
რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა" ბევრისთვის საყვარელი ფილმია, მაგრამ ფართო მაყურებელმა ალბათ არ იცის, ვინ არის მისი სცენარის ავტორი და რა წინააღმდეგობები ჰქონდა ფილმს, სანამ მაყურებლამდე მივიდოდა.
მწერალსა და კინოდრამატურგს ომის თემა სხვა ქართული ფილმებისთვის შექმნილ სცენარებშიც აქვს გამოყენებული. სწორედ, სულიკო ჟღენტია იმ ცნობილი ფილმების სცენარის ავტორი, როგორიცაა - "ღიმილის ბიჭები," "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "ფესვები" "ნერგები" და კიდევ ბევრი ცნობილი სურათი, უმეტესობას, როგორც ბატონი სულიკოს შვილი, ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტი გვეუბნება, ნამდვილი ამბები უძღვოდა წინ... მან მამის შესახებ წიგნი - "როგორ შერჩები მარადისობას" დაწერა.
ამჯერად გვინდა სულიკო ჟღენტის უკვდავი "ჯარისკაცის მამა" გავიხსენოთ, რომელიც სცენარისტის, რეჟისორისა და მსახიობის (სერგო ზაქარიაძე) სრულფასოვანი შემოქმედებითი ურთიერთობის ნიმუშია.
როგორც მწერლის ჩანაწერებიდან ირკვევა, "ჯარისკაცის მამის" სცენარი საბჭოთა ცენზურამ უარყო. მესამე ვარიანტზე ხელშეკრულება გაწყვიტეს და გადაწყდა, რომ ფილმს აღარ გადაიღებდნენ. რომ არა რეჟისორის პრინციპულობა, სურათი მართლა აღარ შეიქმნებოდა...
სცენარისტის საარქივო მასალებში დაცულია 5 ერთმანეთისგან განსხვავებული სცენარის ვერსია. თითოეულზე ავტორს ინტენსიურად უმუშავია, ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავებულია და იცვლებოდა სასცენარო განყოფილებების რედაქტორების მოთხოვნებისა და მითითებების მიხედვით. თუმცა, მთავარი დრამატული მოტივი და ფაბულა - ის, რომ მამა შვილს დაეძებს, ყველგან უცვლელი იყო.
ომში შვილის საძებნელად წასულ გლეხკაცს სისასტიკე აიძულებს ჯარისკაცად იქცეს. სცენარის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნით, ამბავი ჰოსპიტალშივე უნდა დასრულებულიყო. ამის გამო ვერ განზოგადდებოდა და ვერც ტრაგედიის მასშტაბს შეიძენდა, მაგრამ ფილმის ავტორებმა ფაბულა არ შეცვალეს.
სულიკო ჟღენტი საკუთარ ბიოგრაფიას დაესესხა - მას მშობლები ფრონტზე დაეძებდნენ, როდესაც 17 წლისა პირველად დაიჭრა. ომში მოხალისედ იყო წასული. რადგან მას ეს ყველაფერი განცდილი და გადატანილი ჰქონდა, სცენარშიც განსხვავებულად გაიაზრა ომის ტრაგედია. აი, რას წერს მოგონებებში ჟღენტი:
"...ვერ მივაღწიე რაიხსტაგს, იარაღი უკანასკნელად 1944 წლის 25 იანვარს მეჭირა ხელში. მკერდში ჩარჩენილი ტყვიის გამო დემობილიზაციით გამომიშვეს შინ. ტყვიის ნაწილებს, სადღაც გულთან ჩარჩენილს დღემდე დავატარებ სხეულით. ბერლინში 21 წლის შემდეგ მოვხვდი, უკვე გიორგი მახარაშვილთან, - ჩემი სცენარის მიხედვით, რეჟისორი რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული ფილმის "ჯარისკაცის მამის" გმირთან ერთად...
მეკითხებიან, სერგო ზაქარიაძის მიერ შესრულებული გმირის სახე თქვენ შეთხზეთ თუ ცხოვრებამ გიკარნახათ? პასუხი ასეთია: სიმართლის გამოგონება შეუძლებელია, ერთ სახეში მოვუყარე თავი ომის გზაზე შეხვედრილ ადამიანთა სახეებს... ჯარისკაცის მამა - გიორგი მახარაშვილი - ჩემთვის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კახელი მევენახეა. ჩვენ ერთ ასეულში ვმსახურობდით. მახსოვს მისი მოუსვენარი, შრომისმოყვარე ხელები. დიახ, ის დედაჩემია, რომელიც ჩემს სანახავად ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოვიდა, მაგრამ ჰოსპიტალში ვერ მომისწრო. ის მამაჩემიცაა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში სკოლაში სიკეთეს ასწავლიდა... განაგრძეთ კითხვა
ლალი ფაცია