"რათ უნდათ ეკლესიებს მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?" - რას აცხადებდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწეები ეკლესიის შესახებ
მე-19 საუკუნის ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი და ვაჟა-ფშაველა, ქართული ეკლესიის ცხოვრების წესს, რუსიფიკაციის პირობებში, დაკარგული ავტოკეფალიის პარალელურად აკრიტიკებენ. წმინდანებად შერაცხული ავტორები სეკულარიზმის პრინციპების დარღვევაზე, სასულიერო პირების მომხვეჭელობაზე, სამოქალაქო პოზიციის არქონასა და მრევლით მანიპულაციაზე საუბრობენ.
„ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ–ფეხშუმები და სახარება? განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა? რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი? განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას? მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო. ჩემი აზრით ეს ფართი–ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ–პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი. აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს.“
„იცოდეთ, რომ თუ მთავრობამ რომელიმე მღვდელი დაიჭირა, ან დასაჯა, იმ მღვდელს სინდისი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი. ტყუილ-უბრალოდ მთავრობა მღვდელს არ დაიჭერს, არ გაუწყრება და ანაფორას არ გახდის.’’
„მღვდელი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს, მაგრამ თუ გაბედა და გამოაცხადა, რომ მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რომ ეკლესია მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მას მაშინვე ან გაჰკრიჭავენ, ან სადმე გაგზავნიან “ცოდვების მოსანანიებლად”, ან დაიჭერენ და ციხეში ამოალპობენ. მღვდლები მოვალენი არიან არავის აღსარება არ გასცენ, მაგრამ მათ მთავრობისაგან ნაბრძანები აქვთ, გასცენ ის კაცი, რომელიც აღსარებაზე იტყვის, რომ მე მთავრობის წინააღმდეგი ვარო. მღვდლებიც ასრულებენ ამ ბრძანებას, ხოლო ის მღვდელი, რომელიც უფრო ხშირად აბეზღებს აღსარების მთქმელს, ჯილდოს იღებს მთავრობისაგან. მას უფრო კარგ მრევლს აძლევენ და თავზე ხელს უსვამენ.“
“გლეხის წერილები’’
მიხეილ ჯავახიშვილი, 1906 წ
„გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება…თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს.“
„მღვდლების ვინაობა“
ვაჟა-ფშაველა, 1906 წ
„დიდის ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმესაცა. ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს. ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვეღარ იცლიან. ერი ვეღარ გასვლია მღვდლის ხარჯსა, რომელიც მით უფრო ემძიმება ერს, რომ განურკვეველია, განუსაზღვრელი. აბა იფიქრეთ, თუ მღვდელს დიდი ოჯახი აქვს და პატარა სიხარბეც მოსდევს, რა მუსრს აადენს თავის სამწყსოსა. ერი ამით ძალიან შეწუხებულია და მომდურავი. ამას უსათუოდ წამალი რამ უნდა დაედოს, თორემ ერს ლამის ქანცი გაუწყდეს.“
„შინაური მიმოხილვა“
ილია ჭავჭავაძე, 1881 წ