უნიკალური აღმოჩენა კახეთში - დავითგარეჯის კომპლექსის უცნობი ეკლესია, მკვლევარებმა სრულიად შემთხვევით იპოვეს
კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში ექსპედიციის დროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის თანამშრომლებმა კლდეში ნაკვეთი გუმბათიანი ეკლესია სრულიად შემთხვევით იპოვეს. ტაძრის შესახებ აქამდე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. სპეციალისტების ვარაუდით ძეგლი IX-X საუკუნით თარიღდება და ის გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, სატორგეს მონასტრის ნაწილია.
სატორგეს სამონასტრო ქვაბული მდებარეობს დასავლეთიდან აღმოსავლეთით გაწოლილ ყაჯირის ქედზე, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე, დალის წყალსაცავის დასავლეთით. მონასტრის ქვაბულები, ისევე როგორც გარეჯის სხვა მონასტრების შემთხვევაში, ძირითადად ქედის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფერდზეა ნაკვეთი, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და დაახლოებით 8 კმ-ზე გრძელდება. ქვაბულები ჯგუფ-ჯფუფადაა ნაკვეთი და ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე ძირითადად მიუვალია. ამ დრომდე სატორგედან ცნობილი იყო ერთი გუმბათიანი ეკლესია, რომელიც 1980-იან წლებში პირველად დააფიქსირა შალვა ლეჟავამ.
რაც შეეხება ახლადაღმოჩენილ მეორე გუმბათიან ეკლესიას, სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ სატორგეს კომპლექსის ეს ეკლესია უცნობი იყო, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე სპეციალისტებს შორის.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის დამფუძნებელი ანზორ მჭედლიშვილი ამბობს, ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, როცა სატორგეს მონასტრის მონახულებისას, გზიდან შემთხვევით შეამჩნიეს გამოქვაბული, რომელსაც ფოტო გადაუღეს და გზა განაგრძეს, რადგან ამ ადგილას, რუკაზე არაფერი იყო აღნიშნული.
"როცა კომპიუტერში ფოტოებს ვამუშავებდი, დიდ ეკრანზე უკვე კარგად გამოჩნდა კლდეში გამოკვეთილი თაღები და ცხადი გახდა, რომ ეს ეკლესია უნდა ყოფილიყო" - ამბობს მჭედლიშვილი.
ტაძრის შესწავლის მიზნით, 2021 წლის 25 აპრილს განხორციელდა მორიგი ექსპედიცია, შესაბამისი სამთო-ალპინისტური აღჭურვილობით, რადგან ძეგლთან მისვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია. ცენტრის ხელმძღვანელმა ვასილ ჭიჭაღუამ, საკმაოდ რთული რელიეფის მიუხედავად, მოახერხა ეკლესიაში შესვლა. კლდეში ნაკვეთი უნიკალურია მისი მოყვანილობით და მხატვრული გაფორმებით შემორჩენილ ეკლესიას ოთხკუთხა ფორმა აქვს და სამხრეთით, კლდეში გაჭრილი კარით უკავშირდებოდა დანარჩენ ქვაბულებს.
ვიზუალური დაკვირვებით, ამჟამად ზემოხსენებული კარიც ამოქოლილია ნაშალი მასალით და გვერდით ნაგებობებში გასვლა შეუძლებელია, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გვერდით ნაგებობების კვალი დაფიქსირებულია ფოტოებზეც, თუმცა ისინიც სრულად ამოვსებულია ნაშალი მასალით ან დიდწილად ჩამონგრეულია.
ამჟამად ეკლესიის აღმოსავლეთის მხარე ჩამონგრეულია და საკურთხევლის ფორმის აღდგენა შეუძლებელია. ეკლესიის ინტერიერში ნალესობის, კედლის მხატვრობის, წარწერების ან სხვა სახის კვალი არ შეიმჩნევა. კედლები თანაბარი სიგრძისაა, დაახლოებით 4-5 მეტრის. თითოეული კედელი ორსაფეხურიანი დეკორატიული თაღითაა მოჩარჩოებული.
დარბაზი დასრულებულია კონუსისებრი გუმბათით, რომელიც სამსაფეხურიან გუმბათის ყელშია ჩასმული. გუმბათის პირველი საფეხური ვიწრო და სადაა. მეორე საფეხური 16 (აქედან ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ თოთხმეტი, სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთის კედელიც სხვა კედლების ანალოგიურად იქნებოდა.) ჩაკვეთილი წრითაა გაფორმებული, მესამე საფეხური კი კუთხეებში ჩაკვეთილი 4 წრით. მსგავსი ანალოგი, დღემდე ცნობილ კლდეში ნაკვეთ ეკლესიებში არ მოიძებნებება, შესაბამისად სატორგეს კომპლექსის ეს ახლად გამოვლენილი გუმბათიანი ეკლესია უნიკალურ ძეგლად რჩება.
რაც შეეხება ძეგლის დათარიღებას, ზუსტი ანალოგებისა და საისტორიო წყაროების არ არსებობის გამო, წინასწარი ვარაუდით, შეიძლება დათარიღდეს IX-X საუკუნეებით. თარიღის დაზუსტებისათვის საჭიროა ძეგლის სიღრმისეული და კომპლექსური კვლევა.
ეკლესიის ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გუმბათზე და ეკლესიის ჭერზე შეიმჩნევა ფართო ბზარები. კლდე, რომელშიც ნაკვეთია ეკლესია, საკმაოდ მარტივად იშლება. არსებული გეოლოგიული მდგომარეობიდან გამომდინარე არსებობს დიდი რისკი, რომ ეკლესია სრულად ჩამოიშალოს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრი ეკლესიაში და მის გარშემო არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ტურისტულ ჯგუფებს, არ უწევს აღნიშული ობიექტის მონახულების რეკომენდაციას.