სიახლეები
26.04.2021 / 07:04
შრიფტის ზომა:

რატომ არ გჭირდებათ გამოკვლევების ჩატარება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე - "ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებს ფული დაახარჯინონ ანალიზების კეთებაში"

რატომ არ გჭირდებათ გამოკვლევების ჩატარება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე - "ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებს ფული დაახარჯინონ ანალიზების კეთებაში"

ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში აქტიურად გავრცელდა მოსაზრება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებამდე, საჭიროა, პაციენტმა ექიმთან გაიაროს კონსულტაცია და მეტიც, გარკვეული გამოკვლევებიც ჩაიტაროს. სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი კომენტარი გვხვდება. ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვაქცინის გასაკეთებლად მისულებს, უკან გამობრუნება მოუხდათ, რადგან სხვადასხვა ანალიზის პასუხების წარდგენა მოსთხოვეს.

ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ მის მოხუც დედას აცრაზე უარი მხოლოდ იმის გამო უთხრეს, რომ გულის ქრონიკული დაავადება აქვს.

"დედას გული აწუხებს დიდი ხანია, მაგრამ მკურნალობს და სტაბილურად არის. როგორც იქნა, ჩვენი რიგი მოვიდა აცრაზე და რომ მივედით, გვითხრეს გულის პრობლემა მოიგვაროს და მერე მოვიდეს ვაქცინაციაზეო. ახლა როგორ მოირჩენს გულს ამ ასაკში?! გარდა ამისა, გვითხრეს, რომ საჭირო იყო სხვადასხვა ანალიზები, მათ შორის სისხლის შედედების. წამოვიყვანე უკან, რა უნდა მექნა?! ახლა ვცდილოობ ხელახალ რეგისტრაციაზე დავითანხმო, მაგრამ ეშინია და უარს ამბობს" - გვეუბნება რესპონდენტი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვაქცინებთან დაკავშირებულ მორიგ მითზე, რომ თითქოს აცრის წინ გამოკვლევების ჩატარებაა სავალდებულო, კომენტარის გაკეთება მოუხდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესაც. მისი თქმით, ექიმები პაციენტებს ტყუილად ახარჯინებენ ფულს ანალიზებში:

"არცერთი კვლევით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არ არის რეკომენდებული არავითარი გამოკვლევა. ძალიან დიდი ბოდიში ჩემს კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებს, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ ანალიზების კეთებაში.

არავითარი ანალიზები საჭირო არ არის, თუ ადამიანი ჩვეულებრივ რაღაც პერიოდულ გამოკვლევას ჩაიტარებს, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი და ამის ვაქცინაციასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება.

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ამის საფუძველზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს, ვაქცინაცია საჭიროა თუ არა. არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს შეიძლება და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი..." - აღნიშნა იმნაძემ კითხვის საპასუხოდ.

რეალურად საჭიროა თუ არა რაიმე სახის გამოკვლევები ვაქცინაციამდე და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს. ამ საკითხზე allnews.ge-ს ესაუბრა ამერიკის ბიოანალიტიკის ბორდის მაღალი სირთულის ლაბორატორიის დირექტორი მარინა გვახარია.

"გასაოცარია, მაგრამ საქართველოში საკმაოდ გავრცელდა შეხედულება, რომ აცრამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და გარკვეული გამოკვლევების ჩატარება. კერძოდ, მოქალაქეებს სთხოვენ ალერგოლოგის კონსულტაციას, სისხლის საერთო ანალიზს, D-დიმერს, ანტი-კოვიდ ანტისხეულებს, კოაგულოგრამას და სხვა ტესტებს. პირადად მომმართეს პაციენტებმა, რომლებსაც ამგვარი ანალიზები დაენიშნათ და მეტიც, ანალიზების პასუხის არქონის გამო აცრაზე უარი ეთქვათ.

არანაირი ანალიზები აცრის წინ საჭირო არაა! მეტიც, არ არსებობს ანალიზი, რომლის პასუხის მიხედვით კეთილსინდისიერი ექიმი პაციენტს ურჩევს აცრის გადავადებას ან უარის თქმას მასზე. ეს არის აბსურდი. ბევრი ღელავს ზოგიერთი ვაქცინის სერიოზულ თრობმბოემბოლიურ გართულებებზე, რომლებიც უაღრესად იშვიათია - დაახლოებით 1 შემთხვევა ერთ მილიონ აცრილზე. სამწუხაროდ, არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც გამოავლენს ამ გართულების რისკის მქონე პაციენტებს. ასევე არ არსებობს წამალი, რომელიც თქვენს მონაცემებს "მოაწესრიგებს" და გართულების საფრთხეს შეამცირებს.

აცრისთვის არანაირი წინასწარი მომზადება საჭირო არ არის. თუ არ გაქვთ სიცხე ან ქრონიკული დაავადების გამწვავება, რეკომენდირებულია გადაუდებელი აცრა თქვენი ასაკობრივი ჯგუფის შესაფერისი ვაქცინით და ვიმეორებ, ყოველგვარი წინასწარი ანალიზების გარეშე" - ამბობს სპეციალისტი.

მარინა გვახარიას ინფორმაციით, აშშ-ში აცრები ნებაყოფლობითია და ამასთან, მოსახლეობა განსაკუთრებული ნდობითა და ენთუზიაზმითაა განწყობილი ვაქცინაციის მიმართ.

"საინტერესოა, რომ კალიფორნიაში ჯერჯერობით რეალურად არ გვაქვს ვაქცინის არჩევანი. ვიცრებით იმ ვაქცინით, რომელიც იმ დღესაა ხელმისაწვდომი კლინიკაში, სადაც ჩაწერილები ვიყავით. აცრები დაიწყო დეკემბერ-იანვარში ეტაპობრივად: პირველ როგში აიცრა მედპერსონალი და ასაკოვანი მოსახლეობა. ამჟამად აცრა ხელმისაწვდომია 16 წლის ზემოთ ყველა მსურველისთვის. აშშ-ში დღეში 3-4 მილიონი ადამიანი იცრება. წარმოგიდგენიათ, რომ ყველას ან თუნდაც ნაწილს ანალიზები და ექიმის კონსულტაცია უტარდებოდეს?" - გვეუბნება მარინა გვახარია.

კოლეგის მოსაზრებას იზიარებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მელიქიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინამდე წინასწარი გამოკვლებების ჩატარება დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვაა და სხვა არაფერი.

"მეც მსმენია ასეთი ფაქტების შესახებ და ამას არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება სისხლის შედების ფაქტორებს და თრომბის გამოწვევის საშიშროებას ვაქცინაციის დროს, ამას ვერანაირი წინასწარი ანალიზით ვერ გამორიცხავ, რადგან შეიძლება ადამიანს ყველა მაჩვენებელი წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ მაინც განვითარდეს თრომბოემბოლია. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ბოლომდე რატომ იწვევს ამა თუ იმ გართულებას ვაქცინა. მთავარია, არ იყოს მწვავე მდგომარეობა ვაქცინაციის წინ. თუ რომელიმე დაავადების გართულებული, მწვავე ფაზაა, უნდა ჩაწყნარდეს და მერე ჩატარდეს ვაქცინა. დანარჩენ სხვა შემთხვევაში რაიმე ანალიზები და კვლებები არაფერს ცვლის.

თუკი წარსულში გქონიათ მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია, გაესაუბრეთ კვალიფიციურ და თანამედროვე გაიდლაინების მცოდნე ალერგოლოგს. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევების უმრავლესობაშიც კი რეკომენდირებულია აცრა, რადგან კოვიდის რისკი ბევრად მაღალია აცრის შესაძლო რისკებზე" - გვეუბნება ირინა მელიქიშვილი.

მოამზადა თინათინ ზვიადაძემ

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ძველი ფარდულის მიღმა ნამდვილი სასახლე და მილიონი დოლარის ოდენობის ქონება აღმოაჩინეს - კაცი საოცარ სიმდიდრეს წლები ნიღბავდა | Allnews.Ge

ძველი ფარდულის მიღმა ნამდვილი სასახლე და მილიონი დოლარის ოდენობის ქონება აღმოაჩინეს - კაცი საოცარ სიმდიდრეს წლები ნიღბავდა

ხელოვნების ნიმუშები, ძვირფასი ავეჯი, სპარსული ხალიჩები, ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი ბრენდები, როლექსის საათები, უამრავი ფუფუნებით მოწყობილი ოთახი და ქოთნებში თავმომწონედ მობიბინე კანაფი - ყველაფერი ეს ალან იომანსის საკუთრებაა, რომელიც მან დედის კუთვნილ ნაკვეთში არსებულ ძველ ფარდულში მოაწყო, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მთელი ქონება ამ ფარდულით შენიღბა.

არც არაფერი მოხდებოდა, რომ არა ერთი გარემოება - ამ ადამიანმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, თუმცა შენიშეს ფულის გათეთრებასა და სხვადასხვა საეჭვო მაქინაციაში, მათ შორის ნარკოვაჭრობაში.

ყველაფერი კი დიდ ბრიტანეთში, დერბიშირის საგრაფოშო ხდებოდა. სწორედ აქ აღმოაჩინა პოლიციამ    საოცარი სახლი, რომელიც 15 წლის განმავლობაში ძველი ფარდულით ინიღბებოდა.

ერთი შეხედვით ესეც არაფერი, მილიონერებს ხომ უცნაური გატაცებები და გემოვნება აქვთ, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ სახლის მეპატრონე, არც მეტი, არც ნაკლები, ალან იომანსი გახლდათ, რომელმაც 2002 წელს თავი ბანკროტად გამოაცხადა და წლების განმავლობაში დეკლარაციის შევსების დროს აცხადებდა, რომ არ ფლობდა არანაირ უძრავ ქონებას და არც რამე შემოსავალი ჰქონდა.

იგი ყოველთვს ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ დედასთან ერთად ცხოვრობდა და მის საკუთრებაში მხოლოდ ავეჯი იყო, რომლის ღირებულებაც 380 დოლარი გახლდათ და ასევე 38 დოლარად შეფასებული საათი. ამასობაში იმ ფარდულის მაგივრად, რომლის შესახებაც დეკალარაციაში საუბრობდა, თურმე ნამდვილ სასახლეს აშენებდა.

იმისთვის, რომ ვერავინ მიმხვდარიყო რეალურად რას აშენებდა მილიონერი, სახლის კედლები მწვანე ხის ფიცრებით მოაპირკეთა, სახურავი კი შიფერის გააკეთა. შედეგად, მეზობლები ხედავდნენ მხოლოდ უზარმაზარ ფარდულს, რომლის მშენებლობაზე, სხვათა შორის, მეპატრონეს ნებართვა არც აუღია.

ამ სახლის შესახებ კიდევ დიდი ხანი ვერავინ ვერაფერს გაიგებდა რომ არა ერთი შემთხვევა, როდესაც სახლის მეპატრონე დააკავეს ფულის გათეთრების და სხვა მაქინაციების ბრალდებით. გამოძიების მიმდინარეობის დროს პოლიციამ მის ფარდულშიც შეიხედა და... გაოგნდა.

ზღურბლთანვე მათ თვალწინ გადაიშალა უზარმაზარი ორსართულიანი რეზიდენცია, რომელიც სასახლეს უფრო წააგავდა, ვიდრე სახლს. აქ იყო პომპეზური მისაღები დარბაზი წვეულებებისთვის, რამდენიმე საძინებელი თავისი აბაზანითა და საპირფარეშოთი,

ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი. სახლი აღჭურვილი იყო უძვირფასესი წითელი ხის ავეჯით, ულტრათანამედროვე ტექნიკით, ექსკლუზიური სპარსული ხალიჩებით, ანტიკვარული ნივთებითა და ფუფუნების სხვა საგნებით. ზემოჩამოთვლილი ნივთების ღირებულება ასტრონომიულ თანხებს უტოლდებოდა.

აღმოჩენილ იქნა ასევე ოთახი, რომელსაც პრესამ "ალადინის საგანძური" უწოდა. აქ ინახებოდა ხელოვნების ნიმუშები, ჩანთების ა და ფეხსაცმლის კოლექციები, ელისაბედ მეორის პორტრეტი, რა თქმა უნდა, ორიგინალი, როლექსის საათები, ჩინური ლარნაკები და ა.შ.

თვითმხილველთა თქმით, ჩხრეკის შედეგად ასევე აღმოჩენილ იქნა კანაფის სათბურიც, რომლის მოსავალიც 50 ათას დოლარად შეფასდა.

ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ამხელა ქონების მეპატრონე ელექტროენერგიას იპარავდა. ფარდულში აღმოჩენილი მთელი ქონება აუქციონს გადაეცა, კანაფი კი განადგურდა.

ასევე საგულისხმოა, რომ ალან იომანსი ამტკიცებდა, რომ ფარდულში ნანახი არც ერთი ნივთი არ იყო ორიგინალი, თუმცა ექსპერტიზამ საპირისპირო დაამტკიცა და ყველა ნივთი აუქციონზე ხელსაყრელ ფასად გაიყიდა.

მთელი ქონება 1,5 მლნ დოლარად შეფასდა. ახლა ამ უცნაურ ადამიანს კიდევ 820 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი ჯარიმა გადასახადებისგან თავის არიდების გამო. თანხის არგადახდის შემთხვევაში მის სასჯელს კიდევ 5 წელი დაემატება.

shin.ge