5 ძირითადი მიზეზი, რის გამოც თანამშრომლები სამსახურებიდან მიდიან
თანამშრომლები სამსახურიდან ბევრი მიზეზით მიდიან: მიჰყვებიან მეწყვილეებს ან პარტნიორებს საცხოვრებლად სხვა ადგილას, რჩებიან სახლში ბავშვებთან, იცვლიან პროფესიას ან უბრუნდებიან სწავლას. ამ მიზეზებთან გამკლავება დამსაქმებელს ნამდვილად გაუჭირდება, რადგან პროცესში ცხოვრებისეული მოვლენებია ჩართული და სამსახურს მიღმა არსებული ფაქტორები.
თუმცა, მიზეზების ძირითადი ნაწილი, რის გამოც დასაქმებული თავის სამუშაო ადგილს ტოვებს, დამსაქმებლის კონტროლს ექვემდებარება. რეალურად, ამჟამინდელი სამუშაო ადგილის ნებისმიერი ელემენტი, იქნება ეს კულტურა, გარემო, დასაქმებულის მიერ სამუშაოს აღქმა, შესაძლებლობები - ყველა ის ფაქტორია, რომლებზეც დამსაქმებელს გავლენის მოხდენა შეუძლია.
საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დამსაქმებელმა თანამშრომელი შეინარჩუნოს, არის მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება და იმის ცოდნა, თუ რას ფიქრობს მის კომპანაში დასაქმებული თითოეული ადამიანი; არიან თუ არა ისინი კმაყოფილები და ბედნიერები იმით, რასაც აკეთებენ? დაკმაყოფილებულია თუ არა მათი საჭიროებები? აქვთ თუ არა მათ საჭირო რაოდენობის კომუნიკაცია, იღებენ თუ არა შესაბამის უკუკავშირს, შეუძლიათ თუ არა ხელმძღვანელთან პრობლემებთან დაკავშირებით კონსტრუქციული საუბარი და არიან თუ არა აღიარებულები ისე, როგორც ეს მათ სჭირდებათ?
თუ დამსაქმებელი თანამშრომელთან კონტაქტს ინარჩუნებს, ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მის შენარჩუნებას შეძლებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, დამსაქმებელმა დასაქმებულის შენარჩუნებაზე ყოველდღიურად უნდა იფიქროს და ყოველდღე უნდა გასცეს მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი - არის თუ არა სამსახურში მოქმედი სისტემა, პროცესები და მოთხოვნები თანამშრომლის განვითარების ხელშემწყობი?
ეს ყველაფერი დამსაქმებელს შეუძლია თავად თანამშრომელს ჰკითხოს. სპეციალისტები დამსაქმებლებს ურჩევენ, ჩაატარონ თანამშრომლებთან მცირე ინტერვიუები იმის განსასაზღვრავად, თუ რა მოსწონთ და რატომ რჩებიან თანამშრომლები მათ კომპანიაში. ამის შემდეგ დამსაქმებლებმა მხედველობაში უნდა იქონიონ ის ფაქტორები, რომლის გამოც დასაქმებულები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღე სამსახურში ბრუნდებიან.
თანამშრომლები ახალი სამსახურის ძებნას გარკვეული მიზეზით იწყებენ. გაარკვიეთ, რა უძღოდა წინ თანამშრომლის სამსახურიდან წასვლას.რა თქმა უნდა, კონკრეტულ ადამიანს გამორჩეული შესაძლებლობა მოულოდნელად ეძლევა და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა მსგავსი განსაკუთრებული შესაძლებლობის შექმნა კომპანიის შიგნითაც შესაძლებელია - გაიგეთ რას ნიშნავს თქვენი თანამშრომლისთვის წინსვლა და თქვენვე შეუქმენით მსგავსი საფუძველი, რათა მისი შენარჩუნება შეძლოთ.
წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, თუ რატომ მიდიან თანამშრომლები სამსახურიდან. დამსაქმებელს ყველა მიზეზთან გამკლავება შეუძლია, თუ კომპანიაში მომუშავე პერსონალის შენარჩუნება სურს.
1. ურთიერთობა ხელმძღვანელთან
დასაქმებულებს არ სჭირდებათ, რომ ხელმძღვანელთან იმეგობრონ, მაგრამ მათთან გარკვეული ურთიერთობა ნამდვილად ესაჭიროებათ. ხელმძღვანელს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს დასაქმებულის სამუშაო გრაფიკში იმისთვის, რომ მასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს. ხელმძღვანელი იძლევა მიმართულებას და უკუკავშირს, ხარჯავს დროს პირისპირ შეხვედრაზე და აკავშირებს თანამშრომელს უფრო დიდ ორგანიზაციასთან. ცუდი ურთიერთობა ხელმძღვანელთან ამცირებს თანამშრომლის ჩართულობას, თავდაჯერებულობასა და ერთგულებას საქმისადმი.
სპეციალისტების განმარტებით, ცუდი ხელმძღვანელი თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის ნომერ პირველი მიზეზია.
2. მოსაწყენი სამუშაო, გამოწვევების გარეშე
არავის სურს ისეთი საქმე აკეთოს, რომელიც მობეზრდება და იგრძნობს, რომ გამოწვევების წინაშე აღარ დგება. თუ სამსახურში გყავთ ასეთი თანამშრომელი, მაშინ მას ინტერესის ახალი სფეროს პოვნაში უნდა დაეხმაროთ. ყველა დასაქმებულს სურს, რომ თავისი სამუშაოთი გატაცებული იყოს და სიამოვნებას იღებდეს - ისინი ხომ სამუშაო ადგილას ფაქტობრივად დროის მესამედს ატარებენ, ბევრ დროს კი სამსახურში წასასვლელად ხარჯავენ და რიგ შემთხვევაში, გრძელ გზასაც გადიან სახლიდან ოფისამდე მისასვლელად. რჩევა დამსაქმებლებს: იმუშავეთ მჭიდროდ თქვენს თანამშრომლებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა ჩართულია სამუშაო პროცესში, კმაყოფილები არიან თავისი საქმით და დგებიან გამოწვევების წინაშე, რათა თავისი უნარების მაქსიმალური კონტრიბუცია მოახდინონ და რაიმე ახალი შექმნან. სხვა შემთხვევაში, ისინი წავლენ იმ დამსაქმებლებთან, რომლებიც ამ რჩევებს ზედმიწევნით ითვალისწინებენ.
3. ურთიერთობა თანამშრომლებთან
ჯანსაღი სამუშაო გარემოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი თანამშრომლებს შორის ურთიერთობაა. როდესაც კომპანიის ერთ-ერთ წევრს სამსახურში საუკეთესო მეგობარი ჰყავს, ეს მის შენარჩუნებაში გეხმარებათ. თუ მათ შორის პრობლემა შეიქმნა და ხვდებით, რომ ისინი ამას დამოუკიდებლად ვერ აგვარებენ, შეიმჩნიეთ და შეძლებისდაგვარად ჩაერიეთ, რათა ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნოთ.
4. შესაძლებლობა, რათა დასაქმებულმა გამოიყენოს თავისი უნარები
როდესაც თანამშრომელს სამსახურში თავისი შესაძლებლობებისა და უნარების გამოყენების საშუალება აქვს, ის სიამაყეს, კმაყოფილებასა და თავდაჯერებულობას გრძნობს. ის აქტიურად მოინაწილეობს იმ აქტივობებში, რომლებსაც წარმატებით უმკლავდება და რომლებიც აძლიერებს მის უნარებს კიდევ უფრო მეტად. თანამშრომლებს სურთ თავისი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და თუ ისინი ამას არსებულ სამსახურში ვერ ახერხებენ, ისეთი სამუშაოს ძებნას იწყებენ, სადაც მათ ხელს შეუწყობენ. როგორც დამსაქმებელი, დარწმუნდით, რომ მათთან ამ საკითხებზე საუბრობთ და მათი იმედებისა და ოცნებების შესახებ იცით.
5. თანამშრომლის საქმიანობის წვლილი ორგანიზაციის ბიზნეს მიზანში
მენეჯერი უნდა იჯდეს და თითოეულ თანამშრომელთან უნდა განიხილოს კომპანიის თითოეული წევრის სამუშაოს რელევანტურობა და მისი მნიშვნელობა ორგანიზაციის ბიზნეს გეგმის განხორციელების გზაზე. დასაქმებულს სჭირდება, რომ იგრძნოს კავშირი და იგრძნოს, რომ არის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, ვიდრე ეს მხოლოდ მისი სამუშაოა. მათ სჭირდებათ დამსაქმებლის დახმარება, რათა თავისი სამუშაო დააკავშირონ კომპანიის ფართო სურათთან. თუ ისინი ამ ფართო სურათის ნაწილი არ იქნებიან, მათ აუცილებლად დაკარგავთ. თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე გარკვეული ავტონომია და დამოუკიდებლობა სჭირდებათ, მაგრამ ამასთანავე სჭირდებათ იმის აღქმა, რომ მათი სამუშაო მთელი კომპანიისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთი მიზეზი, რამაც შესაძლოა, თანამშრომელს სამსახურიდან წასვლა აიძულოს, შრომის შეუსაბამო ანაზღაურება და კომპანიის არასტაბილური ფინანსური მდგომარეობაა. თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმის განცდა, რომ მისი შრომა არაპროპორციულად ანაზღაურდება. ასევე ისიც, თუ მისი სამუშაო საათები პერმანენტულად იცვლება - იზრდება ან მცირდება. ეს ყველაფერი კომპანიის ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს თუ თანამშრომლების დაკარგვა არ სურს.