
1930-იან წლებში თბილისის საბჭოთა ქალაქგეგმარების შედეგად მრავალი ადგილი გაქრა. სასაფლაოები პარკებით ჩანაცვლდა, ან სრულიად განადგურდა, რამაც ქალაქის წარსული ნაწილობრივ გააქრო. გთავაზობთ თბილისის ადგილებს, რომელთა წარსულში არსებობის შესახებ, შესაძლოა არ იცოდეთ:
ვერის ბაღი
ვერის ბაღი ვერის უბანში მ. კოსტავასა და ნ. ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. ადრე ამ ტერიტორიაზე გაშენებული ბაღები ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შესართავამდე ვრცელდებოდა. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. 1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ ვერის უბნის დიდი ნაწილი მოიცვა, საქართველოს ეგზარქოსის თანხმობით ქალაქის მთავრობამ სასაფლაო გააუქმა და ბაღის მოწყობა დაიწყო. ვერეს ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია დანიელ ჭონქაძისა და მისი მეუღლის, აგრეთვე ლავრენტი არდაზიანის საფლავები.
9 აპრილის ბაღი
ყოფ. ალექსანდრეს ბაღის ქვედა ტერასაზე ძველად მოწყობილი იყო ცხენების სარბიელი (ასპარეზი). ზედა ტერასაზე, ქაშუეთის ეკლესიასა და გ. ჭანტურიას ქუჩას შორის კი გვიან შუა საუკუნეებში ქართული სასაფლაო იყო. დაახლოებით ახლანდელ თაბუკაშვილის ქუჩის გასწვრივ კი განლაგებული იყო აგურის მცირე საწარმოების (აგურხანების) რიგები. ისინი შემდეგ კავკასიის მთავარმმართებლის ალექსანდრე ერმოლოვის ბრძანებით მოშალეს, რადგან გზას აზიანებდა.
იხილეთ თბილისის ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობები
ბოლშევიკური საფლავები
1923 წლის ოქტომბერში ალექსანდრეს ბაღში ქართული კომკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ბორის ძნელაძე დაკრძალეს. 7 წლის თავზე კი მის საფლავზე ქანდაკებაც აღმართეს. ალექსანდრეს ბაღში, ზედა ტერასაზე ჯორჯაძის ქუჩის პირას იდგა კიდევ ერთი ბოლშევიკის ლადო (ვლადიმერ) კეცხოველის ბიუსტი, იგი 1998 წელს აიღეს და მის ადგილზე 2003 წლიდან დგას ლადო გუდიაშვილის ძეგლი. რაც შეეხება ალექსანდრეს ბაღის სხვა ბოლშევიკურ საფლავებს: 1923 წელს ბაღში, ზედა ტერასაზე, ეგნატე ნინოშვილის ძეგლის უკან დაკრძალეს გურიაში წითელარმიელთა სადამსჯელო რაზმის მეთაურები საშა ობოლაძე, სანიკიძედა ჩუბინიშვილი.
თბილისის ბოტანიკური ბაღი
ამ ადგილას, რომელიც 19-ე საუკუნემდე სამეფო ბაღად მოიხსენიებოდა, მუსლიმური სასაფლაო იყო განთავსებული. ამ სასაფლაოზე კრძალავდნენ ყველა თბილისელ მუსლიმს, ამდენად სასაფლაო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა.
1950-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ საფლავთა უმეტესობა ტრაქტორებით მოასწორა და მხოლოდ რამდენიმე გამოჩენილი პირის საფლავი დატოვა. მაშინვე გაანადგურეს სასაფლაოზე მდგარი მცირე მეჩეთის შენობაც. მოგვიანებით ხელუხლებლად დატოვებულ რამდენიმე საფლავს პანთეონის სტატუსი მიანიჭეს. დღეისათვის ბოტანიკურ ბაღში მდებარე აზერბაიჯანულ პანთეონში განისვენებენ მირზა ფათალი ახუნდოვი, მირზა შაფი, აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისელი და სხვები. დღესდღეისობით სასაფლაოსგან თითქმის არაფერია დარჩენილი.
ხოჯევანქის სასაფლაო
იგი სომხების სასაფლაოდ იყო ცნობილი. ამ სახელწოდებით მოაღწია ავლაბარში ბოლო დრომდე არსებულმა მე-17 საუკუნის სომხურმა ეკლესიამ. სახელწოდება თბილისელებმა ეკლესიის მიმდებარე ძველ სომხურ სასაფლაოზეც გაავრცელეს. ეს სასაფლაო იხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის წყალობის წიგნში. მეფე როსტომმა 1654 წელს ზარაბთუხუცესს, ხოჯა ბეჰბუდას, უწყალობა მიწა სასაფლაოს გვერდით (ხოჯა ბეჰბუდა, ბებუთაშვილების საგვარეულოს დამაარსებელი, თავისი დროის გამოჩენილი და მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ისტორიული წყაროები მას მიაწერენ მდინარე ვერეზე ხიდის მშენებლობასაც). ამასთან, ირკვევა, რომ ეს სასაფლაო ხოჯა ბეჰბუდას წინაპრების ყოფილა.
ახლად მიღებულ მიწაზე, მახათას მთის ძირას, მეფის დასტურით, ხოჯა ბეჰბუდა ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიას აშენებს, რომელსაც თბილისელებმა "ხოჯავანქი" შეარქვეს, შემდგომში კი ამ სახელწოდებამ სასაფლაოც მოიცვა. ეს ეკლესია თბილისის გეგმაზე ვახუშტი ბატონიშვილს აღნიშნული აქვს "მელიქის საყდრის" სახელით. ხოჯა ბეჰბუდამ აქვე ბაღიც გააშენა, რომლის სარწყავად წყალი მთის ძირიდან გამოუყვანია. ამ ბაღს ვახუშტი "ბებუთას ბაღს" უწოდებს. ხოჯავანქის ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესია 1936 წელს თბილისის ამ უბნის რეკონსტრუქციისას აიღეს; ასევე, მთლიანად აიღეს სასაფლაო, ხოლო საფლავის ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენოს ცირკთან არსებული ბორდიურების, მესხიშვილის ქუჩაზე რამდენიმე შენობის, ასევე, მშრალ ხიდთან არსებული სკვერისა და ბარათაშვილის აღმართის მოპირკეთების დროს. მოგვიანებით ამ ადგილას გააშენეს "მეგობრობის ბაღი" მარგამ 1990-იან წლებში არც ბაღისგანაც იყო ბევრი რამ დარჩენილი.
ავტორი: ანი ბერუაშვილი