რატი ანდრონიკაშვილის გზა სპორტში - ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავის პირადი ცხოვრება
გუშინ, ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მატჩი გაიმართა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 82:76 დაამარცხა.
თამაშის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრი რატი ანდრონიკაშვილი გახლდათ. რატი 2020 წლიდან აშშ-ში სტუდენტური ლიგის "კრეიტონში“ თამაშობს, თუმცა კლუბში გადასვლიდან ძალიან მალე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც, მისი დებიუტი ხანგრძლივი ხნით გადაიდო და თამაშს 2021 წლის ნოემბერში დაუბრუნდა.
ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც გულშემატკივრები კალათბურთის ხვიჩა კვარაცხელიასაც უწოდებენ, 2001 წლის 19 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა 35-ე საჯარო სკოლა. სიმაღლეში 1.93 სმ და წონით 84 კგ. ანდრონიკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრია. წარსულში, როგორც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების, ასევე 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრების წევრი გახლდათ.
2022 წლის მარტში BIG EAST-ის კონფერენციის ფინალში თამაშისას ანდრონიკაშვილმა, უკრაინის დროშით ამ ქვეყნისადმი სოლიდარობა გამოხატა, რომელსაც "კრეიტონში" მისი ლიეტუველი გუნდელი მოდესტას კანცლერისი შეუერთდა.
"ჩემი მისიაა, რაც შეიძლება მეტმა ხალხმა გაიგოს ამ ომის შესახებ! მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს აღარ გამეორდეს", - წერდა ქართველი კალათბურთელი ტვიტერზე.
რატის ინგლისურენოვან დოსიეში ვკითხულობთ, რომ ჰყავს მშობლები და და-ძმა, ტეზი და ბორისი. კარიერის მიზანია იყოს საუკეთესო, რაც კი შეუძლია. საყვარელი სპორტსმენი კი ნოვაკ ჯოკოვიჩია. სჯერა რომ ბრედ პიტი მას ფილმში ათამაშებს, ოცნების ვახშამზე კი სტუმრად ჯიმ კერის მოიწვევდა. განაგრძეთ კითხვა