"სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მივხვდი, ეს იყო დასჯა"- რას საქმიანობდა მიხეილ ცაგარელი, ვიდრე ასტროლოგი გახდებოდა?
მიხეილ ცაგარელს, როგორც ასტროლოგს, ყველა კარგად იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ყოფილი მუსიკოსია – სამგზის ლაურეატი და გიტარის დაკვრის ხელოვნებასაც კარგად ფლობს. წლების წინ, როცა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი შექმნა და ბიტლომანი გახდა, ჰიპობაც კარგად გამოსდიოდა, არც დროს ტარება აკლდა და თაყვანისმცემლებითაც განებივრებული იყო.
თუმცა, ამის გამო, მკაცრად დაისაჯა და როგორც თავად ამბობს, დაავადება გახდა სწორედ მისი ასტროლოგიით დაინტერესების მიზეზი.
მიხეილ ცაგარელი:
- აფხაზეთში, სოხუმში დავიბადე და იმ მიწის ენერგეტიკა ჩემთან ძალიან ახლოსაა. ახლაც მენატრება. მახსოვს, ჩემი სახლი, პარკთან, ორჯონიკიძის ქუჩაზე იდგა და იქ, ენერგეტიკულად ყველაზე კარგად ვგრძნობდი თავს. იქ საოცარი ცა იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი. დავჯდებოდი და საათობით ვუყურებდი. სწორედ იქ გამიჩნდა კითხვები: ნეტავ, საიდან ამოდის მთვარე, რატომ დიდდება და მცირდება, რატომაა ამდენი ვარსკვლავი? მერე, მეზობელი გარდამეცვალა და ვერ გავიგე, რა მოხდა, სად წავიდა, რა ხდებოდა. ასე რომ, ეზოთერული თუ ასტროლოგიური კითხვები, სწორედ აფხაზეთში, ბავშვობაში დამებადა. მაგრამ, პასუხები არ მქონდა. სკოლამდე იქ ვცხოვრობდი, სკოლაში კი თბილისში შემიყვანეს. თუმცა, ყოველ ზამთარ-ზაფხულს, ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდი იქ. ომამდე, ხუთი წლით ადრე გაყიდეს ის სახლი და ისინიც თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
- ახალგაზრდობაში ყველა როგორც მუსიკოსს, ისე გიცნობდათ და მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს გრძელთმიანი, მაღალი, მოდურად ჩაცმული და "შლაქსებში“ გამოწყობილი ბიჭი, ერთ დღესაც, ცნობილი ასტროლოგი გახდებოდა. ასეა?
- ნამდვილად (იცინის). სხვათა შორის, ჩემი მუსიკალური განათლებაც აფხაზეთში ცხოვრების პერიოდს უკავშირდება. ბაბუა გიტარაზე კარგად უკრავდა. ის და ბებია ხმებში საოცრად მღეროდნენ. დეიდაჩემი კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. ვოკალისტი იყო და ძალიან კარგად მღეროდა ჯაზს. მახსოვს, სოხუმში კარგად იჭერდა უცხოურ არხებს რადიო და იქ ვუსმენდი უცხოურ მუსიკას. რეი ჩარლზი იქ მოვისმინე და გავიცანი პირველად. როკ-ენ-როლს, ბლუზს და ჯაზს თბილისში ვერსად მოისმენდით. მე კი აფხაზეთში ვუსმენდი. მომეწონა, დავინტერესდი და ვიპოვე ჩემი სტილი ამ მუსიკაში. თან, ბაბუას პატეფონი ჰქონდა, დისკების კოლექცია და ხშირად ვუსმენდი.
– თქვით, უცხოური მუსიკის მოსმენისას, საკუთარი სტილი ვიპოვეო. მაინც, როდის აიღეთ პირველად გიტარა ხელში, მოუშვით თმა, მოირგეთ ჰიპური სტილი და დაიწყეთ სიმღერა?
– 1963 წლიდან დაიწყო ბიტლომანია მსოფლიოში და ჩვენთანაც ნელ-ნელა შემოვიდა. ჩუმად, კოლმეურნეობის მოედანზე ვყიდულობდი მათ შავ-თეთრ ფოტოებს. ფირიდან ფირზე ვიწერდით მათ სიმღერებს და ვუსმენდით ბიჭები. ეს იყო პირველი აჟიოტაჟი და გვინდოდა, მათ დავმსგავსებოდით. 47-ე სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, შევქმენით ჯგუფი და სადღესასწაულო კონცერტებში ვიღებდით მონაწილეობას.
ვეჯიბრებოდით პარალელური კლასის ანსამბლებს. მართალია, პრიმიტიული აპარატურა, გიტარები და დასარტყამი ინსტრუმენტი გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვყოფნიდა. თან, გოგონებსაც ვეპრანჭებოდით (იცინის). სწორედ იქ დავიწყე გიტარაზე დაკვრა. მუსიკოსი თემურ ხინთიბიძე ჩემი კლასელი და ამ ჯგუფის წევრი გახლდათ. აი, სკოლა რომ დავამთავრე, დავიწყე ჰიპომანია, თავისი „შლაქსებითა“ და თმის მოშვებით. სად იყო მაშინ ისეთი ტანსაცმელი, რომ გვეყიდა? ბიჭები შარვლებსა და მაისურებს გადავაკეთებდით ხოლმე, რომ ჰიპებს დავმსგავსებოდით (იცინის).
მახოვს, ცნობილი კაფე „მეტრო“ იყო თბილისში და იქ გავიცანი ჯუნა დავითაშვილი. ოფიციანტად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში ვუკრავდით ჩვენ იქ და ჯუნამ, ორმეტრიან კაცს დაარტყა კაფეში, გათიშა და მაშინ აღმოუჩინეს ბიოდენები ხელებში (იცინის). ინგლისურად სიმღერა კი გვეკრძალებოდა, მაგრამ ჩუმად მაინც ვმღეროდით. მერე, უფრო დავიხვეწეთ, დავხელოვნდით, გავთამამდით და დავიშალეთ (იცინის). ამის მერე, სხვა ხალხი მოვძებნე და სერიოზული ჯგუფი ჩამოვაყალიბე.
ამ დროს გავიცანი მუსიკოსი, კომპოზიტორი და თავის საქმის პროფესიონალი, ნოდარ ნიკოლაიშვილი. მაშინ, პუშკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ნოდარიც ამ სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო. მოკლედ, სტუდენტური დღეები ტარდებოდა. რექტორი ნათელა ვასაძე გახლდათ, ვისიც ყველას ეშინოდა და აუცილებლად, სტუდენტურ დღეებში, პედაგოგიურ ფაკულტეტს უნდა გაემარჯვა. გავიცანი რამდენიმე ბიჭი. ჯგუფი შევკარით და გავიმარჯვეთ პირველივე გამოსვლაზე. განაგრძეთ კითხვა