საუკუნის პანდემიები, რომლებიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებსაც დღესაც ებრძვის
პანდემია რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში ინფექციური დაავადების გავრცელებაა. ისტორიის მანძილზე დაფიქსირებულია რამდენიმე პანდემია - ყვავილი, ტუბერკულოზი, შავი ჭირი.
ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი პანდემია სწორედ შავი ჭირი იყო, რომელმაც XIV საუკუნეში დაახლოებით 75-200 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამჟამად მსოფლიოში გვაქვს მხოლოდ ორი პანდემია - აივ/შიდსი და ახალი კორონავირუსული დაავადება (COVID-19). ასევე პანდემიებს შორის არის 1918 წლის გრიპის პანდემია (წლების წინ დაავადებამ რამდენიმე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა) და 2009 წლის "ღორის გრიპის" პანდემია (H1N1).
რაც შეეხება უშუალოდ კორონავირუსს, ის უკვე 120 ქვეყანაშია გავრცელებული და ეს რიცხვი დღითიდღე მატულობს. სწორედ ამის გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.
პანდემიები, რომელებიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებთანაც ბრძოლა ისევ გრძელდება.
შავი ჭირი
შავი ჭირის (შავი სიკვდილი) პანდემია XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას (1346—1353), ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას. გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად, ევროპაში გადავიდა. დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და განგაშის მიზეზი გახდა.
მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება, მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს შავდებოდა. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. საერთოდ კი, შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში 60 მილიონი ადამიანი შეიწირა. უფრო მცირე მასშტაბებით პანდემია განმეორდა 1361 წელს („მეორე შავი ჭირი“), 1369 წელს („მესამე შავი ჭირი“) და კიდევ რამდენიმეჯერ.
ეპიდემიის ინფექციური აგენტი იყო ჭირის ბაცილა Yersinia pestis, რაც დაამტკიცა შავი ჭირით დაღუპულთა ნარჩენების გენეტიკურმა გამოკვლევებმა, რომელთა შესახებად ცნობები გამოქვეყნდა 1998 წელს. ძველად არსებობდა სხვა ჰიპოთეზებიც დაავადების გამომწვევი მიზეზის შესახებ.
ყვავილი
ყვავილი უძველესი დაავადებაა, რომელიც ჩვ.წ. აღრიცხვამდე გამოჩნდა იგი ყოველწლიურად 400.000 ადამიანს კლავდა. მისი დამახასიათებელი თვისება - ჭრილობები კანზე. დაავადებას ახასიათბს - ღებინება, ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და სიბრმავე. არსებობს მოსაზრება, რომ ყვავილი გაჩნდა ძველი ეგვიპტური მუმიებისგან, რომ ინდოეთში სწორედ, ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სადაც დაავადებამ 2000 წელზე მეტ ხანს იბოგინა. 19-20 საუკუნეებში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და 1979 წლის დეკემბერში სამუდამოდ განადგურდა. ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.
ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია იწვევს, რაც უმეტესად ფილტვებს აზიანებს. XX საუკუნემდე განუკურნებელი დაავადება იყო.
ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება. ნესტიან ადგილებში, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები დიდხანს ცოცხლობს.
ტუბერკულოზთან ბრძოლა წარმატებულად მიიჩნევა, რადგან დღეს მსოფლიოსთვის ისეთი საშიში აღარ არის, როგორიც გასულ საუკუნეში. საქართველოში ტუბერკულოზმა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იფეთქა.
შიდსი
შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ამ ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.
შიდსით შეიძლება მუცლადმყოფი ბავშვიც, დედის ორსულობის პერიოდში დაინფიცირდეს, ან მშობიარობის დროს, ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც ვირუსს შეიცავს. 1994 წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობა. მეცნიერების მტკიცებით, ვირუსი შიმპანზედან ადამიანში XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში კამერონის ტყეებში გავრცელდა, მდინარე სანაგასთან ახლოს, ან კონგოში. თუმცა ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, აივ გავრცელდა მონადირისგან, რომელსაც ნადირობისას უკბინა შიმპანზემ. ვირუსის დიდ არეალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის კოლონიზაციამ და იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.