როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია
"ეს თურქეთის მხარეს დარჩენილი სოფელი თათალეთია, რომელიც გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის შედგენის დროს ახალქალაქის ლივის, ნიალისყურის ნაჰიეში შემავალი შვიდკომლიანი სოფელი ყოფილა.
თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილს თათალეთში ორი ეკლესია აქვს დაფიქსირებული... ბატონმა კახა ასპანიძემ მოგვაწოდა თათალეთში მცხოვრები თავისი თურქი მეგობრის ფატიჰ აკჩაის მიერ გადმოგზავნილი თათალეთის ერთი ეკლესიის (ეტყობა მეორე ეკლესია მთლიანადაა განადგურებული) და თათალეთიდან სამხრეთით, კილომეტრ ნახევარში მდებარე ნამოსახლარის და ნატაძრალის ფოტოები" - წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი, მკვლევარი კუკური მეტრეველი...
უძველესი სოფლის შესახებ კუკური მეტრეველი ისტორიულ ცნობებს გვაწვდის...
- პირველად თათალეთი მე-16 საუკუნის ბოლოს ოსმალეთის სამხრეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ დაიკარგა. მესხეთის უამრავი სოფლის მსგავსად ისიც ოსმალეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. როდესაც 1595 წელს ოსმალებმა გადასახადების გადამხდელთა და მოცულობის დადგენის მიზნით მესხეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე დასახლებების, სახნავ-სათესი მიწების და სხვა სავარგულების კომპლექსური აღწერა ჩაატარეს, თათალეთი მაშინ შვიდკომლიანი სოფელი ყოფილა...
- ანუ ძალიან პატარა...
- დიახ.. გამოღმა სოფელ ქარზამეთში (ახლა ნასოფლარია) მაშინ 45 კომლს უცხოვრია. თუმცა ეს პირობითია, რადგან მაშინდელი კომლები სულ ცოტა 10-15 სულისგან მაინც შედგებოდა. ძმები, ძმათა შვილები... ოჯახებით ერთად ცხოვრობდნენ. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ერთი კომლი 30-მდე სულისგანაც შედგებოდა. მიუხედავად ამისა უნდა ჩავთვალოთ, რომ იმხანად თათალეთი მაინც პატარა, საკმაოდ დაცლილი სოფელი ყოფილა.
თათალეთი ჩრდილოეთიდან, ქარზამეტთისწყლის ხევიდან
- სოფელი ორჯერ დაიკარგა...
- არა, თათალეთი ორჯერ კი არა, სამჯერ დაიკარგა! პირველად როგორც უკვე გითხარით მე-16 საუკუნის ბოლოს, სრულიად მესხეთის ოსმალეთის მიერ დაპყრობის შედეგად...მართალია 1828 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ ანდრიაპოლისის ზავით მესხეთის ნაწილი (24 სანჯაყიდან მხოლოდ 10, რაც ისტორიული თორის, სამცხის და ჯავახეთის ტერიტორიების ნაწილს უდრიდა) ოსმალეთის თითქმის სამსაუკუნოვანი ბატონობისგან განთავისუფლდა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადმოვიდა.,მაგრამ- თათალეთი მაინც იქით მხარეს დარჩა. იმ დროს რუსეთ-თურქეთის საზღვარი ზედ ამ სოფელზე გადიოდა.
1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, როცა ისტორიული მესხეთის დანარჩენი ტერიტორიებიც გათავისუფლდა და ფაქტობრივად აღდგა ძველი საქართველო (თუმცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში) თათალეთიც ისევ საქართველოს შემადგენლობაში მოექცა.
პირველ მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918წწ) გერმანიის მოკავშირე პანთურქული ოსმალეთი კავკასიის ფრონტზე რუსეთთან სასტიკად დამარცხდა და ტერიტორიების 1/3 დაკარგა. რუსები ტრაპიზონამდე ჩავიდნენ. მაგრამ 1917 წელს რუსეთში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შედეგად კავკასიის ფრონტზე მოქმედი რუსული არმია უმართავად დარჩა, უკან დაიხია და დაიშალა. ფრონტის ხაზის მოშიშვლებით ისარგებლა ოსმალეთმა და დაიწყო მოქმედებები ახლა უკვე მთელი კავკასიის ხელში ჩასაგდებად. გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. იხილეთ სრულად