"ხრუშჩოვკის" ისტორია - რა არ იცით კორპუსებზე, რომლებშიც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატარეთ | Allnews.Ge

"ხრუშჩოვკის" ისტორია - რა არ იცით კორპუსებზე, რომლებშიც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატარეთ

ე.წ. "ხრუშჩოვკა" პოსტსაბჭოთა სივრცის არქიტექტურული "შედევრია". ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის მოსახლეობის ლამის ნახევარზე მეტი ასეთი ტიპის საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობს. იმის გამო, რომ საქართველოც ამ სივრცის ნაწილი იყო, ცხადია, ამ მახინჯი შენობებით გაშენებულ უბნებსა და მიკრორაიონებს ვერ ასცდა.

"ხრუშჩოვკა" ნიკიტა ხრუშჩოვის (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1953-1964 წლებში) პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსებია, რომლის პროექტიც მართალია არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნის, თუმცა ხალხში მას დღემდე "ხრუშჩოვკის" სახელით მოიხსენიებენ.

dxilku4wkaacog2-1635399673.jpg

პროექტი, რომელიც მასობრივად საბჭოთა კავშირში 1960-1980-იან წლებში აქტიურად მუშაობდა, ასე დაიწყო: 1947-1951 წლებში საბჭოთა არქიტექტორები საბინაო კრიზისის გადასაჭრელად და დანახარჯების, ასევე დროის შემცირების მიზნით, სხვადასხვა ტექნოლოგიას ამუშავებდნენ. 1950 წელს, არქიტექტორთა ყრილობაზე, რომელსაც მოსკოვის საქალაქო პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკიტა ხრუშჩოვი უძღვებოდა, არქიტექტორებს მთავარ ამოცანად მან დაბალფასიანი, სწრაფი ტექნოლოგიები დაუსახა და მალე, მოსკოვში, ბეტონის ფილების ჩამომსხმელი 2 ქარხანა გახსნა.

6329821-original-1635399755.jpg

იმ დროისთვის, ბინების მშენებლობის მიმართულებით რამდენიმე ექსპერიმენტული პროექტი უკვე ხორციელდებოდა, თუმცა მზა ბეტონის პანელებმა ყველას აჯობა და სხვა საშუალებები და ინდივიდუალური სახლების მშენებლობა როგორც გაუმართლებელი ტექნოლოგია, დაივიწყეს, რადგანაც ტრადიციული აგურით მშენებლობა შრომატევადი იყო, ამ პროექტებს საკმარისი დრო მიჰქონდა და გადატვრთული ქალაქების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

მოკლედ, 1954-1961 წლებში ინჟინერმა ვიტალი ლაგუტენკომ, რომელიც მოსკოვის ქალაქმშენპროექტის უფროსი იყო, დააპროექტა და სერიულ ინდუსტრიალიზებული მშენებლობის პროცესის გამოცდა დაიწყო, რომელიც ბეტონის პანელების ქარხნებსა და დაჩქარებული აწყობის სისტემას ეყრდნობა.

1961 წელს ლაუგატენკოს ინსტიტუტმა მზა ხუთსართულიანი შენობის პროექტი "კ-7" შეიმუშავა, რომელიც "ხრუშჩოვკის" პროტოტიპი გახდა. თავიდან, 1961-1968 წლებში ამ ტიპის 64.000 შენობა (3.000.000 მ2) აიგო. თავად მოსკოვში, ადგილის უკმარისობის გამო, ამ პროექტით 9-12-სართულიანი შენობების აგება გახდა საჭირო, ხოლო ბოლო ხუთსართულიანი ხრუშჩოვკა იქ 1971 წელს აიგო.

პროცესი ისეთი სწრაფი და ეკონომიური აღმოჩნდა (ხარისხს არავინ ჩიოდა), რომ ამ ტიპის ბინების მშენებლობა მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყეს, რაც თითქმის 1980-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.

146150513114525331-1635399925.jpg

ამ ტიპის სახლში ჭერი 2,5 მ-ს არ აღემატებოდა, შიდა კედლებს ხმის ცუდი იზოლაცია ჰქონდა. ამ სახლებში არ იყო ლიფტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ხრუშჩოვკების" პირველი სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად შეიქმნა და 25 წელზე იყო გათვლილი, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს. ხოლო "მყარი" "ხრუშჩოვკების" სერია 50 წელზე იყო გათვლილი, გამოკვლევით დადგინდა, რომ დროული კაპიტალური რემონტის შემთხვევაში, მათი რესურსის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი.

ადრეულ პროექტებს კრამიტის ან შიფერის გადახურვები ჰქონდა. გვიანდელ პროექტებში სახლებს სახურავები შეუცვალეს, რასაც ზედ საიზოლაციო მასალა ჰქონდა მოყრილი, სხვენს კი მცირე ზომის სავენტილაციო ნახვრეტები გაუკეთდა...

2019092123050136558-1-1635400012.jpg

საქართველოში 90-იან წლებში მოსახლეობამ ამ ტიპის საცოვრებელ სახლების თვითნებური მიშენება-მოშენაბა-დაშენება დაიწყო. რითაც საბჭოთა არქიტექტურის "შედევრი" კიდევ უფრო დამახინჯდა, რის მაგალითებსაც ქალაქში თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე საკმარისად ვაწყდებით...

"ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებით, ქალაქის არქიტექტურის სამსახურს მიხედვით, ამ შენობებთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ მიღებულია დადგენილება ნომერი 14/39, რომლის მეოცე მუხლი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაშენება-მიშენება და მანსარდის მოწყობას არეგულირებს:

241587687-384-0-1618-1234-1920x0-80-0-0-1e99136b4114f7c525376f3a5e732230-1635400161.jpg

"სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომელთა საცხოვრებლის სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 2,7 მ-ზე ნაკლებია, არ გააჩნიათ ლიფტი, რომელთა ექსპლუატაციის ვადა მაქსიმუმ 50 წლამდეა განსაზღვრული".

აი, ეს გახლავთ ძირითადი მახასიათებლები, რომელის მიხედვითაც აკრძალულია ყოვლგვარი მიშენება-მოშენება, მანსარდის მოწყობა, რადგანაც, ამ პროცესმა მათ სეისმომედეგობა და კონსტრუქციულ მდგრადობაც ხელი არ შეუშალოს. მოკლედ, ამ შენობებზე სამშენებლო სამუშაოები მიზანშეწონილი არ არის, რომ ზედმეტმა სამუშაომ, თუ სიმძიმემ ისინი საბოლოოდ არ გამოიყვანოს მდგომარეობიდან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE