუ ბავშვს მეცადინეობა არ უნდა, მისი გრძნობა უნდა ამოვიცნოთ, ეზოში თამაში უნდა თუ უბრალოდ ეზარება და ვკითხოთ "შენ გეზრება მეცადინეობა არა?" ან "გეზარება ხო?"- აი ეს "ხო" და "არა" გადამწყვეტია, იმიტომ რომ ერთდროულად ბავშვს განცდას მიუხვდი და უდასტურებ, რომ მისი გესმის და მერე უკვე საკუთარ განცდასა და გრძნობას გადასცემ. ეს პროცესი კი უნდა დაიწყოს პირველი პირის ნაცვალსახელით "მე", მაგალითად, "მე გამიხარდება, რომ იმეცადინო" და ა.შ
ესე იგი პირველი ეტაპია ბავშვის გრძნობის ამოცნობა და მეორე ეტაპია შეტყობინება ანუ შენ საკუთარ განცდას გადასცემ, ოღონდ ისე, რომ მას არ ეხები.
იგივეა გარდატეხის ასაკში, მაგალითად, ბავშვს კინოში წასვლა, მეგობრებთან, დაბადების დღეზე გართობა უნდა, ამ შემთხვევაშიც შეკითხვა იმავე ფორმულირებით უნდა დაუსვა და შემდეგ გადასცე შენი განცდა, ოღონდ ისე, რომ მას არ უნდა შეეხო.
ჩვენს ქვეყანაში მშობლებს ხშირად გადაჭარბებულ ყურადღებაშიც ადანაშაულებენ, ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების მიმართ მშობლების ყველა დამოკიდებულება ეფუძნება კონტროლისა და სითბოს ბალანსს. კერძოდ, რა პროპორციითა სითბო გადაცემული მშობლიდან ბავშვის მიმართ და რა პროპორციით არის კონტროლი.
იქ, სადაც სითბო მეტია, მაგრამ კონტროლი აუცილებლად არსებობს, მშობელი ხდება ბავშვის ავტორიტეტი; სადაც კონტროლი არის, თუმცა სითბო არ გვხვდება, ესაა ავტორიტარული ურთიერთობა, ასეთ შემთხვევაში ბავშვები ყოველთვის მოაჯახუნებენ კარს, გადიან გარეთ და ოჯახის მოთხოვნებთან მიმართებაში მათი ქცევა ოპოზიციურია. არის მხოლოდ სითბოს შემთხვევები და კონტროლის არარსებობა, როდესაც ჩარჩოები, რომლებსაც საზოგადოებრივი თანაცხოვრება ადამიანისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა ითხოვს, ბავშვმა იმთავითვე ოჯახიდან უნდა აიღოს, ამიტომ მხოლოდ სითბო ლიბერალური დამოკიდებულებაა, რომელიც პოზიტიურ შედეგებს არ მოგვცემს; არსებობს ურთიერთობების ისეთი ფორმებიც, როდესაც არც სითბოა და არც კონტროლი, ასეთიც ბევრია და ესეც პრობლემაა, მაგრამ ჩვენთან უფრო ხშირად ავტორიტარულია ურთიერთობას ვხვდებით, როცა კონტროლი ჭარბობს.
გარდა ამისა, ფსიქოლოგიაში არსებობს მიუღებელი შვილის ცნება. კერძოდ, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც დედა ბავშვს ადარებს მას, ვინც მისთვის მიუღებელია, მაგალითად, დედამთილი, მაზლი, მული ან მამა სიდედრს, ცოლის ძმას და ა.შ ეუბნებიან, რომ მას ჰგავს და მიუღებელი ბავშვია ან შეიძლება ის კონკრეტული მშობლისთვის მიუღებელ პიროვნებას ბავშვი გარეგნობით მართლა ჰგავს. ეს ნეგატიური შედეგის მომტანია, რადგან ბავშვის თვითშეფასება ნეგატიურია, დამნაშავის როლშია. ხშირად როცა ოჯახში დედ-მამას შორის კონფლიქტებია, ბავშვები თავიანთ თავს ადანაშაულებენ. დაუშვებელია ბავშვის მიუღებელი პირისთვის შედარება. ბავშვმა საკუთარი თავის მნიშვნელობა უნდა განიცადოს, რომ გარემო კეთილგანწყობილად აღიქვას და პერსპექტივაც დაინახოს.
როდის კარგავს მშობელი ავტორიტეტს - კანადელი ფსიქოლოგი 15 საგანგაშო ნიშანს გვთავაზობს
ბავშვებს კონფლიქტის ინსტრუმენტადაც იყენებენ ხოლმე, რაც ასევე დაუშვებელია. მაგალითად, არასრულ ოჯახებში დედებს ან მამებს ეს ახასიათებთ, ბავშვებს ეუბნებიან, "წადი, მამაშენს ან დედაშენს მოკითხე" ან "მამამ რომ მიგატოვა, რას ფიქრობს მამაშენი ახლა" და სხვა.
ისიც უნდა ვიცოდეთ ჩვენ სად როდის, როგორ და ვისთან ვაძლევთ ბავშვს შენიშვნას, რომელიც ყოველთვის "მე" შეტყობინებით უნდა იყოს და შენი განცდა გადასცე. შენიშვნას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება. ბავშვმა ურთიერთობაში ყოველთვის უნდა განიცადოს საკუთარი თავის მნიშვნელობა. მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის მშობელს უპირობოდ უყვარს და თუ იწუნებს, მშობელი შეწუხებულია იმ ქცევის გამო, რომელიც მოხდა და არა მისი პიროვნების გამო.
როდესაც ბავშვს რაიმეში წარუმატებლობა აქვს, ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება მოიქცეს მშობელი?
ბავშვის წარუმატებლობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბავშვში ვერ აღმოვაჩინეთ ის სფერო, სადაც მისი შესაძლებლობები წარმატების საფუძველი იქნება. წარმატება იმას ნიშნავს, არის სხვადასხვა ტიპის ნიჭი მათემატიკისადმი, ჰუმანიტარული სფეროს მიმართ, შეიძლება ცეკვის, სიმღერის, ხატვის მიმართ, თუმცა ძალიან ხშირად, მშობლებს, რომელთაც ბავშვობაში რაღაც სფეროში წარმატების მიღწევა სურდათ ან რაც მოსწონთ, შვილები იქ უნდათ, რომ მიიყავანონ. ამ დროს ეს ბავშვი ინდივიდუალურია და მას თავისი სპეციფიური დამახასიათებელი ნიჭიერება შეიძლება რაღაც სფეროში ჰქონდეს. ეს უნდა აღმოვაჩინოოთ და უნდა ვიპოვნოთ. ის, რომ თვითონ მშობელს სურს, ამა და ამ მიმართულებით განავითაროს ბავშვის შესაძლებლობები, ეს არის ბავშვზე გარკვეული ფსიქოლოგიური ძალადობა.
თუ ბავშვი რომელიმე სფეროში წარუმატებლობას დაინახავს, თავისი ძალების მიმართ უნდობლობა დაეუფლება და შემდგომ მის განვითარებასა და პიროვნების ჩამოყალიბებაში ეს ძალიან ნეგატიურ ეფექტს მოახდენს, ამიტომ ბავშვის შესაძლებლობების აღმოჩენას და მერე ამ მიმართულებით მის განვითარებას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება. მშობლებმა თავიანთი სურვილები უნდა შეაჩერონ, იმიტომ რომ ბავშვი მათი შვილია, მაგრამ ის არის დამოუკიდებელი, განუმეორებელი, უნიკალური და ერთადერთი, მას თავისი სამყარო აქვს.