„სიცოცხლის გზა“- სახიფათო გაყინული გზა ტბაზე, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო
მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და საზარელ პერიოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა.
იმის მიუხედავად, რომ მისი დასრულებიდან 75 წელზე მეტი გავიდა მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა მონაკვეთის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე ძალიან დიდია. დღევანდელ სტატიაში „სიცოცხლის გზისა“ და ლენინგრადის ბლოკადის შესახებ მოგითხრობთ.
ლენინგრადის ბლოკადის დროს (1941-44) „სიცოცხლის გზა“ (Дорога жизни) წარმოადგენდა ერთადერთ დამაკავშირებელ საშუალებას ქალაქში დარჩენილ მოსახლეობასა და გარესამყაროს შორის. მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა ლენინგრადი ალყაში მოაქციეს ქალაქში 2.5 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.
ბლოკადის დასაწყისი
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ნაცისტური გერმანიის დანაყოფებმა ძალიან სწრაფად მოახერხეს საზღვრის გარღვევა და სულ რამდენიმე თვეში ლენინგრადამდე და მოსკოვამდეც კი ჩააღწიეს.
1941 წლის სექტემბერში ლენინგრადი და მასში მცხოვრები მოსახლეობა საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა- ქალაქის სამხრეთით არსებულ ტერიტორიას ნაცისტური გერმანიის ჯარები აკონტროლებდნენ, ჩრდილოეთიდან კი გერმანიის მოკავშირე ფინელებმა გადმოლახეს საბჭოთა კავშირის საზღვარი და ლენინგრადამდე მიაღწიეს.
ქალაქი მტრის ჯარებით იყო შემოსაზღვრული და საბჭოთა კავშირის დანარჩენ ტერიტორიებთან სახმელეთო საზღვარი სრულიად ჩაკეტილი აღმოჩნდა.
ბლოკადის დაწყებისას ლენინგრადში არ იყო იმ რაოდენობის პროდუქტები და საწვავი, ალყაშემორტყმულ ქალაქს დიდხანს რომ გაეძლო. მასობრივი შიმშილობისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ტბის გადაკვეთით საკვები პროდუქტების ჩატანა იყო, რაც ხშირად წარუმატებლად მთავრდებოდა.
გერმანული არმია მასობრივ დაბომბვებს შეუდგა. ქალაქში რამდენიმე ათასი აალებადი ბომბი ჩამოაგდეს, გაანადგურეს საკვების ძირითადი საწყობები, რომელთა ნაკლებობაც ლენინგრადელებმა მალევე იგრძნეს.
1941 წლის ნოემბერში ნამდვილი შიმშილი დაიწყო. საკვების რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. მუშები დღე-ღამეში 250 გრამ პურს იღებდნენ. მოსამსახურეები, ბავშვები, მოხუცები - 125 გრამს.
დაიწყო შიმშილობა, სრული ქაოსი, ქურდობა, გახშირდა მკვლელობები - ერთი ნაჭერი პურისათვის და ბარათისთვის კლავდნენ ადამიანს. არბევდნენ მაღაზიებს, საცხობებს. ხალხი ქუჩაში ეცემოდა და კვდებოდა. სასოწარკვეთილები ჭამდნენ ყველაფერს - ძაღლებს, კატებს, ვირთხებს.
„სიცოცხლის გზა“
ლენინგრადის დატოვების ერთადერთი მარშრუტი ლადოგის ტბის გადაკვეთა იყო. ზამთრის სუსხიან დღეებში ქალაქის მაცხოვრებლებს უნდა გადაეკვეთათ ტბა და გაქცევით ეშველათ თავისთვის. გაყინულ ტბაზე გადასვლა ძალიან სარისკო იყო და ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა, თუმცა ალტერნატიული გზა არ არსებობდა...
ამას გარდა, ლადოგის ტბას გერმანელები ხშირად ბომბავდნენ. ტბაზე, აგრეთვე, მოქმედებდა ფაშისტების სამხედრო–საწყლოსნო ძალებიც.
ლენინგრადის ბლოკადას საკმაოდ ცივი, სუსხიანი ზამთარი დაემთხვა. ზოგჯერ ჰაერის ტემპერატურა -30 გრადუსამდეც ეცემოდა. შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი ყინვა ქალაქიდან თავის დაღწევის მსურველებისთვის ხსნა აღმოჩნდა, რადგან ტბის ზედაპირზე ყინულის საკმაოდ სქელი ფენა იყო, რაც ადამიანების წონას უძლებდა.
"სიცოცხლის გზის" მარშრუტები
3-წლიანი ბლოკადის მანძილზე ამ სახიფათო მონაკვეთის მეშვეობით მილიონზე მეტმა ადამიანმა მოახერხა გაქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ტბაზე გადასვლა ძალიან სახიფათო იყო და გერმანელებს ისინი ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაებომბათ, ლენინგრადელებს შიმშილით სიკვდილს მაინც გაქცევა ერჩივნათ.
ადგილობრივები გაქცევას ზოგჯერ ფეხეთ, ზოგჯერ კი ავტომობილებით ახერხებდნენ. ისინი ცდილობდნენ დიდ ჯგუფებად არ გადაადგილებულიყვნენ, რათა ნაცისტებს არ შეენიშნათ.
იყო შემთხვევები, როდესაც გვიან შემოდგომით ან გაზაფხულზე ყინულის ფენა საკმარისად მყარი არ იყო და ავტომობილები მგზავრებთან ერთად პირდაპირ გაყინულ წყალში ვარდებოდნენ.
ამასთან, საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა ქალაქისთვის საკვები რამენაირად მიეღწიათ. ხშირად ისინი მარხილებში შებმულ ცხენებს იყენებდნენ, რომლებსაც სწრაფად შეეძლოთ გადაადგილება. მათი მცდელობა უმეტესად წარუმატებლად სრულდებოდა, თუმცა ზოგჯერ მაინც ხერხდებოდა პროდუქტების ადგილზე ჩატანა.
1942-43 წლების განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლებამ ლადოგის ტბაში გზის მშენებლობა დაიწყო. იმ ადგილებში, სადაც ტბის სიღრმე რამდენიმე მეტრი იყო საწყის ეტაპზე 15 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა გაკეთდა. ამან „სიცოცხლის გზაზე“ გადაადგილება უფრო სწრაფი გახდა.
მოგვიანებით „სიცოცხლის გზას“ კიდევ ათობით კილომეტრი დაემატა. მაშინ როდესაც, ომში აშშ-ც ჩაება და გერმანიას ჯარების გადასროლა უწევდა, საბჭოთა კავშირმა ლადოგის ტბის გადაკვეთით ლენინგრადის მიმართულებით საკვების გადატანა და ჯარისკაცების გადაყვანა გაზარდა.
მსხვერპლი
1944 წლის ივნის-აგვისტოში საბჭოთა მეომრებმა საზღვაო ხომალდებისა და ავიაციის მხარდაჭერით ჩაატარეს ვიბორგისა და ჩრდილო-პეტროზავოდსკის ოპერაციები. 20 ივნისს აიღეს ვიბორგი, ხოლო 28 ივნისს - პეტროზავოდსკი.
საერთო ჯამში, ლენინგრადის ბლოკადა 872 დღე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათი 90%-ის სიკვდილის მიზეზი შიმშილობა გახდა.
„სიცოცხლის გზა“ დღეს
დღესდღეობით რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს „სიცოცხლის გზის“ მარშრუტის შენარჩუნებას, რადგან ის წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომისა და ლენინგრადის ბლოკადის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოსა და იმედის ნიშანს.
„სიცოცხლის გზას“ „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და ყოველწლიურად მას ათასობით ადამიანი სტუმრობს...
ბექა ბერიაშვილი