"ამ სახლს 20 წელი შიშველი ხელებით ვაშენებდი" - ვინ არის ფოთის სანაპიროზე მდგარი "იდუმალი სახლის" პატრონი
ფოთში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ქუჩაზე ერთობ უჩვეულო სახლი დგას. თეთრი ქვით აშენებულ სახლს, ფანჯრები და სახურავი უჩვეულო და არასტანდარტული აქვს, თუმცა ჟურნალი "გზა" ამ შენობით და მისი მეპატრონის ვინაობით მხოლოდ ამ მიზეზით ნამდვილად არ დაინტერესებულა. სახლში შესვლისთანავე საოცრების მხილველი ხდებით. ქვის ჭერი, ზღვის ნიჟარებისგან შექმნილი ფარდები, ზღვის მარილიანი წყლისგან გაპრიალებული ხის ტოტებით, ქვებით დამზადებული ავეჯი და უამრავი იდუმალი, ხელნაკეთი ნივთი - ეს ყველაფერი ბორის პაპასკუამ სხვების დაუხმარებლად, საკუთარი ხელით ააშენა, გამოძერწა, შექმნა... უჩვეულო სახლის უჩვეულო ეზოს, ასევე უჩვეულო ჭიშკარი ამშვენებს. უფრო ვრცლად იდუმალ სახლსა და მის მეპატრონეზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბორის პაპასკუა:
- ამ სახლს 20 წლის განმავლობაში, შიშველი ხელებით ვაშენებდი. ყველაფერი მარტომ გავაკეთე; ქვა-ღორღი იყო, სილა-ცემენტი, აგური თუ ხის მორები ან ტოტები, ჩემი ველოსიპედით მოვზიდე, დავამუშავე...
- ასეთი სახლის აშენების ინსპირაცია რა გახდა?
- ზღვიდან გამორიყული საინტერესო ნივთები. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ზღვაზე ვიყავი. ზღვის კაცი ვარ, ზღვაზე შეყვარებული. ყოველთვის ჩვევად მქონდა ზღვიდან რაიმეს, ძირითადად კი კენჭების წამოღება. ბავშვობიდან მიყვარდა რაღაცების აწყობა, გამოძერწვა... აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე. ქვემო ბარღებში ვცხოვრობდი, არის ასეთი ზღვისპირა სოფელი გალში.
აფხაზეთის ომი რომ დამთავრდა, იძულებული გავხდი, მეც დამეტოვებინა სახლ-კარი. ზღვას ვერ შეველიე, შორს ვერ წავედი, ფოთში ჩამოვედი და რუსისგან ძველი, თითქმის დანგრეული, ცალ ფეხზე მდგარი სახლი ვიყიდე. კედლები თავიდან ამოვაშენე, მოვაპირკეთე და გავალამაზე.
- აფხაზეთში თქვენი სახლის შესახებ რა იცით?
- ახლა იქაურობა ნანგრევებადაა ქცეული, სახლი კი - მიწასთან გასწორებული. არადა, ერთ დროს ისეთი ლამაზი იყო, განსაკუთრებით ზღვის სანაპირო... ხშირად მახსენდება საკუთარი თავი, ზღვის ნაპირზე ფერად კენჭებს რომ ვაგროვებდი და მერე ათასგვარ ნივთებს ვამზადებდი... ჩემს წარმოსახვაში ამ სურათს რომ ვხედავ, ცრემლები მომდის. ზღვა ჩემი მასაზრდოებელი იყო და არის. მისთვის სევდის გაზიარებაც შემიძლია და სიხარულისაც. ფოთშიც იმიტომ ვიყიდე სახლი, რომ ზღვასთან ახლოს ვყოფილიყავი. დღე არ გავა, ზღვის სანაპირო ზოლი ველოსიპედით რომ არ გავიარო. ვაკვირდები, რა ხდება სანაპიროზე, ზღვამ რა გამორიყა ან უკან რა წაიღო, ღელავს თუ მშვიდია, სუფთაა თუ ამღვრეული. მისი სიმშვიდეც ინსპირაციას მაძლევს და მღელვარებაც. მასთან კავშირი ძალას და სიცოცხლის აზრს მაძლევს. ველოსიპედი ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, მანქანით კი სწრაფად ჩაიქროლებ, ჩაივლი და შენში არაფერი რჩება, ვერაფერზე დაკვირვებას ვერ ასწრებ.