5 ყველაზე უცნაური მსოფლიო რეკორდი, რაც საქართველოში დაუმყარებიათ | Allnews.Ge

5 ყველაზე უცნაური მსოფლიო რეკორდი, რაც საქართველოში დაუმყარებიათ

მსოფლიო რეკორდსმენთა სიაში უკვე არაერთი ქართველი ფიქსირდება. ამ დროისთვის ქართველების მიერ 78 მსოფლიო რეკორდია დამყარებული. Allnews.ge რამდენიმე რეკორდსმენს გაგაცნობთ.

ანა ლომინაძე - ერთადერთი ქართველი ქალი მსოფლიო რეკორდსმენია. პირველი რეკორდი მან 2012 წელს 17 წლის ასაკში დაამყარა – ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში შეუსვენებლად, 47 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტის 5.5–კილომეტრიანი მონაკვეთი და ამ შედეგით "რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების წიგნშიც" მოხვდა. ქართველი რეკორდსმენის შესახებ ინფორმაცია THE WEEK-ის სტატიაშიც გამოქვეყნდა.

BMW - საქართველოს BMW კლუბმა მსოფლიო რეკორდი 2012 წელს დაამყარა. მათი ორგანიზებით რუსთავის ავტოდრომზე BMW-ს მარკის 357 ავტომობილი ერთდროულად შეიკრიბა.

გურამ უსტიაშვილი - ქართველი ძალოსანია, რომელმაც კბილებით 4 მეტრსა და 37 სანტიმეტრზე გასწია ერთმანეთზე გადაბმული სამი მსუბუქი ავტომობილი და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გურამ უსტიაშვილი პირველია მსოფლიოში, რომელმაც სამი ავტომობილის კბილებით გაწევა შეძლო. მოგვიანებით ძალოსანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მან ერთმანეთზე გადაბმული ოთხი ავტომობილი კბილებით გაათრია.

ვახტანგ (ვატო) აბაშიძე - რეკორდსმენი მხატვარია, რომელმაც მორიგი მსოფლიო რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა: მან 200–ნიშნა რიცხვიდან 99–ე ხარისხის ფესვი უმოკლეს დროში გამოიანგარიშა. გარდა ამისა, მას გაუმჯობესებული აქვს აბსტრაქტული ნახატების რაოდენობაც, რომელთა ჯამი უკვე 15 000–ს აჭარბებს. მოცემული რიცხვიდან ვახტანგ აბაშიძემ 99–ე ფესვის გამოთვლა ზუსტად 2 წუთში, 35 წამსა და 31 მეასედში მოახერხა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა.

კუკური სალბიშვილი - ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი პატიმარია. მის სახელს ორი მსოფლიო რეკორდი უკავშირდება. მან ზედიზედ 42 აზიდვა შეასრულა იოგას ერთ-ერთ პოზაში "ბაკასანა", რომლის დროსაც სხეულის წონასწორობა მხოლოდ ხელებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. მანვე მარჯვენა ხელის შუათითზე ზედიზედ 25-ჯერ აზიდვით საკუთარი წინა შედეგი 8 ერთეულით გააუმჯობესა.