გმირი გოგონას ამბავი, რომელმაც სამაშველო რგოლი სხვას დაუთმო- ვინ იყო ანეტა ანდრონიკაშვილი
1916 წელს ქართულ გაზეთში, "სახალხო ფურცელი" ცნობა გამოქვეყნდა: "დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ "პორტუგალზე" დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადი მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა“.
ანა ანდრონიკაშვილი ქართველი მოწყალების და იყო, რომელიც მცურავ ჰოსპიტალ "პორტუგალზე" დაიღუპა. ის გერმანულმა წყალქვეშა ნავმა 1916 წლის 30 მარტს ქალაქ რიზესთან ჩაძირა. ანა (ანეტა) ანდრონიკაშვილმა თავისი მაშველი რგოლი სხვას დაუთმო.ანეტა ანდრონიკაშვილი 1891 წელს, სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოწყალების დების კურსებზე შევიდა და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო სამსახური. ომში თავისი სურვილით წავიდა და მოწყალების დად მცურავ ჰოსპიტალ "პორტუგალზე" მსახურობდა.
ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა, რადგან შენიშნეს, რომ პატარა ნავი იძირებოდა და მასზე მყოფებს ნავის შეკეთებაში დაეხმარნენ. იმ დროისათვის მცურავ ჰოსპიტალ "პორტუგალზე", რომელსაც სანაპიროდან დაჭრილები აჰყავდა ხოლმე, დაჭრილები არ იმყოფებოდნენ, მაგრამ იყვნენ ექიმები, მედდები და გემის მომსახურე პერსონალი.
ჰოსპიტალზე შენიშნეს, რომ წყალქვეშა ნავიდან სათვალთვალო ოპტიკური ხელსაწყო - პერისკოპი მიუახლოვდათ, თუმცა, წესით, სახიფათო არ უნდა ყოფილიყო, რადგან "პორტუგალი“ მცურავი ჰოსპიტალი იყო და მას ჰააგის კონვენცია იცავდა. ამიტომ, ეკიპაჟმა არანაირი თავდაცვითი ზომა არ მიიღო. მალე მოვლენები დრამატულად განვითარდა. იხილეთ სრულად