ტაბაწყური - თვალწარმტაცი ტბა საქართველოში, რომლის მიმართაც ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა
ტაბაწყურის ტბის მიმართ ინტერესი ყოველთვის იყო, თუმცა ბოლო დროს ის განსაკუთრებით პოპულარული მიმართულება გახდა.
ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია. ფერადოვანი ლანდშაფტითა და არაჩვეულებრივი ხედებით გამორჩეულ ამ ადგილს (ბორჯომის მუნიციპალიტეტში) დღესდღეობით არაერთი ადამიანი სტუმრობს.
აქვეა, საქართველოში ზედაპირის ფართობით მეოთხე, ხოლო წყლის მოცულობით უდიდესი ტაბაწყურის ან როგორც მეორენაირად უწოდებენ ტაბისყურის ტბაც, რომელიც მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობს.
ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებით, ტაბაწყური ხელოვნურად შექმნილი წყალსატევია. ტბის საშუალო სიღრმე - 15.5 მ. ხოლო, მაქსიმალური სიღრმე 40.2 მ.-ია. აღსანიშნავია, რომ ტაბაწყურის ტბის მტკნარი წყალი ჟანგბადის კარგი თვისებებით გამოირჩევა, მდიდარია თევზით (მოიპოვება: კალმახი, კობრი, ლადოგური სიგი, რიპუსი და სხვ.).
სოფელში შემორჩენილია X ს.-ის არაჩვეულებრივი ხუროთმოძღვრული ძეგლი, მოწითალო ფერის თლილი ქვის კვადრებით აგებული დარბაზული ეკლესია, რომელსაც ადგილობრივები „ტაბაწყურის წითელი ეკლესიას“ უწოდებენ.
ეკლესია სავალალო მდგომარეობაშია: სრულადაა ჩამოშლილი სამხრეთის კედელი, ნახევრადაა დანგრეული აღმოსავლეთის კედელი, კამარა კი საერთოდ აღარ აქვს. ზემოთქმულის მიუხედავად ეკლესიის ფასადებზე ჯერ კიდევ კარგად იკითხება რელიეფური გამოსახულებები: ირმები, დანიელი ლომთა ხაროში და სხვა.
ამ ადგილს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ხანებში სოფელი ტაბაწყური, ტაბაწყურის ტბა და მიმდებარე ტერიტორია მოგზაურთა დიდ ინტერესს იწვევს ვფიქრობ საჭიროა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, მაცხოვრებელთა ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნას კონკრეტული არეალის ტურისტული კუთხით განვითარების გეგმა, აუცილებელია კონკრეტულ შენობა-ნაგებობებთან გაკეთდეს საინფორმაციო დაფები ორენოვანი წარწერებით, რომლებზეც მითითებული იქნება კონკრეტული შენობის შესახებ არსებული საჭირო ინფორმაცია.
თუკი ტაბაწყურში გამგზავრებას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად მოგიწევთ სატრანსპორტო საშუალების პოლიციის შენობასთან გაჩერება, რომელიც ახალქალაქისა და ტაბაწყურის გზაგასაყარზე, უღელტეხილის უმაღლეს წერტილში მდებარეობს.
გაჩერებისას საჭიროა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში მჯდომმა თითოეულმა ადამიანმა პოლიციას წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მონაცემების საფუძვლიანი შემოწმების შემდგომ, თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს დაგიბრუნებენ და გზას კვლავ ტაბაწყურისკენ გააგრძელებთ.
ბაკურიანიდან ტაბაწყურში მიმავალთ გზად არაერთხელ შეგხვდებათ მეცხვარეთა ბანაკები. საოცარია, როგორ სწრაფად იცვლება ამინდიც, ჩვენი მოგზაურობის პერიოდში მზის კაშკაშა სხივებით გაბრწყინებულ მდელოებს, უცებ ნისლიანი მონაკვეთები ანაცვლებდა, შემდეგ კვლავ მზიანი და ასე სანამ ტაბაწყურში არ ჩავედით.
ნინო ბარნაბიშვილი, ხელოვნებათმცოდნე
ფოტოები - ნინო ბარნაბიშვილი