
თურქული პრესა ყურადღებას ამახვილებს იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც მარმარილოს ზღვაში ხდება და რომელიც შეიძლება მალე შავ ზღვასაც დაემართოს.
საქმე შეეხება ფიტოპლანქტონის არნახულ გამრავლებას, რასაც ხელს უწყობს სამრეწველო ნარჩენები და მომწამვლელი, მავნე ნივთიერებები, რომლებიც მარმარილოს ზღვაში ჩაედინება.
საქმე ისაა, რომ შავ ზღავზე აქამდე ჩატარებული კვლვევების მიხედვითაც, მას აბინძურებს სასოფლო-სამეურნეო (სასუქები), ცხოველური, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები და ორგანული თუ არაორგანული მარილები. მარილები ზღვაში ძირითადად მდინარეების წყალთან ერთად ჩაედინება.
მარილების მოჭარბება ერთუჯრედიანი კი წყალმცენარეების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს და თავის გადასარჩენად ისინი მეტი ინტენსივობით იწყებენ გამრავლებას, რაც ამჟამად ხდება მარმალიროს ზღვაში, ანუ იზრდება ფიტოპლანქტონის პოპულაცია, რასაც ზღვის ევტროფიკაცია (დაჭაობება) მოსდევს.
მკვდარი ორგანული ნივთიერებების შლის შედეგად ზღვაში ჟანგბადის მოცულობა მცირდება. უჟანგბადობას კი მრავალი ცოცხალი არსება ეწირება, რაც, ბუნებრივია, დიდად ვნებს ბიომრავალფეროვნებას.
გაზეთი "თურქი“ («Türkiye») ბეჭდავს სტატიას, სათაურით: "წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ (ავტორი - ზინეთ ქოჯაბიქი), რომელშიც ნათქვამია:
"მარმარილოს ზღვის ფსკერზე ისეა ლორწო მოდებული, რომ ხალიჩა გეგონება. თევზები ან დაიღუპნენ, ანდა ლორწოში "გაბმულები“ კომატოზურ მდგომარეობაში არიან. სურათი ისეთია, როგორსაც საშინელებათა ფილმებში ვხედავთ ხოლმე. მყვინთავები, რომლებმაც ზღვის ფსკერი გამოიკვლიეს, თავიანთ გაოცებასა და შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ. თურქეთის წყალქვეშა სპორტის მოყვარულთა ასოციაციის გარემოს დაცვის საბჭოს წევრი და ფოტოგრაფი მეჰფათ აქბაშ ჩიფჩი, რომელსაც მსოფლიოს უამრავი ადგილზე ჩაუყვინთავს და მრავალი არასასიამოვნო სურათის მნახველია, მისთვის მარმარილოს ზღვის ფსკერზე ნანახი ყველაფერს აჭარბებს.