იაპონური და ფრანგული ბაღები, სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი | Allnews.Ge

იაპონური და ფრანგული ბაღები, სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია და თუ ყველაფერ გეგმის მიხედვით განხორციელდა, რეკრეაციული ზონა 2022 წლის ზაფხულისთვის პირველი სტუმრების მიღებას შეძლებს.

პროექტზე ჰოლანდიური კომპანია LAP მუშაობს, რომელმაც 2020 წლის დასაწყისში დიზაინის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და ჩვენი დედაქალაქის ცენტრალური პარკის მოწყობის უფლება მოიპოვა. LAPის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღის განმავლობაში პარკი 10 000-დან 15 000-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს.

"ჩვენი მიზანია განვავითაროთ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მიმზიდველი დასასვენებელი ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ განტვირთვას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობებში“, - ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

  • ცენტრალური პარკის კონცეფცია
 

ვინაიდან, ეს არის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, კომპანია გეგმის მიხედვით, ცენტრალური პარკის მოწყობისას ისტორიული კონცეპტი შენარჩუნდება. ვიზიტორების სავალი მთავარი ბილიკი წრიული ფორმის იქნება. ეს ბილიკი სტუმარს მთელ პარკს შემოატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალურ ბილიკს კი შეუერთდება სხვადასხვა პატარ-პატარა ბილიკი, რომლებიც პარკის ამა თუ იმ ზონაში მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.

  • პარკი ყველასთვის

სტრუქტურულად თბილისის ცენტრალური პარკი იმგვარად იქნება მოწყობილი, რომ მან უპასუხოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებსა და სურვილებს. ამ მიზნის მისაღწევად კი იგეგმება მოქნილი, ფუნქციურად მრავალფეროვანი ზონების შექმნა. სწორედ ამ მიზნით კომპანიის წარმომადგენლები სწავლობენ საზოგადოების საჭიროებებს.

გაკეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, სხვადასხვა ხის კომპოზიციები და ტერასები უფროსებისთვის - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ზონების, რომელთა მოწყობაც თბილისის ცენტრალურ პარკში იგეგმება. კომპანიის ცნობით, აქ იქნება ადგილი ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ჭადრაკისა, თუ დომინოს თამაში. განთავსდება ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სამაგიდო თამაშებისთვის.

  • დაგეგმილია იაპონური და ფრანგული ბაღების მოწყობა

იაპონური ბაღი იქნება ადგილი განტვირთვისა და მედიტაციისთვის და ადამიანებს ქალაქის ხმაურისგან გაქცევის საშუალება მიეცემათ. კომპანიის წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ ეს იქნება ბაღი, რომელიც განსხვავებულ სამყაროში მოგვახვედრებს და განსხვავებულ გამოცდილებას მოგვცემს. მისი შექმნისას გამოიყენებენ იაპონურ ესთეტიკასა და ფილოსოფიურ იდეებს.

რაც შეეხება ფრანგულ ბაღს, ის ცენტრალური პარკის ველაზე რომანტიკული ადგილი იქნება, აყვავებული ყვავილებითა და სიმშვიდით. აქვე იგეგმება ცხენის ქანდაკების განთავსებაც.

  • "პარკის სოფელი"

"ცენტრალურ პარკში სტუმრობისას ყველა ვიზიტორს ექნება საკუთარი მიზანი და ყველა იპოვის იპოვოს საკუთარ ადგილს, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი მომსახურების მისაღებად ეწვევა პარკის სოფელს, სადაც იქნება რესტორნები, ბარები, საჩუქრების მაღაზია და საინფორმაციო დაფა“, - ვკითხულობთ LAP-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. კომპანიის ცნობითვე, აქცენტი გაკეთდება ტერასების მოწყობაზე.

პარკში მთავარი შესასვლელი პანორამული ხიდიდან იქნება, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე გავა. ხიდი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, ასევე საბავშვო ეტლებისთვის. მოეწყობა სამი საპარკინგე ადგილი, სადაც დაახლოებით 500 ავტომობილის გაჩერება იქნება შესაძლებელი.

მუშაობა კომპანიამ 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურმა პარკმა პირველი ვიზიტორების მიღება უკვე 2022 წლის ზაფხულში უნდა შეძლოს. ცენტრალური პარკის მშენებლობას თბილისის მერია და "ქართუ ჯგუფი" აფინანსებენ.

შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია რენდერი ფოტოები, რომლებიც LAP-ის ვებგვერდზეა განთავსებული.