რისი უფლებები არ აქვთ სუმოისტებს?- მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ | Allnews.Ge

რისი უფლებები არ აქვთ სუმოისტებს?- მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

სუმოს მებრძოლს რიკისს უწოდებენ. მისი ცხოვრება რთული და ნაწილობრივ ასკეტურია. საკუთარი ცხოვრების სუმოსთან დაკავშირებით სპორტსმენი სიამოვნებაზე და კომფორტის საგნებზე უარს საკუთარი ნებით ამბობს. მისი პირადი ცხოვრება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მწვრთნელისა და სუმოს ასოციაციის მეთვალყურეობის ქვეშაა. სუმოისტის მორალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას საზღვრები არ აქვს.

სპორტსმენს მანქანის დამოუკიდებლად ტარებაც კი ეკრძალება, რადგან ავტომობილის მართვისას გამორიცხული არ არის, რომ მან სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. ამიტომ სუმოისტები, ძირითადად, ტაქსით გადაადგილდებიან ან მათ სპეციალური მიკროავტობუსები ემსახურებათ. აღნიშნული წესების დამრღვევი მკაცრად დაისჯება, მას შესაძლოა დისკვალიფიკაცია მისცენ ან საერთოდ გარიცხონ სუმოდან. დანდობას დიდებული მებრძოლებიც კი არ უნდა ელოდონ.

originaltochinoshin-1621417715.jpg

სუმოისტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეტსახელის მიღება ატარებს, რომლითაც ის მომავალში მსოფლიომ უნდა გაიცნოს. საკუთარი გვარით ძალიან ცოტა სუმოისტი ასპარეზობს.

დამწყებ სუმოისტს საკუთარი სახლიც კი არ აქვს, მისი მეორე ოჯახი კი სუმოს სკოლის ამხანაგები ხდებიან, რომლებთან ერთადაც დღესა და ღამეს ატარებს.

სუმოისტები მზის ამოსვლისთანავე იღვიძებენ, ზამთრის პერიოდში კი მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ადგომისა და თავის მოწესრიგების შემდეგ დამღლელი 5-საათიანი ვარჯიში იწყება. მრავალსაათიანი სპეციალური ვარჯიშისა და ორთაბრძოლების შემდეგ, ნოყიერი ვახშმის დრო დგება. კვების მხრივ ისინი არაფერში არ არიან შეზღუდულები, მათ შორის, არც ალკოჰოლურ სასმელში.

2021051714232186669-1621417809.jpg

ამის შემდეგ, "წყნარი საათი" დგება და სუმოისტები, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში იძინებენ. ტურნირზე წარმატებული ასპარეზობისთვის მათ კუნთოვანი მასის და ქონის მატებაც ესაჭიროებათ, ამ მიზნის წარმატებით მიღწევაში კი სპორტსმენებს მწვრთნელი ეხმარებათ.

კალორიების დღიური ნორმა სუმოს მებრძოლისთვის არც მეტი, არც ნაკლები - 8000 კალორიას შეადგენს. კვების შემდეგ სუმოისტები როგორც წესი, დასაძინებლად მიდიან, თუმცა აუცილებლად ჟანგბადის ნიღბით, რათა მოსვენებისას მათ სუნთქვა არ გაუჭირდეთ.

2021051714223886669-1621418292.jpg

წარმოდგენა, რომ სუმოისტი 200 კილოგრამი წონის მქონე მოუხერხებელი ადამიანია, სინამდვილეს რადიკალურად დაშორებულია. რა თქმა უნდა, მათთვის გადამწყვეტი წონაა, ამისთვის დიდ როლს გენეტიკა თამაშობს, თუმცა სწორი კვებისა და ხანგრძლივი მიზანმიმართული ვარჯიშის შედეგად ბუნების მოტყუებაც შესაძლებელია. სუმოისტები დღე-ღამის განმავლობაში 2-ჯერ ჭამენ. საერთო ქვაბიდან საკვები, პირველ რიგში, ელიტარული დივიზიონების მებრძოლებს ხვდებათ, ჭამას სულ ბოლოს ახალბედა სპორტსმენები იწყებენ. ზოგადად ახალბედა მებრძოლის ცხოვრება სკოლაში თამამად შეიძლება შეადარო ჯარში ახალწვეულის ცხოვრებას.

web1-20200226-eating-1621417871.jpg

დამწყებ სპორტსმენს ფაქტობრივად არაფრის უფლება არ აქვს და ის წოდებით უფროსებს ემსახურება ჭამის დროს ისევე, როგორც, მაგალითად, აბანოში.მისი მოვალეობები ამით არ შემოიფარგლება, რადგან ახალბედას შენობის დასუფთავება, საკვების მომზადების პროცესში თანამონაწილეობა, წოდებით უფროსი მებრძოლების თეთრეულის დარეცხvა და ამასთანავე წვრილმანი დავალებების შესრულებაც ევალება. დავალება ახალბედამ დაუყოვნებლივ და შეუპასუხებლად უნდა შეასრულოს. მსგავს დამოკიდებულებასა და განრიგს ბევრი ვერ უძლებს, ამიტომ ახალბედების შემადგენლობა გამუდმებით იცვლება.

სუმოს ასოციაციისგან ანაზღაურებას მხოლოდ უმაღლესი დივიზიონების სპორტსმენები იღებენ. გამომუშავება საკმაოდ მაღალია და რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.

2080-05-1621418183.jpg

თუმცა, ამ ეტაპამდე მისასვლელად სპორტსმენს საკმაოდ დიდი მოთმინების უნარი სჭირდება, რადგან, საბოლოო ჯამში, მის წოდებაზეა დამოკიდებული, როგორი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარების უფლება ექნება, მისცემენ თუ არა მობილური ტელეფონის ქონისა და ინტერნეტთან წვდომის საშუალებას და დართავენ თუ არა ნებას, რომ პირადი ცხოვრება მოაწყოს და დაქორწინდეს. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენლები ყველაზე სასურველ კანდიდატებად მიიჩნევიან და მათზე დაქორწინება ცნობილ მსახიობებს, მოდელებსა და პოპულარული გადაცემების წამყვანებს სურთ.

სუმოისტის კარიერა 30-35 წლის ასაკში მთავრდება, რის შემდეგაც, ბევრი მათგანი მწვრთნელის კარიერას იწყებს ან სპორტულ სექციებს ხსნის, ზოგიც წონაში იკლებს და ცხოვრებას თავიდან იწყებს.

2021051714221486669-1621418348.jpg

სუმოისტების პენსია მათი გამარჯვებების მიხედვით ჯამდება, თუმცა მებრძოლები საშუალოდ, დაახლოებით 60-65 წელს ცხოვრობენ, რაც იაპონიისთვის ძალიან მცირეა. სუმო სახიფათო სპორტია, რადგან არასწორი კვებისა და ჭარბი წონის გამო ბევრი სპორტსმენი არაერთი დაავადების გაჩენის რისკ ჯგუფშია (დიაბეტიდან დაწყებული გულის შეტევით დასრულებული).