რა დათმო ჭადრაკისთვის და როგორი იყო ნანა იოსელიანის "სიყვარულის პარტია" | Allnews.Ge

რა დათმო ჭადრაკისთვის და როგორი იყო ნანა იოსელიანის "სიყვარულის პარტია"

ბავშვობიდანვე ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. მამას უყვარდა ჭადრაკი, მასწავლიდა კიდეც და ოჯახში სპორტის ამ სახეობას ფეხბურთის შემდეგ პირველი ადგილი ეკავა. ჩემგან მოჭადრაკე არ გამოვიდა, უმალ ფეხბურთს უფრო ვითამაშებდი, მაგრამ ჭადრაკის დიდ გულშემატკივრად დავრჩი... ჩვენი, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი (მხოლოდ ერთმანეთთან თუ დამარცხდებოდნენ) მოჭადრაკე ქალბატონების "გადამკიდე“. მისით კი მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი. საოცრად ნათელი ადამიანი ჩანდა, გულწრფელი ღიმილით. ახლახან, 12 თებერვალს დავურეკე, თურმე, დაბადების დღე ჰქონდა. მაინცდამაინც იმ დღეს მოვინდომე ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ... გაუთავებლად ულოცავდნენ და არაფერი გამოგვივიდოდა, სამაგიეროდ, მეორე დღეს ვისაუბრეთ ხანგრძლივად. გავიხარე, რომ სწორედ ისეთ ადამიანს ველაპარაკებოდი, როგორიც წარმომედგინა, რომ იყო. უამრავი ტიტულის მქონე ნანა იოსელიანი მართლაც არასდროს ყოფილა მხოლოდ ძალიან ძლიერი მოჭადრაკე, იგი დღემდე ხალხის საყვარელი მოჭადრაკეც გახლავთ:

- მშობლები მეცნიერები იყვნენ, ფიზიკოსები და, ალბათ, ჰქონდათ რაღაც გეგმები ჩემი მომავლის შესახებ. პატარა რომ ვიყავი, ცოტას ვავადმყოფობდი, თუმცა, როგორც ამბობენ, გამორჩეული ნიჭის ბავშვი ვიყავი. სკოლამდელ ასაკში უკვე ვიცოდი ალგებრული შეკრება-გამოკლება. იმ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სკოლაში კარგად სწავლას. ეს ვალდებულებაც კი იყო და გმირობად ნამდვილად არ მიიჩნეოდა. გარდა ამისა, ჩემი თანატოლების მსგავსად, მეც დავდიოდი ინგლისურსა და მუსიკაზე, თუმცა ფორტეპიანო სასტიკად არ მიყვარდა. მაშინ ჭადრაკიც ძალიან პოპულარული იყო. მამა მოყვარული იყო და ხშირად თამაშობდა. ჭადრაკის სვლები მეც შინ ვისწავლე, ყურებით, მაგრამ ჩემი ჭადრაკზე მიყვანა მშობლების გეგმაში ნამდვილად არ შედიოდა. თუმცა თავად ვიყავი ძალიან აქტიური ბავშვი: ყველა წრეზე დავდიოდი, მათ შორის - ტანვარჯიშზეც, ძალიან მონდომებული ვიყავი და სკოლის სიმღერის გუნდშიც ვმღეროდი, არადა, მუსიკალური სმენა საერთოდ არ მქონდა (იცინის). გვიან მივხვდი, რომ ეტყობა, სიმღერის მასწავლებელმა ასეთი მოწადინება რომ შემატყო, კი არ გამომიშვა, - არ გაქვს შვილო სიმღერის უნარიო, ერთადერთს მეხვეწებოდა: ხმადაბლა იმღერეო. დაწყებით კლასებში ვსწავლობდი, როდესაც ერთ დღეს კლასში მასწავლებელი შემოვიდა და იკითხა, ჭადრაკის თამაში ვინ იცისო? მე, როგორც ძალიან აქტიურმა, ხელი ავწიე...

მაცხნივ ნანა იოსელიანი ოთარ ალხანიშვილთან ერთად

მოკლედ, რამდენიმე წაგვიყვანეს და საჭადრაკო შეჯიბრება სკოლაშივე ჩატარდა. გამარჯვებულებიდან 1 ბიჭს და 2 გოგონას ჭადრაკის წრეზე წაიყვანდნენ. ჩემმა მეზობელმა გოგონამ მომიგო და, შესაბამისად, წრეზე ვერ მიმიღებდნენ. ძალიან განვიცადე, ხმამაღლა ავტირდი და ჩვენმა სასწავლო ნაწილის გამგემ იკითხა, რატომ ატირებთ ამ ბავშვს, წაიყვანეთ, სინდისი არ გაქვთო? და წამიყვანეს. ის ქალი კი, ნინო თევდორაძე, სულ მიყვარდა, რადგან ბავშვობიდან დამამახსოვრდა, რომ სწორედ მან გადამარჩინა. ასე აღმოვჩნდი "პლეხანოვზე“, კლუბ "განთიადში“, სადაც საჭადრაკო მწვრთნელი გახლდათ ოთარ ალხანიშვილი, ღმერთმა აცხონოს მისი სული.

 

იქაც შეჯიბრება მოეწყო და... კვლავ წავაგე, და... კვლავ ძალიან ბევრი ვიტირე. წამომიყვანეს იქიდან დამარცხებული, მაგრამ იმ მწვრთნელმა - ბატონმა ოთარმა საოცრად იაქტიურა, სკოლაშიც მოვიდა, დედაჩემსაც შეხვდა და უთხრა, ჭადრაკზე უნდა ატაროთო. თამაში არ ვიცოდი, ჩემთვის მართლა არავის უსწავლებია, მაგრამ ვფიქრობ, მწვრთნელი იმით დაინტერესდა, რომ შეამჩნია, ჩემთვის წაგება და მოგება სულერთი არ იყო. ეს თვისება სპორტსმენს აუცილებლად სჭირდება. დედა ძალიან წინააღმდეგი იყო, რადგან მშობლები მუშაობდნენ და ვერაფრით მოახერხებდნენ ჩემს "პლეხანოვზე“ ტარებას, მე კი 8 წლის ვიყავი და მარტოს ვერ გამიშვებდნენ. ძალიან გავჯიუტდი და რაღას იზამდნენ? გადაწყვიტეს, ჩემზე 2 წლით უფროსი ძმაც მიეყვანათ ჭადრაკზე, თანაც იძულებით. მას შემდეგ დიღმიდან ერთად დავდიოდით ხოლმე "პლეხანოვზე“. ძმამ მალევე დაანება თავი, მე კი მწვრთნელმა პირველი ტურნირი 4 თვის მერე მათამაშა ჩემზე უფროსებთან და უფრო გამოცდილებთან. მხოლოდ ერთი პარტია მოვიგე, დანარჩენი წავაგე და ამჯერადაც ბევრი ვიტირე. ზოგადად, მტირალა არ ვიყავი, მაგრამ საშინლად ვერ ვეგუებოდი დამარცხებას. შემდეგ წრეზე სხვასთან უნდა მეთამაშა, მაგრამ, ალბათ, შემიცოდეს და ისევ იმ გოგონას შემახვედრეს, ვისაც პირველად მოვუგე. და მეორედაც გავიმარჯვე.

3 წელიწადამდე ვიარე ამ მწვრთნელთან, რაღაც წარმატებებიც მქონდა, პირველთანრიგოსანიც გავხდი და მერე სხვასთან გადავედი, რადგან უკვე ასაკთან ერთად სხვა კვალიფიკაციის მწვრთნელი მჭირდებოდა. მეორე მწვრთნელი იყო ოთარ თურქესტანიშვილი - მეცნიერი, რომელიც ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა და თავისუფალ დროს ჭადრაკის მწვრთნელობას ახმარდა. ეს იყო ძალიან კულტურული ადამიანი, ვისაც თავისუფლად ჩააბარებდი ჩემი ასაკის ბავშვს. თითქოს ერთად ვიზრდებოდით - ერთად ვისხედით და ვარჩევდით სვლებს, პარტიებს... და ეს პროცესი არასდროს მბეზრდებოდა.

დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ, ალბათ, მიყვარდა ეს საქმე, თორემ სინამდვილეში, თუ არ გიყვარს, ჭადრაკის მეცადინეობა ძალიან მოსაწყენია. ნელ-ნელა ყველაფერს შეველიე: ცეკვას, ტანვარჯიშს, საბედნიეროდ, ფორტეპიანოსგანაც გავთავისუფლდი და ჭადრაკთან ერთად დამრჩა ინგლისური და სკოლა. მშობლებიც მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ, მაგრამ წაგებისადმი ჩემს მტკივნეულ დამოკიდებულებას ძალიან განიცდიდნენ, თუმცა არასდროს უსაყვედურიათ, რატომ წააგეო. იმ ემოციის დაფარვაც საკმაოდ დიდხანს მიჭირდა. რა თქმა უნდა, წაგების გამო მერეც მიტირია, ოღონდ ჩუმად და არა - სახალხოდ. მიუხედავად წაგება-მოგებისადმი ამგვარი დამოკიდებულებისა და გამოხატვისა, არასდროს დავმდგარვარ არჩევანის წინაშე, უნდა გამოვსულიყავი მოჭადრაკე თუ - არა. სხვათა შორის, ოდესღაც მინდოდა, თვალის ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ჭადრაკის კუთხით ისე განვითარდა მოვლენები, რომ დაფიქრების საშუალებაც არ მქონდა. სკოლის შემდეგ დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მერე ჟურნალისტიკაზე გადავედი. რატომ? ვერ გეტყვით... ჟურნალისტიკაც მიყვარდა. ერთხანს ტელევიზიის პირველ არხზეც ვმუშაობდი.

- პირველ წარმატებას როდის მიაღწიეთ?

- 13 წლისა 20 წლამდე გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონი გავხდი. მომდევნო ჩემპიონატშიც, 14 წლისამ, იმავე წარმატებას მივაღწიე. 16 წლის ვიყავი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში მეორე ადგილზე რომ გავედი, პირველი მაია ჩიბურდანიძე იყო, მესამეზე - ნანა ალექსანდრია. 17 წლისა საერთაშორისო დიდოსტატიც გავხდი...

- რაც ჩამოთვალეთ, ის მხოლოდ ჭაშნიკი იყო. მას შემდეგ ბევრ და დიდ წარმატებას მიაღწიეთ, მაგრამ ყველაზე დრამატულს მაინც რომელ მატჩს უწოდებდით?

- ალბათ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მაია ჩიბურდანიძესთან მატჩს, რომელიც 1988 წელს წავაგე. მაია ძალიან ძლიერი მოჭადრაკე იყო და - არა მხოლოდ მოჭადრაკე. ჭადრაკი მარტო თამაში ხომ არ არის? მას ფიზიკური ძალაც უნდა და ძლიერი ნერვული სისტემაც. მაიაში ყველაფერი იყო თავმოყრილი. ამ საკითხზე ადრეც მისაუბრია საკუთარ თავთან და ახლაც ვფიქრობ... შეიძლება, მაშინ ბოლომდე ვერ დავიჯერე, რომ მაიასთვის შემეძლო, მომეგო. თუმცა ახლაც მჯერა, რომ ასეთ მატჩებში, სადაც ორი, დაახლოებით ერთნაირი მოწინააღმდეგე პაექრობს, იქ ძალიან ბევრი, სხვა ფაქტორიც მოქმედებს. ზურგის ქარიც მაგ დროს უბერავს და, როდესაც სპორტსმენს სჭირდება, ცოტათი უნდა გაგიმართლოს კიდეც, მაგრამ... ეტყობა, ეს მე არ დავიმსახურე. სამწუხაროდ, მატჩამდეც ბევრი შეცდომა დავუშვი - ახალი მწვრთნელები ავიყვანე და ა.შ. თამაშის დროსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე და მხოლოდ ერთი ქულით წავაგე.

- ფაქტობრივად, თქვენი კარიერის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონობა თქვენთვის...

- დიახ, არ აღმოჩნდა. მაგრამ ამას დიდი განცდა არ მოჰყოლია. მოხდა და მოხდა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო-მეთქი, ვიფიქრე და განვაგრძე ცხოვრება.

- ჭადრაკმა რისი დათმობა "მოგთხოვათ“ და რას შეელიეთ ჭადრაკისთვის?

- პირველ რიგში, ჭადრაკის გამო ჩვენს სახლში სიმშვიდე აღარ იყო - ვიდრე პატარა ვიყავი, დედას უნივერსიტეტში სამუშაო უნდა მიეტოვებინა და ტურნირებზე, ხშირად - საზღვარგარეთაც, მე უნდა გამომყოლოდა. ცხადია, მისი ყურადღება აკლდებოდა ჩემს ძმასაც, თუმცა მან მაინც გაუმართლა მშობლებს იმედები და ფიზიკოსი გამოვიდა. ჩემი წაგება-მოგებაც, ხომ, ბევრ ემოციას იწვევდა და ძალიან არღვევდა ოჯახის მყუდროებას! კიდევ რა დავთმე? ალბათ, მეტი უნდა დამეთმო, მსოფლიო ჩემპიონი რომ გავმხდარიყავი... ან, იქნებ, ჩემპიონობა არც მეწერა...

განაგრძეთ კითხვა