
ბრიტანულმა არქიტექტურულმა კომპანია Gresham Yacht Design-მა ფუტურისტული იახტის პროექტი წარადგინა, რომლის ანალოგი ჯერჯერობით შექმნილი არაა.
არქიტექტორების ჯგუფმა მას Thor Explore უწოდა. CNN-ის ინფორმაციით, ისინი პროექტის განსახორციელებლად ახლა ინვესტორს ეძებენ და შეთანხმების დადების შემდეგ მის აგებას დაიწყებენ.
როგორც ცნობილია, იახტა საკმაოდ დიდი - 100 მეტრის სიგრძის იქნება და მის მშენებლობას სავარაუდოდ, 4 წელი დასჭირდება. მისი ინტერიერი ძირითადად მინისგან დამზადდება. იახტის სალონის იატაკი და კედლების უმეტესობა გამჭვირვალე იქნება.
Gresham Yacht Design-ის მტკიცებით, თუ იახტის მფლობელი ჩათვლის, რომ ის ზედმეტად „გამჭვირვალეა“ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მას შეეძლება იატაკი და ჭერი მინიდან დახურულზე გადაიყვანოს.
ამასთან, Thor Explore-ს საკმაოდ დიდი საცურაო აუზი და აკვარიუმი ექნება, სადაც სხვადასხვა სახეობის თევზები და წყალმცენარეები განთავსდებიან. იახტა საერთო ჯამში 36 ადამიანზე იქნება გათვლილი.
CNN-ის ინფორმაციით, იახტის ფარეხში მისი მფლობელის სურვილის შესაბამისად რამდენიმე კატერი და მყვინთავის აღჭურვილობა განთავსდება.
კომპანია Gresham Yacht Design-ს ჯერჯერობით არ დაუსახელებია თუ კონკრეტულად რა დაჯდება იახტის აგება. ისინი ფიქრობენ, რომ Thor Explore-ის მომავალი მფლობელის ინტერესის გათვალისწინებით ისინი გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე იახტებზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან მდიდარი ადამიანებისთვის სუპერიახტები უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.