გაიცანით ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი, რომელიც დაბერების შენელებაზე მუშაობს
მეცნიერებმა სიბერის დამუხრუჭებისა და სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გახანგრძლივების გზას მიაგნეს. მკვლევართა შორის, რომლებიც ამ საკითხზე 15 წლის განმავლობაში მუშაობენ, ქართველი მეცნიერი თამარ ჭყონიაც არის, რომელსაც Allnews.ge კვლევასთან დაკავშირებული დეტალების გასაგებად და იმის გასარკვევად დაუკავშირდა მართლა შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის გახანგრძლივება.
თამარ ჭყონია მეიოს კლინიკაში კოგოდის სახელობის სიბერის ცენტრში უკვე 11 წელია მუშაობს და მონაწილეობს კვლევაში, რომლის მთავარი საგანი სიბერის იმ მექანიზმების შესწავლაა, რომლებიც წინ უსწრებს და განაპირობებს დაბერების პროცესს.
"არის მთელი რიგი კვლევები რომლებმაც აჩვენეს, რომ უჯრედულ დონეზე მიმდინარე დაბერების პროცესების ან მექანიზმების მანიპულირება შეიძლება, რათა დავამუხრუჭოთ, შევაჩეროთ ეს პროცესები და გავახანგრძლივოთ არა მარტო სიცოცხლე, რაც იყო კიდეც სიბერის კვლევის მიზანი, არამედ ის პერიოდი, როდესაც ადამიანი არის უფრო ქმედითუნარიანი და ჯანსაღი, ანუ შევზღუდოთ ის პერიოდი რომლის ატრიბუტები არის მრავალი ქრონიკული დაავადება, ასაკობრივი დაძაბუნება და დამოუკიდებლობის დაკარგვა. მართალია მეცნიერების პროგრესმა გაზარდა საერთოდ კაცობრიობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ ამ გახანგრძლივებულ სიცოცხლეს თან ახლავს მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომელთა მენეჯმენტი მეცნიერებამ შეძლო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ამ მიმართულებით კვლევა უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ მოვახერხეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მენეჯმენტი, აღვკვეთეთ მთელი რიგი ინფექციური დაავადებები, მაგრამ ამჯერად კვლევის მიზანი არის ის, რომ გავახანგრძლივოთ პერიოდი, სანამ ადამიანს ამ დაავადებების პირველი შეტევა ექნება",- განმარტა თამარ ჭყონიამ.
რა გზას მიაგნეს მკვლევარებმა სიბერის დამუხრუჭებისა და სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გახანგრძლივებისთვის?
მოკლედ რომ ვთქვათ, მკვლევარებმა ე.წ სინესენტური უჯრედების ელიმინაციის საშუალებას მიაგნეს.
რა არის ე.წ სინესენტური უჯრედები და რატომ არის საჭირო ორგანიზმის მათგან გათავისუფლება?
"სინესენტური უჯრედები არის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა სტრესის საპასუხოდ ჩნდება. თუ უჯრედი დაზიანდა ონკოგენური სტრესით, დნმ-ის დამაზიანებელი აგენტებით ან სხვა მიზეზით, უჯრედი ან იღუპება, ან გადადის ე.წ სინესენტურ მდგომარეობაში.
ეს არის ერთგვარი თავდაცვის საშუალება იმისთვის, რომ დაზიანებული უჯრედი არ გამრავლდეს. მაგრამ ასაკთან ერთად სინესენტური უჯრედების რაოდენობა იმატებს და იმუნური სისტემა მსგავსი უჯერედებისგან გათავისუფლებას ვეღარ ახერხებს. ეს უჯრედები მდგრადი არიან თვითგანადგურების მიმართ, ისინი თავს იცავენ, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის ამას როგორ ახერხებენ. ამიტომ ხდება მათი აკუმულაცია. გარდა იმისა, რომ ეს უჯრედები სიცოცხლისუნარიანები არიან, ამასთანავე გამოყოფენ ძალიან მავნე ნივთიერებებს - ციტოკინებს, ქსოვილის სტრუქტურის მოდიფიკაციის ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მეზობელი ნორმალური უჯრედების ფუნქციონირებაზე. ეს აისახება ჯერ უჯრედისა და ქსოვილის, შემდეგ კი ორგანოების დისფუნქციაში. როდესაც ამ უჯრედების რაოდენობა გარკვეულ დონეს აღწევს, ეს უკვე სისტემურ დეფიციტში აისახება. ამავე დროს ე.წ სინესენტური უჯრედები არა მხოლოდ სიბერეს ახლავს თან, არამედ სხვადასხვა დაავადების პათოგენეზშიც იღებს ძალიან დიდ მონაწილეობას. ამიტომ თუ ამ უჯერედებისგან გათავისუფლებას შევძლებთ, ვუმკურნალებთ არა ერთ დაავადებას, არამედ იმ პათოლოგიურ პროცესებს, რომლებიც წინ უძღვბის ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიც არის ოსტეოპოროზი, დიაბეტი, სარკოპენია და ა.შ."- თქვა მეცნიერმა Allnews.ge-სთან საუბარში.
როგორ აპირებენ მკვლევარები ე.წ. სინესენტური უჯრედებისგან ორგანიზმის გათავისუფლებას?
"ჩვენმა ჯგუფმა აღმოაჩინა და პირველად სამეცნიერო ლიტერატურაში ჩვენ მიერ იქნა წარმოდგენილი ე.წ სენოლიტიკები, ფარმაკოლოგიური ნაერთები, რომლებსაც შეუძლიათ ამ უჯრედების ელიმინაცია ანუ ამ უჯრედების მოკვლა. ექსპერიმენტულ მოდელებში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ როდესაც ამ უჯრედებისგან გათავისუფლდება, მაგალითად, ექსპერიმენტული თაგვი, ასაკთან დაკავშირებული დაძაბუნება გამოსწორდა და მთელი რიგი პათოლოგიები შეჩერდა",- განმარტა თამარ ჭყონიამ.
მეცნიერი საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ სენოლიტიკები ხელმისაწვდომია და მათი ყიდვა შეიძლება, მათი ისეთი დოზით მიღება, როგორითაც ეს ეფექტურია ექსპერიმენტულ მოდელში, არ შეიძლება.თამარ ჭყონიას თქმით, კლინიკური გამოცდები მიმდინარეობს და მათ დასრულებამდე უცნობია ეფექტურია თუ არა აღნიშნული მედიკამენტები ადამიანების შემთხვევაში.
ამასთანავე მეცნიერი ამბობს, რომ სენოლიტიკური კოქტეილის ერთ-ერთი კომპონენტი ფლავანოიდებია, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით არის ვაშლის კანსა და მარწყვში, თუმცა ეფექტური დოზა რომ მივიღოთ დაახლოებით 5 კილოგრამი მარწყვი უნდა ვჭამოთ ერთ ჯერზე, რაც სავარაუდოდ სხვა პრობლემებს გამოიწვევს.
თამარ ჭყონიას განმარტებით, კვლევის ყველაზე საინტერესო შედეგი ის არის, რომ დაახლოებით 80 წლის ადამიანის ექვივალენტ ექსპერიმენტულ მოდელში, როდესაც ცდის ობიექტის სენოლიტიკებით მკურნალობა მოხდა გახანგრძლივდა არა მხოლოდ საცდელი თაგვის სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ ის პერიოდი, როდესაც ეს წრუწუნები უფრო ქმედითუნარიანები და აქტიურები არიან. ამასთანავე მათ მოახერხეს არა ერთი რომელიმე კონკრეტული დაავადების მკურნალობა, არამედ შეძლეს ყველა ორგანოს ფუნქციონირების გაუმჯობესება.
თამარ ჭყონია მიიჩნევს, რომ კვლევამ, რომელზეც მეცნიერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს, თუ გაამართლა კლინიკურ გამოცდაში, შესაძლოა, მედიცინაში ტრანსფორმაცია მოახდინოს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი მაინც ამბობს, რომ მათ მიერ გაწეული შრომა და აკუმულირებული ინფორმაცია უკვალოდ არ ჩაივლის და დადებითი ან უარყოფითი გამოცდილება იქნება მომავალი თაობისთვის.