"ვაკე თბილისს მხოლოდ 1907 წელს შემოუერთდა"- ქალაქის პრესტიჟული უბნების მოკლე ისტორია
თბილისის ისტორიაში თითქმის ყველა ეპიზოდი საინტერესოა, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური თუ გარეუბნების დაარსებისა და განაშენიანების ამბავი.
ამიტომ გვინდა, ისტორიას XIX საუკუნიდან მოვყვეთ და დღევანდელობამდე მოვიდეთ. ამჯერად მთავარი აქცენტები კი თბილისის ისეთ ცენტრალურ უბნებზე გავაკეთოთ, როგორიც არის, ვაკე-საბურთალო. რა უძღოდა წინ ამ პრესტიჟული უბნების გაშენება-განვითარებას?
თემის გაშლა კი ისტორიის დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ალექსანდრე ბოშიშვილს ვთხოვეთ:
- თბილისი მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, ანუ თბილისის ქვაბულშია გაშენებული და ბუნებრივია, მთელი ისტორიის მანძილზე, ქალაქის გაფართოება, მდინარის სანაპიროებს მიუყვებოდა.
XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც თბილისი კავკასიის ცენტრად გამოცხადდა და რუსი მთავარმართებლებისა და მეფისნაცვლების სამყოფელს წარმოადგენდა, იმ დროიდან, საქართველოს ისტორიის ფეოდალურ ეპოქაში ქალაქმა გაშენება შემოსაზღვრული კედლების გარეთ დაიწყო, პირველად, ციხის კედლის მიღმა არსებული "გარეთუბანი" (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) იქნა ათვისებული, მალე მის გაყოლებაზე, მთელი პროსპექტი გაშენდა და ქალაქმა, მანამდე მისგან ოდნავ მოშორებულ სოფელ ვერემდეც მიაღწია.
XIX საუკუნეში გაშენებული უბნები, დღევანდელი რუსთაველის გამზირი, მთაწმინდა და სოლოლაკი, მეფისნაცვლის, ქართველი დიდებულების, ქალაქისა და მთლიანად, ქვეყნის მმართველი ელიტის, ასევე დიდვაჭრების საცხოვრებელი იყო, შესაბამისად ისინი იმ დროს, უკვე ყველაზე პრესტიჟულ უბნებად მიიჩნეოდა. ერთმანეთის მიყოლებით შენდებოდა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული სახლები, რომელთაც, მოგვიანებით ცნობილი მხატვრები ხატავდნენ და ა.შ.
- ქალაქი, როგორც ცნობილია, მტკვრის მეორე მხარესაც განვითარდა...
- რა თქმა უნდა, მეორე კედლიდანაც გავიდა, და იქაც გაჩნდა ახალი უბნები და დასახლებები, სადაც შედარებით დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, ამიტომ ამ უბნებმა (ავლაბარი, ელია და სხვა) ისეთი სტატუსი ვერ მოიპოვა, როგორიც სოლოლაკმა, გოლოვინის პროსპექტმა (დღევანდელი რუსთაველის გამზირი), მთაწმინდამ...
- სოფელი ვერე ახსენეთ. მასზე უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ...
- დიახ, XIX საუკუნის ბოლოს და განსაკუთრებით, XX საუკუნის პირველ ნახევარში, თბილისი ორივე მიმართულებით ფართოვდებოდა და გოლოვინის პროსპექტის გაგრძელებაზე, ყველაზე ადრე ქალაქმა ვერე შთანთქა, რომელიც მანამდე თავისი ბაღებით იყო ცნობილი და ქალაქს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებდა.
ვერე ისტორიულ წყაროებში XIII საუკუნიდან ჩანს, ამავე პერიოდშია აგებული "ლურჯი მონასტერიც". იქ XIX საუკუნეში ახალი უბნები გაჩნდა (ვარდისუბანი, ვაკე, საბურთალო), რომლებიც მდინარე ვერეს ხეობაში იყო განლაგებული. სოფელ ვერეში XIX საუკუნის 80-იან წლებში დაწყებულმა ქალაქური საცხოვრებელი სახლების განაშენიანებამ, საუკუნის ბოლოს უკვე ვაკის საზღვარს (ვარაზის ხევს) მიაღწია. ვარაზის ხევი, როგორც სახელიც გვეუბნება, იმ დროს უზარმაზარ ხევს წარმოადგენდა.
- და XX საუკუნეში ქალაქი უკვე ახალი გამოწვევების წინაშე დადგა?
- XX საუკუნეში ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად, ქალაქის გაფართოება და განაშენიანება ყველა დროში აქტიურად მიმდინარეობდა.
ვარაზის ხევზე დიდი ხიდი იყო გადებული, ხოლო ხევის გაღმა სათავადაზნაურო გიმნაზიის, დღევანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. როგორც ჩანს, ამ უბნის შემდგომ განვითარებას და მისი, როგორც ქალაქის პრესტიჟულ, განვითარებულ და კეთილმოწყობილ უბნებად ჩამოყალიბებაში უნივერსიტეტის მშენებლობამ დიდი როლი შეასრულა.
განათლების ამ ტაძრის აშენებიდან ძალიან მალე, 1907 წელს, ვაკე თბილისს შემოუერთდა. მისი ინტენსიური განაშენიანება კი XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ დაიწყო, ხოლო ვარაზის ხევის ამოვსების შემდეგ კი ვაკე ფართო ქუჩით ქალაქის სხვა ცენტრალურ რაიონებსაც დაუკავშირდა. დღეს ის ერთ-ერთი დიდი საცხოვრებელი რაიონია, სადაც საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები აშენდა. საცხოვრებელი სახლების უმეტესობა საბჭოთა კავშირი-გერმანიის ომის (1941-1945 წწ.) წინა პერიოდში (არქიტექტორები: ნ. სევეროვი, ი. მეგელი, გ. ხიმშიაშვლი, ნ. ლეონტიევი, ა. კოჩინაშვილი, გ. ჯანდიერი) აიგო, რადგანაც იქ სახლების უმეტესობა საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენდა.
ამიტომ შეიძლება გვეფიქრა, რომ ამ უბნის დაწინაურება საბჭოთა ხელისფლების მესვეურთა სურვილის, ანდა, რაიმე გადაწყვეტილების გამო მოხდა, ეს ასეც რომ ყოფილიყო, უნივერსიტეტის აქ აშენებით ამ საქმეს უკვე საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი.
- ვაკეში თავდაპირველად მთავარ ქუჩას რა ერქვა?
- მთავარ ქუჩას წყნეთის გზა წარმოადგენდა და მას მოგვიანებით წყნეთის ქუჩაც ეწოდა, იგი დაახლოებით დღევანდელი ფილარმონიიდან იწყებოდა და წყნეთამდე გრძელდებოდა. აღნიშნული ქუჩა 1867 წელს უკვე არსებობდა, XX საუკუნის 20-იან წლებში მას უნივერსიტეტის ქუჩა დაერქვა და ამ სახელით არის დატანილი იმ დროს შედგენილ თბილისის გეგმებსა და რუკებზე, ხოლო 1935 წელს ის ნიკო მარის ქუჩა გახდა, 1950-იან წლებში ცოტა ხანს უნივერსიტეტის სახელი დაუბრუნდა, ხოლო 1957 წლიდან მას ილია ჭავჭავაძის სახელი მიანიჭეს, დაბადებიდან 129 წლისა და გარდაცვალებიდან 50 წლის აღსანიშნავად.
- ვარაზის ხევს ალბათ თავის ისტორია აქვს...
- კი, საინტერესო ისტორია აქვს ვარაზის ხევს, რომელიც მართლაც უზარმაზარი ხევი გახლდათ. იგი XX საუკუნის 40-იან წლების ბოლოს იქნა ამოვსებული, მანამდე, როგორც უკვე აღვნიშნე, დღევანდელი პეტრე მელიქიშვილისა და ილია ჭვაჭავაძის გამზირები ვარაზის ხევზე გადებული ხიდით იყო დაკავშირებული. ვარაზის ხევის ზედა ნაწილის ამოვსების შედეგად წარმოიქმნა კ. კეკელიძის ქუჩა, სახელი 1962 წელს ეწოდა, ხოლო 60-70-იან წლებში აქ საცხოვრებელი კორპუსები აშენდა...
დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირის პარალელურად, ვაკეში სხვა ქუჩებიც წარმოიქმნა, რომლებიც დაახლოვებით ერთ პერიოდში გაშენდა. მაგალითად, დღევანდელი ფალიაშვილის ქუჩაც XX საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა, თავიდან ვაკის ქუჩა, ხან ვაკის გამზირი ერქვა, ხოლო 30-იან წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა.
- საბურთალო ვაკის პარალელურად ვითარდებოდა?
- თბილისი ვაკის მიმართულებით გაფართოებით არ კმაყოფილდებოდა და პარალელურად, საბურთალოს განაშენიანებაც მიმდინარეობდა. საბურთალო მტკვრის მარჯვენა მხარეს, დასავლეთით მდებარეობს. მდინარე ვერესა და მტკვარს შორის. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ადამიანი იქ ჯერ კიდევ ძვ.წ. V-IV ათასწლეულში სახლობდა, XI-XIII საუკუნეებში საბურთალო ქალაქისპირა მზარდი უბანი ყოფილა. ხოლო XVII-XVIII საუკუნეებში ვერეს ფარგლებში შედიოდა და მის დაწინაურებულ სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა. საბურთალოს ველის მორიგი დასახლება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. 1917 წელს კი საბურთალო უშუალოდ ქალაქის ტერიტორიული ნაწილი გახდა.
საბურთალოზე XX საუკუნის 20-იან წლებში, დღევანდელი პეკინის, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებისა და მათ ირგვლივ ქუჩების განაშენიანება დაიწყო, მალე ქალაქს შემოუერთდა სოფელი დელისიც. მისი ადრინდელი სახელი გდელისი იყო. ტოპონიმი XVIII საუკუნეში იესე ოსეს ძის თხზულებაში და ვახუშტი ბატონიშვილის 1745 წლის "პეტერბურგულ ატლასშია" დადასტურებული. მოგვინაბეით ბგერა "გ" დაიკარგა და მივიღეთ ტოპონიმი - "დელისი".