"ხალხი რას გვეტყვის... ვის ვაძლევთ ტაო-კლარჯეთს?" - რა მოხდა 100 წლის წინ, 1921 წლის 13 ოქტომბერს, ყარსში?
რამდენიმე დღის წინ სომხური გამოცემა "ლრაგირი“ («Լրագիր») ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში ვიზიტს გამოეხმაურა სტატიით: "ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრა ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ: ყარსის ხელშეკრულების "რესტარტისათვის“ ყველაფერი მზადაა“ (ავტორი - ნაირა აირუმიანი).
"ბოლო დროს საქართველო აგრძელებს თავის აქტიურობას აზერბაიჯანთან და სომხეთთან: ბათუმში მომხდარი უბედურებისა და საერთოდ, ქვეყანაში შექმნილი რთული საშინაო პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაინც უკიდურესად საჭიროდ ჩათვალა ერევანში ჩამოსულიყო, რათა "თავისი საათი ფაშინიანის საათთან გაესწორებინა“ - დღის წესრიგშია სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნების საკითხი - ერთი მხრივ, თურქეთიდან ნახჩივნის გავლით აზერბაიჯანისა და საქართველოსკენ და მეორე - ბაქოდან თბილისის გავლით, ყარსისაკენ.
საინტერესოა, რომ ქართველი პრემიერის შაბათის ვიზიტის შემდეგ გაცხადდა, რომ 12 აპრილს მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკება გაიმართებოდა. ეს ყველაფერი ხდება საქართველოს უარის ფონზე, რომლის მიხედვით, თბილისი მონაწილეობას არ მიიღებს კავკასიური პლატფორმის "სამი პლუს სამის“ ("3+3“) რეალიზებაში, რადგან მასში ოკუპანტი რუსეთიც მონაწილეობს. ამასთან, თბილისს აინტერესებს, მართლაც ნებაყოფლობით გახსნის თუ არა ერევანი "ზანგეზურის დერეფანს“, რომელიც თურქეთს რუსეთის მიმართულებით ტვირთების გადასაზიდად სჭირდება.
ერევნის თანხმობა რომ არ არსებობდეს, განა ფაშინიანი პუტინს შეხვდებოდა? თანაც მათი შეხვედრა როგორ თარიღს დაემთხვა - ყარსის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინა დღეს.
უეჭველია, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილი, რუსეთის ზეწოლით, აზერბაიჯანს "ტყვიის გაუსროლელად“ ჩაბარდება. ყველაფერი მზადაა გეოპოლიტიკური საზღვრების შესაცვლელად და ყარსის ხელშეკრულების "რესტარტისათვის", - ვკითხულობთ სტატიაში.
რა მოხდა 100 წლის წინ, 1921 წლის 13 ოქტომბერს, ყარსში?
1921 წლის სექტემბრის დასაწყისი თბილისში უჩვეულოდ ცხელი გამოდგა. გაზეთები წერდნენ, მთელ ამიერკავკასიაში დიდი სიცხეებია - არამარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში და სომხეთშიცო. რუსთაველის გამზირზე, სასახლეში, სადაც რამდენიმე თვის წინ დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრება მუშაობდა, ახლა კომუნისტური "კავბიუროს“ და საქართველოს რევკომის წევრები შეკრებილიყვნენ და თათბირობდნენ. შენობაში ქუჩასთან შედარებით გრილოდა, მაგრამ თათბირზე მაინც "ცხელი“ კამათი მიდიოდა - იხილებოდა "ახალ თურქეთთან“ ურთიერთობის საკითხი.
სიტყვით სერგო ორჯონიკიძე გამოდიოდა.
სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე
- ამხანაგებო, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობები, განსაკუთრებით საზღვრების საკითხში, - ამბობს სერგო და ალმაცერად უყურებს ბუდუ მდივანს, მიხეილ სვანიძეს და სერგო ქავთარაძეს, რომლებიც მოღუშულები სხედან, - ყარსში შეხვედრამდე, ვიდრე კონფერენცია დაიწყება, მტკიცედ უნდა დავთქვათ და შევთანხმდეთ, რომ რაიმე ზედმეტი და გადაბრუნებული სიტყვა ნათქვამი არ იქნება... ამ დღეებში ასევე შევხვდებით და ვითათბირებთ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ ამხანაგებთანაც...
ბუდუ მდივანი
სერგო ორჯონიკიძეს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ რევკომის თავმჯდომარე ბუდუ მდივანი მოულოდნელად წამოდგა და მკვახედ თქვა:
- ამხანაგო სერგო, შენთვის ადვილია თქმა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?
სერგოს სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა...
- დიახ, ჩვენ რა ვქნათ? - გაიმეორა ბუდუმ, - ხალხი რას გვეტყვის - მენშევიკებმა მთელი საქართველო გააერთიანეს, თქვენ კი ჩვენს მამა-პაპათა ისტორიულ მიწა-წყალს ანიავებთო? ცოტა მივეცით მეზობლებს? თანაც ახლა ვის ვაძლევთ ტაო-კლარჯეთს - თურქებს, რომლებიც მეგობრებად მიგვაჩნია? განა მათ ჩემზე კარგად იცნობ? ანგორაში, მუსტაფა ქემალის მთავრობასთან, სამი თვე ვიყავი საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი და შიგნიდან ვხედავდი ყველაფერს... ვიცი, ეგენი რა ხვითოებიც არიან.. მე ვფიქრობ, რომ მოსკოვში მოლაპარაკების დროს თურქებს ბევრი რამ დავუთმეთ და იქნებ ახლა მაინც ვცადოთ ცუდი საქმის ნაწილობრივ გამოსწორება...