როგორია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და ვადები? - დეტალებს კონსტიტუციონალისტი განმარტავს
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპის ქვეყნებში ვიზიტები დაიწყო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ გააქტიურდა. პრეზიდენტს მმართველმა გუნდმა ამჯერადაც შეახსენა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. როგორც "ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პრეზიდენტმა კონსტიტუცია "უხეშად დაარღვია“, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ, ხოლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში, რეაგირების მექანიზმი სწორედ იმპიჩმენტი შეიძლება იყოს.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ambebi.ge-სთან განმარტავს, თუ რა პროცედურები და ვადებია პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით:
"იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის მინიმუმ 50 დეპუტატს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში დასაბუთებულ ბრალდებას წარადგენენ - დაწერენ, რომელი მუხლი დაირღვა, რატომ დაირღვა, დარღვევის რა მტკიცებულებები არსებობს. შემდეგ საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ამ საკითხზე 1 თვის ვადაში იმსჯელებს (საამისოდ 1 თვე აქვს). ამასთანავე, იმისთვის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია დარღვეულად ჩაეთვალოს, ამ გადაწყვეტილებას 9-დან 6-მა მოსამართლემ უნდა დაუჭიროს მხარი.
საკონსტიტუციო სასამართლომ თუ უარყოფითი პასუხი დაწერა, იმპიჩმენტზე მსჯელობა დასრულდება.
დადებითი დასკვნის შემთხვევაში (ანუ თუ თქვა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია), საკითხი გადავა პარლამენტში, სადაც მას აქვს ორი კვირა და სადაც საჭიროა 100 დეპუტატის ხმა. ეს ხმები თუ ვერ მოგროვდა, პროცესი, რა თქმა უნდა, შეწყდება და იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის აღძვრა აღარ შეიძლება. იხილეთ სრულად