შეუძლებელი არაფერია- ნახეთ როგორ აქცია პოლიეთილენის ბოთლები მდიდრულ სასტუმროდ კოტ-დ’ივუარში მცხოვრებმა მამაკაცმა
გარემოზე ზრუნვა და პლანეტის პლასტიკური ნარჩენებისგან გათავისუფლება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ყოველწლიურად დედამიწა ტონობით ახალი ნარჩენით ბინძურდება, რომლებიც ბუნებაში ასწლეულების მანძილზე რჩება. ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ პლასტიკური ნარჩენებისგან გათავისუფლება თითქმის შეუძლებელია. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ორიგინალური გზა მონახეს. დღეს ერთ-ერთ ასეთ ადამიანზე მოგიყვებით.
აფრიკის დასავლეთ ნაწილში, კოტ-დ’ივუარში მოგზაურობისას ერიკ ბეკერს ძალიან მოეწონა ბუნების ულამაზესი პეიზაჟები, თუმცა ძალიან შეაწუხა ზღვის სანაპიროს პოლიეთილენის ნარჩენისგან დაბინძურებამ.
ერიკმა გადაწყვიტა კოტ-დ’ივუარში გადასულიყო საცხოვრებლად და დაბინძურებული გარემოსთვის მიეხედა. მან პოლიეთილენის ბოთლების შეგროვება და ერთად შეკვრა დაიწყო. ყოველდღიურად ის სანაპიროს ასობით ბოთლისგან ასუფთავებდა.
სწორედ ამ დროს გაუჩნდა ერიკს იდეა თუ რაში გამოეყნებინა ბოთლების უზარმაზარი შეკვრები.
მან ბოთლები ხის მორებზე დაამაგრა და ასე შექმნა პირველი მოტივტივე კუნძული. დროთა განმავლობაში ერიკმა კიდევ ათობით კუნძული გააკეთა. საბოლოოდ მცირე ზომის კუნძულები ერთ დიდ დასახლებად გააერთიანა და სასტუმრო გახსნა.
საერთო ჯამში სასტუმროს გასაკეთებლად ერიკმა კოტ-დ-ივუარის სანაპიროზე 800 000-ზე მეტი ბოთლი შეაგროვა!
„თავდაპირველად ხალხი გაკვირვებული მიყურებდა. ისინი ვერ ხვდებოდნენ რას ვაკეთებდი და გიჟი ვეგონე. თუმცა, მე ერთობლივად მოვახერხე სანაპიროს გასუფთავება, ადგილობრივების დასაქმება და წარმატებული ბიზნესის შექმნა“-იხსენებს ერიკი.
დღეს მისი სასტუმრო საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, სადაც რამდენიმე საკმაოდ კეთილმოწყობილი ოთახი, რესტორანი და კარაოკე ბარიც კი მდებარეობს.
სასტუმროში ერთი ღამის განმავლობაში დარჩენა 100 აშშ დოლარი ღირს. კვირაში ისინი საშუალოდ 100-მდე დამსვენებელს ემსახურებიან.
აღსანიშნავია, რომ მოტივტივე სასტუმრო ერთ კონკრეტულ ადგილას არ არის გაჩერებული და მისი გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება.
მცურავი სასტუმრო საჭირო ელექტროენერგიას მზის პანელების მეშვეობით იღებს. გამოყენებულ წყალს კი გადაამუშავებენ და სხვადასხვა მნიშვნელობისთვის იყენებენ.
ერიკი აცხადებს, რომ გაჩერებას არ აპირებს და მისი სურვილია სანაპიროების ნარჩენებისგან გათავისუფლებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს.
„მინდა ხალხის ნარჩენებისადმი დამოკიდებულება შევცვალო. ჩვენ არაფერი არ უნდა მოვისროლოთ სანაგვეზე, ამის ნაცვლად ნარჩენების გამოყენების სხვა გზა უნდა მოვნახოთ.“-აღნიშნავს ის.