მისი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს: ნინო ჩაკვეტაძის ზღაპრული სამყარო
მისი ნამუშევრები ყველაზე მეტად თითქოს ახალი წლის, შობის დღესასწაულს უხდება. მისთვისაც გამორჩეულია ეს პერიოდი და ამისთვის ყოველ წელს საგანგებოდ ემზადება.
ფერმწერ, ილუსტრატორ ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრებს ბევრი სითბო, სინაზე, მონატრება, ზრუნვა, სიყვარული და სევდაც ახლავს... პირადად ჩემთვის მისი ნამუშევრების დათვალიერება ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს.
მხატვარი არაერთხელ გამოიფინა ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენებზე თბილისში და საქართველოს ქალაქებშიც. მისი ნახატები არის აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა კერძო კოლექციებში. 2014 წელს ნინო ჩაკვეტაძე, როგორც ილუსტრატორი, წარდგენილი იყო ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრიზის კანდიდატად.
ნინო ჩაკვეტაძე:
- რაც თავი მახსოვს, ვხატავ და თან სულ მიყვარდა ხატვის პროცესი. ასევე მიყვარდა ეზოში თამაში და თუ ეზოში არ იყო სათამაშო სიტუაცია, ან ბავშვები არ იყვნენ, ხატვისას არ მოვიწყენდი. პირველი ნამუშევარი ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა სახლში დედას შენახული აქვს 4-5 წლის ასაკში ჩემი ფანქრით და ფლომასტერით დახატული. აკვარელით ხატვა მაშინ დავიწყე და ვისწავლე, როცა უკვე პროფესიაზე დავიწყე ფიქრი.
15 წლიდან იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში გადავედი, სადაც სწავლა მერვე კლასის შემდეგ გავაგრძელე. იმ პერიოდში ნატურმორტებს, პორტრეტებს, ნატურას - ყველაფერს ვხატავდი, თავისუფალი თემებიც გვქონდა. ის ნამუშევრები მაქვს კიდეც შემონახული. დიდი დრო ეთმობოდა ისევ ბავშვობის და მოხუცების თემას.
- გამოდის, თქვენი ნამუშევრებში თემატიკა არ შეცვლილა?
- ასე გამოდის. მერე სამხატვრო აკადემიაში ფერწერაზე ვსწავლობდი. 1990 წელს ჩავაბარე და სწორედ მაშინ დაიწყო მძიმე პერიოდი, თუმცა ნიკოლაძის სტუდენტობა უფრო კარგად შევიგრძენით თავის ექსკურსიებით, პრაქტიკებით... მერე კი, ეს ყველაფერი მძიმე წლებიდან გამომდინარე, 90-იანებში უკვე აღარ იყო. ის, ჩემმა თაობამ, მანამდე მოვასწარით. იხილეთ სრულად
ლალი ფაცია