"დემნას მაშინ დიმას ვეძახდით, მორცხვი იყო და სულ შავი ტანსაცმელი ეცვა" - უცნობი ფაქტები მსოფლიოში ცნობილ დიზაინერზე
დაიბადა სოხუმში, აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილის სტატუსით თბილისში აღმოჩნდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად დემნა გვასალია Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერია. სოხუმის დატოვების შემდეგ საცხოვრებლის შეცვლა რამდენჯერმე მოუხდა, მოდის სფეროში თავისი სტილის საპოვნელად კი საკმაო დრო დასჭირდა.
მეგობრებთან (Margiela-დან) შექმნა Vetements (ფრანგულად "ტანსაცმელი"), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა, თავისი ხედვა მსოფლიოსთვის გაეზიარებინა. 2016 წლის FASHION AWARDS-ის დაჯილდოებაზე, მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის პრიზი აიღო. Vetements დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ხაზმა ტრადიციული მოდის კოდები დაანგრია, რადგანაც მისი გუნდი სხვა მოდის სახლებისგან სხვა ხედვით გამოირჩეოდა. ტანსაცმელი, რომელიც მოდის ჩვენებებზე გამოჰქონდათ, მაღაზიებში უნდა გაყიდულიყო. დიზაინერის ნამუშევრები არის რეალისტური და სატარებლად კომფორტული.
ეს ქართველი დიზაინერის წარმატებული ბიოგრაფიის წარმატებული ეპიზოდების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მან საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია.
თუმცა ბევრმა ალბათ მისი ბიოგრაფიიდან ეს ეპიზოდი ნაკლებად იცის, როდესაც დემნა გვასალია საქართველოს "პირველ არხზე" საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" ინგლისურენოვან ჯგუფში მუშაობდა და გამოშვებისთვის ტექსტებს ამზადებდა.
სალომე დადუნაშვილი, ჟურნალისტი:
- "მოამბეში" ბევრი ახალგაზრდა მუშაობდა, მაგრამ მაშინ არ იყო იმდენი ადამიანი, რომელიც ინგლისურ ენას ფლობდა. „მოამბეში“ კი ყოველდღე სააგენტო "როიტერის" ინგლისურენოვანი მასალა მოდიოდა, რომელსაც შესაბამისი მომზადება სჭირდებოდა. ამას აკეთებდა ჯგუფი ია მახარაშვილის ხელმძღვანელობით.
დემნა (მაშინ დიმას ვეძახდით) იამ იპოვა. ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ამ ჯგუფს ეხმარებოდა, ინგლისურენოვან ტექსტებს ამზადებდა. ჩვენ, როგორც „მოამბის“ ჟურნალისტებს, მასთან ყოველდღიური შეხება გვქონდა. ეს პერიოდი არაჩვეულებრივად მახსოვს. დიმა იყო უაღრესად მოკრძალებული, მორცხვი პატარა ბიჭი, რომელიც ყოველთვის ჩუმად იყო. როგორც კარგი და სასიამოვნო ადამიანი, ასე გავიცანი. ეცვა ყოველთვის შავი ფერის ტანსაცმელი. თუმცა მასზე არავითარი ინფორმაცია არ გვქონდა. მისი ჩვენთან ყოველდღიური ურთიერთობა მხოლოდ ერთი-ორი საათით შემოიფარგლებოდა...
ერთხელ, ერთ-ერთმა ვიზაჟისტმა დაიჩივლა, რაღაც ღონისძიებაზე მივდივარ, რომელიც ცოტათი განსაკუთრებულ ჩაცმულობას მოითხოვს და არ ვიცი, რა ვქნაო... ყველანი სამონტაჟოში ვიყავით. ჩვენმა ჩუმმა ასისტენტმა უცებ თქვა, მე მოდით ვარ დაინტერესებული და მაქვს რაღაც ნამუშევრები, ხომ არ გინდა, რომ გაჩვენო, იქნებ გამოგადგესო. დიდი სიხარულით დასთანხმდა. მასთან სახლში წავიდა, გამოეწყო დიმას შექმნილი კაბით და იმ ღონისძიებაზე ასე წავიდა. ასე გაირკვა, რომ ის თურმე მოდით იყო დაინტერესებული.
ლალი ფაცია