რეალურად, სად მოხდა დიდგორის ბრძოლა? - ქართული ისტორიოგრაფიის სამი მოსაზრება | Allnews.Ge

რეალურად, სად მოხდა დიდგორის ბრძოლა? - ქართული ისტორიოგრაფიის სამი მოსაზრება

დიდგორის ბრძოლა თავისი მნიშვნელობით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად ამისა, დღემდე არ წყდება კამათი, სად მოხდა ბრძოლა და როგორ წარიმართა იგი. ჩვენი ქვეყნის წარსულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრძოლას დავითის მემატიანე სულ რაღაც 500 სიტყვას უთმობს და ეს ტექსტიც ზოგადი ფრაზებით არის გაჯერებული. რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მემატიანე იმასაც კი არ აღნიშნავს, სად მდებარეობდა საბრძოლო მოქმედებათა მთავარი ეპიცენტრი.

მისი ზოგადი ფრაზა, რომ მტერი მოვიდა "თრიალეთს, მანგლის[ს] და დიდგორთა" დაზუსტებით არაფერს გვეუბნება ლოკალიზაციის კუთხით. მოგვიანებით თამარის ისტორიკოსი - "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი უფრო აკონკრეტებს და "ძლევაი საკვირველად" მონათლული ბრძოლის ადგილად დიდგორს ასახელებს: შამქორთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ "დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობლისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა. მაშინ მას წარეგზავნა მოძრცლი ქედისაგან დორბეზე სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძრფასისათა". დიდგორის სახელი შერყვნილი ფორმით იხსენიება ამ ბრძოლის შესახებ არსებულ უცხოურ წყაროებშიც.

agmashenebeli-1624268292.jpg

  • ქართული ისტორიოგრაფიის სამი ძირითადი მოსაზრება

დიდგორის ბრძოლას საინტერესო წიგნი მიუძღვნა სარგის კაკაბაძემ, რომელშიც გამოთქვა მოსაზრება, რომ ბრძოლა მოხდა ვრცელ ველზე სოფელ დიღმის მიდამოებში. მკვლევარი აღნიშნავს, რომ დიდგორის მთაზე, ხალხური გადმოცემით, ორი ბრძოლა გაიმართა. პირველი ბრძოლა დასავლეთ (ზემო) დიდგორზე, ხოლო მეორე, გადამწყვეტი - სოფელ დიღმის მიდამოებში ე.წ. დიდგორწინზე. აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ის ფაქტი, რომ XVIII საუკუნეში და უფრო ადრეც, ტოპონიმი "დიდგორი" მდინარე დიღმისწყლის რეგიონში არ დასტურდება.

1728 წელს ოსმალებმა აღწერეს თბილისის ვილაიეთი და ყველა სოფელი სპეციალურ "დავთარში" შეიტანეს. სოფელ დიღმის გარშემო იხსენიება წოდორეთი, ვეძისი, კარსანი, მუხათგვერდი, თელოვანი, ნიკული, ყურყუტა, არმაზი. ოსმალთათვის სოფელი დიდგორი უცნობია. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილ რუკებზეც საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი დიღმის ხეობა, მაგრამ არც იგი ახსენებს ამ ზონაში ტოპონიმ "დიდგორს". ვფიქრობთ, ამ სახელწოდების სოფელი (ე.წ. ქვემო დიდგორი) გვიანდელი დასახლებაა.

1972 წელს დაიბეჭდა დიდგორის ბრძოლისადმი მიძღვნილი შოთა მესხიას ფრიად საინტერესო გამოკვლევა - "ძლევაი საკვირველი", რომელშიც მთლიანობაში XI საუკუნის მიწურულისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიაა გადმოცემული. ძირითადი ბრძოლის ადგილად შოთა მესხია ზემო დიდგორს მიიჩნევს, ნიჩბისის წყლის სათავეების მიდამოს (დღევანდელი დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია), თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მტრის ჯარის "მეორე ნაწილმა კიდევ, დიდგორის კალთებიდან შემოსულმა, დიღმის ხეობა დაიჭირა. ასე რომ, მტრის ლაშქრით გაივსო როგორც ზემო, ასევე ქვემო დიდგორი, რომელთაც დავითის ისტორიკოსი ერთ გეოგრაფიულ პუნქტად მოიხსენიებს, ოღონდ მრავლობითი რიცხვით - "დიდგორნი".

didgorimonument-1624268632.jpg

დიდგორის ბრძოლის ლოკალიზაციას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა 1973 წელს გამოცემულ ქველი ჩხატარაიშვილისა და ივანე შაიშმელაშვილის წიგნში - "დიდგორის ბრძოლა". შესაბამისი ნარკვევი ეკუთვნის ივანე შაიშმელაშვილს, რომელმაც ბრძოლის ადგილად შემოსაზღვრა დიდგორის ქედის ჩრდილოეთი მონაკვეთი, რომელიც ერთი მხრივ კოშკაყელის ქედს სწვდებოდა, ხოლო აღმოსავლეთით - ნიჩბისის ხევს. მეცნიერის თქმით, ქართული არმიის განლაგებისთვის დიდგორის ქედიდან რომ გაგეხედა, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს იგი ორ მთას შუა ტყით დაბურულ ხეობაში იყო განლაგებული. "არმია, რომელიც ესოდენ გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრძოლის წინ ერთ ხეობაში მოემწყვდეოდა, დავით აღმაშენებლის სარდლობის ღირსი არ იქნებოდაო", - დასძენს მეცნიერი.

ამ მსჯელობას თუ მივყვებით, დავით IV აღმაშენებელს დაუკავებია ტერიტორია ნიჩბისის ხევის სათავეების მიმდებარედ. აქვეა კოშკაყელის ქედი და მის სამხრეთით საკურთხისის მწვერვალი. ამ ადგილებში საბრძოლო ველი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს არის პატარა მთების მთელი სისტემა, თავისი ხევებით, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ვიწრო გასასვლელებით. იმ რაოდენობის არმიას, რომელიც შეიძლება დიდგორზე ყოფილიყო თავმოყრილი, ამ სივრცეზე მოძრაობა გაუჭირდებოდა. რაც მთავარია, ვიცით, რომ დავითმა მთელ ბრძოლას 3 საათი მოანდომა. მეტიც, მემატიანე აღნიშნავს, რომ "დავითისი ესეოდენთა მიმართ წინა-განწყობა სამ ჟამადმდე იყო, და ვერცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინა-დადგრომად". ამ მინიშნებით ისე გამოდის, რომ მტერმა ვერ შეძლო პირველი შეტაკების გაძლება და უკუიქცაო.

ფაქტია, ქართველთა პოზიცია იმდენად ხელსაყრელი იყო, რომ მათმა სამხედრო მანევრმა მოწინააღმდეგე დაფანტა და უკუაქცია. ივანე შაიშმელაშვილის მიერ შემოთავაზებული ადგილი კი ასეთ სახარბიელო პოზიციად ვერ ჩაითვლება. ჯერ ერთი, სანამ ამ ადგილას მივიდოდა ილ-ღაზი, მის მზვერავებს უნდა დაეკავებინათ დიდი თონეთ-მოხისის მიდამოებიდან კოშკაყელის ქედამდე არსებული სივრცე. მხოლოდ ასე შეძლებდა მტერი მისულიყო დავითის ბანაკამდე. ეს კი 12-14-კილომეტრიანი მონაკვეთია. ამ ტერიტორიაზე არსებული მთები მთლიანად ბატონობს მთელ არემარეზე. რა გამოდის, მტრისთვის ხელის გულზე მოჩანდა ქართველთა ბანაკი. ამასობაში კოალიციის სამხედრო ნაწილების მარშირებაც უნდა დაწყებულიყო. ფაქტობრივად, თურქ-სელჩუკები დაეუფლებოდნენ დიდგორის მთის 1800-მეტრიან სიმაღლეს და იმ პატარა გორაკებს, რომელიც გრძელდება კოშკაყელის ქედამდე და ნიჩბისის ხევის სათავეებამდე. ასეთ სიტუაციაში ილ-ღაზი ეუფლებოდა სტრატეგიულ სიმაღლეებს და გამორიცხულია, თურქ-სელჩუკებს ქართველთა პირველსავე დარტყმისას ზურგი ექციათ.

didgori-1624268717.jpg

დიდგორის ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა სოსო მარგიშვილმა თავის წიგნში "მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ". ამ ნაშრომის გამოსვლას საზოგადოებაში ნამდვილად არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოსო მარგიშვილის მონოგრაფიაში ყველაზე საკამათო მონაკვეთია დიდგორის ბრძოლის ლოკალიზაციისაა და მიმდინარეობის საკითხი. ბრძოლის ადგილთან დაკავშირებით ავტორი წერდა: "ჩვენი აზრით, ბრძოლის ზუსტი, ერთი კონკრეტული ადგილის ლოკალიზება არ არის საჭირო, რადგან ამ მიდამოებში ერთ ადგილას დაჯგუფებული ორი არმიის კომპაქტური ბრძოლის გამართვა არ იყო შესაძლებელი და ასეთი ხასიათის ბრძოლა აქ ვერ მოხდებოდა...

დიდგორის მიდამოების რელიეფის თავისებურებები, პრაქტიკულად, უშვებს ერთადერთ შესაძლებლობას, მომხდარიყო ჩასაფრებითი ბრძოლის ორგანიზება სამარშო კოლონით მოძრავი მუსლიმური არმიის წინააღმდეგ (რაც სავსებით ეთანხმება წერილობითი წყაროების ჩვენებებს). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრძოლის ადგილი არ შეიძლება ყოფილიყო ერთი კომპაქტური მონაკვეთი, იგი უნდა მომხდარიყო სამარშო კოლონის გაშლის გარკვეულ სიგრძეზე...

ბრძოლა მუსლიმებისთვის იყო მოულოდნელი და, შესაბამისად, დავით აღმაშენებლის არმიის თავდასხმისას ისინი ბრძოლისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები უნდა ყოფილიყვნენ". ავტორს მიაჩნია, რომ ქართველები ილ-ღაზის ლაშქარს მარშირებისას დაესხნენ თავს და რომ დავითმა ვერეს ხეობაში მოუწყო მათ ჩასაფრება. ილ-ღაზი, საერთოდ, დიდი მხედართმთავრული ნიჭით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არც იმდენად გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო, რომ თბილისისკენ მიმავალი გზის საგანგებოდ დაზვერვის გარეშე ჯარის მოძრაობა დაეწყო. საერთოდ, შუა საუკუნეებში, როგორც წესი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მარშირების დაწყებამდე რამდენიმეათასიანი მზვერავთა რაზმის მიერ გზის საგულდაგულოდ შემოწმება. ვერეს ხეობა საკმაოდ ვიწროა იმისთვის, რომ აქ რაიმე დიდი ბრძოლა გამართულიყო. სოსო მარგიშვილი წერს:

"12 აგვისტოს დილით, როდესაც ილ-ღაზის არმია მანგლისის მიდამოებიდან სოფლების, მოხისი-შამთა-დრე-ღვევის გავლით, მარშით მიემართებოდა ვერეს ხეობისკენ, ქართული არმიის ქვეითი ნაწილები ჩასაფრებულნი იყვნენ სოფელ ღვევის ჩრდილოეთით, მდინარე ვერეს შენაკადის დიდგორის ქედთან შეერთების ადგილას... ვერეს ხეობისკენ მიმავალ მტრის კოლონის ავანგარდს, სადღაც სოფელ ღვევის მიდამოებში თავს დაესხა გზის სიახლოვეს წინასწარ ჩასაფრებული ქართველ ცხენოსანთა მცირერიცხოვანი რაზმი, რომელიც ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკუიქცა დიდგორის ქედისკენ მდინარე ვერეს შენაკადზე გამავალი გზით...წაიკითხეთ ვრცლად ჯაბა სამუშიას ნაშრომი ჟურნალიდან "ისტორიანი"