სოფელში გადასახლებული ახალგაზრდა მწერლის ექსპერიმენტული მეურნეობა და იშვიათი ტროპიკული მოსავალი
აგრარული განათლება არ მიუღია, ამბობს, რომ თვითნასწავლია. ძირითადი საქმიანობა მისთვის მაინც მწერლობაა, ლექსებს წერს, მისი პოეტური კრებული ცოტა ხანში გამოვა. ტროპიკული ხილით დაინტერესება კი იმან განაპირობა, რომ ტროპიკული პროდუქტის მოყვარულია. მათი გამრავლება პირველად მიწაში მარაკუიის მარცვლის ჩაგდებით სცადა, რომელიც გაიზარდა და დღეს უკვე მსხმოიარე ხეა.
ასე რომ, სოფელ ჯუნეწერში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შეიძლება მარტივად აღმოაჩინოთ ისეთი ტროპიკული მცენარეები, როგორიცაა მარაკუია, ლუფა, ნარანჯილა, პეპინო, ჩაიოტი, პატისონი და არაერთი სხვაც. მათი მომყვანი კი ჯერი ძუარია, რომელიც, იმავდროულად უნივერსიტეტში არაბული ენის ფილოლოგიას ეუფლება. პანდემიის პერიოდში სწავლა შეაჩერა, მაგრამ განაახლებს, მანამდე კი საყვარელ კუთხეში, გურიაში დაბრუნდა, სადაც სოფლის მეურნეობაში ექსპერიმენტებს ატარებს.
- პირველი მცენარის შემდეგ დამებადა იდეა, მხოლოდ ეს ხომ არ არის, უამრავი იქნება, რომელიც გურიაში იხარებს-მეთქი. გურია ერთადერთი რეგიონია, რომელშიც ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატები ერთმანეთს კვეთს. აქ შესაძლებელია გაიზარდოს როგორც ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეები, ასევე ცივი კლიმატის მოყვარულებიც. როცა შედეგი მივიღე, დავიწყე უცხოეთში თუ საქართველოში ჩემი მეგობრების, ახლობლებისა და მათი მოძიება, ვინც ამ საქმითაა დაკავებული. ვთხოვე, ტროპიკული ხილისა და ბოსტნეულის თესლები და ნერგები მოეწოდებინათ. ასე მივაგენი კულტურას, როგორიც არის ლუფა. საბჭოთა კავშირის დროს მისგან ბუნებრივ ღრუბლებს (ნეჭა - ლ.ფ.) ამზადებდნენ, მერე ეგ კულტურა გაქრა. მე კი მაქვს და გამრავლებაც დავიწყე.
- მხოლოდ ტროპიკულ მცენარეებს ახარებთ?
- კი და ფართო აუდიტორიის ინტერესიც გამოიწვია. ამიტომ გადავწყვიტე, ამ საკითხისთვის სერიოზულად შემეხედა. მზად ვიყავი, ხარჯიც გამეწია, მაგრამ უცებ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ტროპიკული მცენარეების უამრავი თესლი გამომიგზავნა და მთხოვა, მისი ვინაობა არ დამესახელებინა. ამერიკაში ცხოვრობს. გასაოცარი თესლები გამომიგზავნა, სადღაც 150-ზე მეტი. მათგან ნაწილი დავთესე და გამრავლდა. აბსოლუტურად ყველა მცენარე, რომლებიც დღეს ჩემს ბაღში ხარობს, ექსპერიმენტულია. არ არსებობს დადასტურებული მაგალითი, რომ ის გურიაში ვინმეს გაუხარებია.
- ნიადაგი ხომ არ გამოგიკვლევიათ?
- მხოლოდ მჟავიანობა გავსინჯე. ისე, ვფიქრობ, ადამიანი თუ მცენარეს გულით მოუვლის, ყველა გაიხარებს. ისეთი მცენარეების თესლები მაქვს, ეგ მცენარეები არაფრით არ უნდა მოერგოს გურიას, მაგრამ მაინც ვაპირებ გახარებას. საქართველოში, მით უფრო, გურიაში, არა მგონია, ვინმეს ის ტროპიკული მცენარეები ჰქონდეს.
არტიშოკი
- მიწაზე შრომას ცოდნა სჭირდება, ვისგან ისწავლეთ?
- ბაბუა, დედის მამა, ერთი ჩვეულებრივი გურული გლეხი იყო, შრომობდა, უვლიდა ცხოველებს, ფრინველებს. მის გვერდით ვიზრდებოდი, თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გამოცდილება მაქვს, მისი დამსახურებაა. მე-12 კლასში ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა. იმ დროს სოფელში დარჩენა და ბაბუაჩემის საქმის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ თბილისში უნდა მესწავლა. არჩევანი მიწევდა და გავაკეთე - არაბული ფილოლოგია. ამ ეტაპზე კი სოფელში გადავწყვიტე დაბრუნება. იხილეთ სრულად