ქართველი ერი მომაკვდავი ერების "შავ სიაში" - დემოგრაფიული კრიზისის მთავარი მიზეზები საქართველოში | Allnews.Ge

ქართველი ერი მომაკვდავი ერების "შავ სიაში" - დემოგრაფიული კრიზისის მთავარი მიზეზები საქართველოში

"მე და დათომ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. დაქორწინება მეოთხე კურსიდან გვინდოდა, მაგრამ ვერ გავბედეთ: მიზეზი ის იყო, რომ ორივე მშობლებზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა უკვე ერთად ვართ, ორივე ვმუშაობთ, მაგრამ ბავშვის გაჩენას ჯერ არ ვაპირებთ - გვეშინია, რომ ჩვენი ფინანსებით სათანადოდ ვერ მოვუვლით, ვერ უზრუნველვყოფთ, ამიტომ, შვილის ყოლა კიდევ რამდენიმე წლით გადავდეთ", - გვითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომლის მდგომარეობაში დღეს ათასობით ადამიანია. ძალიან ბევრი ახალგაზრდა სიღარიბის გამო ვერ ბედავს ოჯახის შექმნას და შვილის გაჩენას, რაც დამღუპველია ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის! საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა 21-ე საუკუნის საქართველოში კრიტიკულია: ახალგაზრდები ოჯახებს ვერ ქმნიან და თუ ქმნიან, ხშირ შემთხვევაში ერთ შვილზე მეტს არ აჩენენ. ისიც ცნობილია, რომ გაერომ ჩვენი ერი მომაკვდავი ერების "შავ სიაში" შეიყვანა...

რას უნდა დავაბრალოთ დემოგრაფიული კრიზისი? - ამ საკითხის ანალიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, ავთანდილ სულაბერიძეს ვთხოვეთ:

sulaberidze-copy-1679859133-1680075492.jpeg

- თანამედროვე მსოფლიოში არაერთი ქვეყანა დგას დემოგრაფიული კრიზისის წინაშე, გამონაკლისი ამ მხრივ, არც საქართველოა. შობადობა ბოლო ათწლეულებში თანდათან მცირდებოდა და დღეს უკვე კრიტიკულ ნიშნულამდე დავიდა. მძიმე პოლიტიკურმა თუ სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. კიდევ ერთი დამამძიმებელი ფაქტორია მიგრაცია, რადგან მნიშვნელოვანი წილი ფერტილური ასაკის მოსახლეობაზე მოდის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "კოვიდმაც" ხელი შეუწყო შობადობის შემცირებას და სიკვდილიანობის ზრდას. სამწუხაროდ, შობადობის კლების ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება - ეს დასკვნა ქართველმა დემოგრაფებმა გაეროს პროგნოზის საფუძველზე გავაკეთეთ.

- რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში?

- ამის მთავარი მიზეზი ფერტილური ასაკის ქალების რიცხვის შემცირებაა. დემოგრაფები "ფერტილურ ასაკში" 15-დან 49 წლამდე ასაკს ვგულისხმობთ. იმისათვის, რომ უფრო ნათელი სურათი დავხატოთ, ციფრებს მოვიშველიებ: 2022 წელს, 1990 წელთან შედარებით, ჩვენს მოსახლეობაში ქალთა რაოდენობა 32,3 პროცენტით შემცირდა, ხოლო მთლიანი ფერტილური ასაკობრივი ჯგუფი - 37,9 პროცენტით. 15-დან 29 წლამდე ქალების ასაკობრივი ჯგუფი განახევრდა, ხოლო 30 წელს ზემოთ ასაკის ქალების წილი 19,1 პროცენტით შემცირდა. ასევე გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ანალოგიურ პერიოდში, 0-14 წლის ასაკის გოგონების წილი, როგორც სამომავლო პოტენციალი, 43,7 პროცენტით შემცირდა. ეს მონაცემები ოფიციალურია და პირდაპირ მიუთითებს შობადობის კლების ტენდენციის გაგრძელებაზე, რაც ცხადია, ძალზე სამწუხაროა.

- ე.ი. დემოგრაფიული კრიზისის მთავარი მიზეზი საქართველოს მოსახლეობის სიღარიბე და მიგრაციაა?

- დიახ, ასეა. მიგრაცია ჩვენი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. როგორც ბოლო წლების მონაცემების ანალიზმა გამოავლინა, 15-49 წლის ქალების წილი მიგრანტებს შორის ძალიან მაღალია. მიგრაციის სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ 2014 წლიდან მოგვეპოვება და ბოლო წლებში, მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის; ეს იმიტომ მოხდა, რომ პანდემიის გამო ბევრი ჩვენი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. როგორც მონაცემთა ანალიზმა გამოავლინა, მიგრაციულ სალდოში 15-49 წლის ქალების წილი 77.3%-დან 86.8 %-მდე მერყეობს და მხოლოდ 2020 წელს იყო 47.5 პროცენტი. არ მსურს, მკითხველი ციფრებით გადავღალო, მაგრამ ეს ციფრები რეალობას ყველაზე კარგად ასახავს და "საქსტატის" ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის დახმარებითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენს ქვეყანას, ყოველწლიურად, 7 ათასამდე ფერტილური ასაკის ქალი ტოვებს, რაც ასეთი მცირე ერისთვის საგანგაშო ციფრია. შობადობის კლების კიდევ ერთი მიზეზია ის, რასაც დემოგრაფები „შვილის ყოლის მოთხოვნილების“ შემცირებას ვუწოდებთ.

- ეს რას ნიშნავს?

- 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართველი ქალები ცდილობენ, ოჯახური რუტინის პარალელურად, უფრო დიდი დოზით ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში, კარგი განათლება მიიღონ და წარმატებული კარიერა შეიქმნან. ერთიორად გაიზარდა მათი როლი ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერაში, რაც თავისთავად მოითხოვს უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას. რა თქმა უნდა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქალები ცდილობენ იმდენი შვილი იყოლიონ, რამდენის მოვლასაც შეძლებენ. ამ საკითხში ეკონომიკური მდგომარეობა გადამწყვეტია. ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი, ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში გამოიკვეთა: ეს პირველი შვილის დაგეგმვაა, რაც ქართველებისთვის დამახასიათებელი არ იყო. რომ დავაკონკრეტოთ, ადრე, ქართულ ოჯახში მხოლოდ მეორე და მომდევნო შვილების დაგეგმვის ტრადიცია არსებობდა. ამ ფაქტორებს დაემატა ისიც, რომ მომრავლდნენ ახალდაქორწინებული წყვილები, რომლებიც შვილის გაჩენას არ ჩქარობენ სხვადასხვა მიზეზით.

აქვე გეტყვით, რომ გაიზარდა ახალბედა დედების საშუალო ასაკი, რომელიც 2020 წელს 28-29 წელი იყო, მაშინ, როცა 1994 წელს ეს მაჩვენებელი 23-24 წელი გახლდათ.

წყარო