თემურლენგის წყევლა: რატომ დააბრუნებინა სტალინმა დიდი ემირის თავის ქალა სამარხში
თემურლენგი (1336-1405 წწ.), ჩინგიზ-ყაენის ერთ–ერთი შვილთაშვილი იყო და მას სამშობლოში თემირს (თურქულად, «რკინა») ეძახდნენ. მან უდიდესი როლი შეასრულა შუა საუკუნეების ისტორიაში. თემურლენგმა სახელი წინა აზიაში, ინდოეთში და ჩინეთში ლაშქრობებით გაითქვა. დაიპყრო ხვარზმი და გაანადგურა ოქროს ურდო. აზიის დიდი ნაწილის დაპყრობის შემდეგ, მან ძლიერი სახელმწიფო შექმნა, რომლის დედაქალაქი სამარყანდი იყო. ხოლო, თავად თემურლენგი «დიდი ემირის» წოდებას ატარებდა.
თუმცა, მას მხოლოდ ომები და ხელისუფლება არ აინტერესებდა.
გადმოცემით, ის ძალიან ჭვიანი და განათლებული ადამიანი იყო, იცოდა რამდენიმე ენა, მათ შორის, სპარსული და არაბული, გათვითცნობიერებული იყო მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. იცოდა ისტორია, ფილოსოფია, უყვარდა ლიტერატურა...
ის 1405 წლის 18 თებერვალს ქ. ოტრარში (ყაზახეთი) გარდაიცვალა. მისი ბალზამირებული სხეული შავი ხისგან დამზადებულ სარკოფაგში მოათავსეს, რომელსაც ზემოდან ვერცხლის ბროკატი (ფარჩა) ჰქონდა შემოკრული და სამარყანდში გადაასვენეს. დიდი ემირი, იმ პერიოდისთვის, ჯერ კიდევ დაუსრულებელ, გურ-ემირის მავზოლეუმში დაკრძალეს, რომელიც შემდგომში, მისი ოჯახის საგვარეულო მავზოლეუმად იქცა.
როგორ გაჩნდა ლეგენდა, წყევლის შესახებ
თემურლენგის ნეფრიტის საფლავის ქვაზე, უამრავი წარწერაა არაბულ ენაზე. ლეგენდის მიხედვით, ერთ–ერთის შინაარსი ასე ითარგმნება: «როდესაც ავდგები, სამყარო შეინჯღრევა». სხვა ვერსიით, სარკოფაგის შიგნით ასეთი წარწერა იყო: «ყველა, ვინც ჩემს სიმშვიდეს დაარღვევს, ამ, თუ მომდევნო ცხოვრებაში, ტანჯვა ელის და დაიღუპება».
გადმოცემით, 1747 წელს, მისი საფლავის ქვა ნადირ-შაჰმა (ირანის შაჰი, 1736–1747 წწ.) წაიღო და იმავე დღეს, ირანში, დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ხოლო, თავად შაჰი, რომელიც ისევ სამარყანდში იმყოფებოდა, ავად გახდა. ქვა მაშინვე ადგილზე დააბრუნეს, ხოლო ნადირ–შაჰი სამშობლოში დაბრუნდა.
საბედისწერო გათხრები
1941 წლის ივნისში საბჭოთა ხელისუფლებამ გურ-ემირის მავზოლეუმის სამარხების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო – დირექტივას ხელს, თავად სტალინი აწერდა. გათხრების ოფიციალური მიზეზი, უზბეკი პოეტის ალიშერ ნავოის (1441–1501 წწ.) იუბილე იყო, რომელიც თემურიდებთან დაახლოვებული პირი იყო.
თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გათხრების რეალური მიზეზი, სამარხში ძვირფასი არტეფაქტების აღმოჩენის იმედი იყო. სამარხის გახსნა 21 ივნის, დილით დაიწყო და თითქოს რაღაც, უხილავი ძალა, ამ პროცესს, ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა. ჯერ იყო, და შუქი ჩაქრა, შემდეგ — ჯალამბარი გაფუჭდა.
შესვენების დროს, სადილზე, კინოოპერატორი მალიკ კაიუმოვი, რომელიც ყველაფერს ფირზე აღბეჭდავდა, ახლომდებარე ჩაიხანაში წავიდა და იქ სამ მოხუცს შეხვდა. ერთ–ერთმა მას ხელნაწერი წიგნი აჩვენა. წიგნი არაბულ ენაზე იყო და მასში შემდეგი რამ ეწერა: «ვინც თემურლენგის სამარხს გახსნის — მეომრის სულს გაათავისუფლებს... და იქნება დიდი ხოცვა–ჟლეტა, ისეთი სისხლიანი და საშინელი, როგორიც სამყაროს არასდროს უნახავს».