5 უცნობი ფაქტი თბილისზე, რომელიც სკოლაში არ ისწავლება
თბილისის საინტერესო ისტორიაში არსებობს ისეთი ფაქტები, ამბები, რომელთა შესახებაც ბევრს არც სმენია და ისინი არც სკოლაში ისწავლება.
თბილისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილი ყაჩაღი, დაუნდობელი ავაზაკი - ტატო წულუკიძე ცხოვრობდა, რომელიც ბოლოს ავლაბარში ჩამოახრჩვეს. სწორედ ეს ტატო ჰყავს ილიას მოთხრობაში პროტოტიპად გამოყენებული.
იმ სასაკლაოს შესახებ სხვებიც წერდნენ, მაგალითად, დიუმა. ქალაქში რომ შემოვიდა, ამაღლებულ ადგილას აღმართული სახრჩობელა დაინახა, რომელზეც კაცი იყო ჩამომხრჩვალი... მერე იმ ადგილს "ვარდის მოედანი" დაერქვა, იმ მოსაზრებით, რომ იქ ბევრი სისხლი იღვრებოდა...
***
ქაშუეთის ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში ინგრეოდა. დავით სარაჯიშვილმა მისი განახლება გადაწყვიტა. ჯერ შეასწავლინა, რამდენად შეიძლებოდა მისი გამაგრება, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, გამაგრებისთვის გაღებული თანხა, უაზრო ხარჯი იქნებოდა, არაფრით განახლდებოდა და ამიტომ, მეცენატის ინიციატივითა და დაფინანსებით, გადაწყვიტეს, დაენგრიათ ძველი ქაშუეთი და მის ნაცვლად, ახალი ეკლესია აეგოთ. ახლის აშენება გერმანელ არქიტექტორს, ბილ ფელდს სთხოვეს.
სარაჯიშვილს სამთავისის ტაძარი მოსწონდა და უთხრა, რომ ნიმუშად ის აეღო. ბილ ფელდმა მართლაც ააგო ქაშუეთი, მაგრამ ბევრი მისი შექმნილით უკმაყოფილო დარჩა. სამთავისისგან განსხვავებით, ტაძარი ცივი გამოვიდაო, - მაშინ ასე ამბობდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ გერმანელი ვერ ჩასწვდა ქართული საკულტო ნაგებობის არქიტექტურას.
***
ყველამ იცის თბილისში, ზემო ჩუღურეთში, ერთ-ერთი დასახლება - სვანეთის უბანი, რომელიც ბევრს ჰგონია, რომ რადგან მაღლაა, ამიტომ ჰქვია სვანეთის უბანი და ასევე იმასაც ამბობენ, რომ იქ ადრე სვანები ცხოვრობდნენ და ეს სახელი ამიტომ ეწოდაო. არადა, ამ უბნის ტერიტორიაზე ადრე ტყე იყო და იქაურობა დაუსახლებელი ტერიტორია გახლდათ.
XIX საუკუნის ბილოს იქ გორის რაიონის სოფელ სვენეთიდან ხალხი ჩამოსახლდა და იქაურობა აითვისეს. მოკლედ, იქ სვენეთელები დასახლდნენ. თავიდან, "სვენეთის უბანს" ეძახდნენ, მერე ამ სიტყვამ "სვენეთი" გარკვეული ცვლილება განიცადა და გახდა "სვანეთი".
***
ფუნიკულორი, რომელიც 1905 წელს აშენდა, თბილისს ძალიან უხდება. ახლაც კი ძვირი დაჯდებოდა იმ ციცაბო ფერდობზე მისი აშენება, ლიანდაგების გაყვანა, მით უფრო მაშინ... ბევრს ჰგონია, რომ რადგან კარგი ხედია იქიდან, კარგი სასეირნო ადგილია, ფუნიკულორიც ამიტომ გაკეთდა. სინამდვილეში ასე არ არის. მშენებლობა XX საუკუნის დასაწყისში იქ იმიტომ წამოიწყეს, რომ ზემო ქალაქის გაშენებას აპირებდნენ, რადგანაც თბილისი მტკვრის აღმა და დაღმა ძალიან გაიწელა, ფიქრობდნენ, რომ მთაწმინდის პლატო ახალი ქალაქისთვის გამოეყენებინათ. იქაურობა მართლაც მიწის ნაკვეთებად დაიყიდა, დაიხაზა, ქუჩათა ქსელიც შეიქმნა.
ლალი ფაცია