წყალში გადაყრილი მილიონები- ყველაზე უსარგებლო გრანდიოზული პროექტები მსოფლიოში
მსოფლიოში უმარავი გრანდიოზული პროექტია განხორციელებული, რომელთა შექმნაზეც მილიარდები დაიხარჯა. იმის მიუხედავად, რომ უზარმაზარი ცათამბჯენების, ხიდების, სასახლეებისა თუ სხვა შენობების აშენებაზე კოლოსალური თანხები დაიხარჯა, მათმა უმეტესობამ მოლოდინი გაამართლა და საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა.
დღევანდელ სტატიაში იმ გრანდიოზულ პროექტებზე გიამბობთ, რომელთა შექმნაზეც საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, თუმცა სულ ტყუილად.
მადრიდის ცენტრალური აეროპორტი
2010-იან წლებში ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ მადრიდის ცენტრალური აეროპორტის აშენება გადაწყვიტა. მათი აზრით, ესპანეთის პოპულარობა მომავალში სულ უფრო გაიზრდებოდა და ქვეყანას ყოველწლიურად დამატებით მილიონობით ადამიანი ესტუმრებოდა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მადრიდთან ახლოს ისედაც არსებობდა რამდენიმე აეროპორტი, რომლებიც მგზავრთა გაზრდილ ნაკადებს თავისუფლად იღებდნენ. ამასთან, მადრიდის „ცენტრალური აეროპორტი“ რეალურად ქალაქიდან 200 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. შესაბამისად ტურისტებს არ ჰქონდათ სურვილი რამდენიმე საათი ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე მისვლაში დაეხარჯათ.
აეროპორტის მშენებლობა 2009 წელს დასრულდა და საერთო ჯამში 1.3 მილიარდი დოლარი დაჯდა. კომპანიის გაკოტრების შემდეგ ის ძალიან იაფად გაიყიდა.
The Word, არაბთა გაერთიანებული საამიროები
The Word ხელოვნური კუნძულებია, რომლებიც მსოფლიო რუკას ჰგავს. მისი მშენებლობა დუბაიში 2003 წელს დაიწყო. თუმცა კუნძულების აშენების შემდეგ მათი შეძენისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სურვილი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა.
ამჟამად, მშენებლობები მხოლოდ რამდენიმე კუნძულზე მიმდინარეობს. პროექტის ბედი უცნობია.
ნაიპიდავი, მიანმარი
2002 წელს მიანმარის სამხედრო საბჭომ, რომელიც ქვეყანაში გადატრიალების გზით მოვიდა გადაწყვიტა, ქვეყნის ახალი დედაქალაქი აეშენებინა და პროექტზე მუშაობა დაიწყო. 2005 წელს მათ განაცხადეს, რომ ქალაქს ნაიპიდავი- „მეფის რეზიდენცია“ დაერქმეოდა და ხელისუფლება აქ ეტაპობრივად გადავიდოდა.
ხელისუფლებამ ნაიპიდავი დედაქალაქად მალევე გამოაცხადა. ქალაქში აშენდა სამთავრობო შენობები, სასტუმროები, სასახლეები, ფართო ქუჩები... თუმცა ქალაქში ამჟამად რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ნაიპიდავი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ის საცხოვრებლად არც ისე ხელსაყრელია. ქალაქში ძირითადად მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმებრები ცხოვრობენ. ამასთან, რეგიონი ეკონომიკურად არ არის განვითარებული და ძალიან ცოტა სამუშაო ადგილია.
მიანმარის ძველი დედაქალაქის იანგონის 7-მილიონიან მოსახლეობას კი ნაიპიდავში გადასვლა არ სურს.
ჰალანდსესის გვირაბი, შვედეთი
ჰალანდსესის გვირაბის მშენებლობა 1992 წელს დაიწყო და ის 8 კილომეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო. პროექტის მშენებლობას ხელი გრუნტის წყლებმა შეუშალეს და რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდნენ, რომ მისი მშენებლობა შეუძლებელი იქნებოდა. 3 წლის ნაცვლად მისი მშენებლობა 15 წელს გაგრძელდა და 1.3 მილიარდი დოლარი დაჯდა და პირვანდელ ბიუჯეტზე ბევრად მეტი აღმოჩნდა.
თანაც, გვირაბის არც ისე ბევრი ადამიანი იყენებს და საბოლოო ჯამში, შვედეთს ფულის წყალში გადაყრა მოუწია.
ბურჯ ალ-ბაბასი, თურქეთი
ბურჯ ალ-ბაბასის მშენებლობა თურქეთში 2014 წელს დაიწყო და საერთო ჯამში, 500-ზე მეტი „მინი-ციხესიმაგრე“ აშენდა. თურქეთის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ მათი შეძენის სურვილი უამრავ ადამიანს ექნებოდა და ტურისტული ინფრასტრუქტურა მალე განვითარდებოდა. პროექტზე 200 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.
თუმცა, ბევრისთვის ციხესიმგარეები არა დისნეის ულამაზეს სასახლეებთან, არამედ შემზარავ მოჩვენებათა ქალაქთან ასოცირდებოდა.
ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ციხესიმაგრეს ჰყავს მფლობელი, კურორტზე სამშენებლო და კეთილომოწყობის სამუშაოები შეჩერებულია.
ბექა ბერიაშვილი