უნიკალური შემთხვევა ქარელში: როგორ აღმოაჩინეს გველების გამოსაზამთრებელი ადგილი და სად არიან ახლა ქვეწარმავლები?
17 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა, რომ ქართველმა ჰერპეტოლოგებმა ქარელში ქვეწარმავლების, კერძოდ, "წითელმუცელა მცურავების" გამოსაზამთრებელ ადგილს მიაკვლიეს. ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილზე ჩასულ ილიაუნის მკვლევარების გუნდს 134 წითელმუცელა მცურავი დახვდათ. ჯგუფის წევრები იყვნენ: შოთა ზანდუკელი, მარი წულაია, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, გიორგი იანქოშვილი, ალისა სანაკოევა.
მარი წულაია ერთხელ უკვე იყო ჩვენი რესპოდენტი. პროფესიით ეკოლოგმა, ჩერნობილში მოგზაურობის დროს გადახდენილი საინტერესო ამბები მოგვიყვა. ამბობს, რომ ქვეწარმავლებით ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაინტერესდა და ამ მიზეზით 5 წელი, მეგობარ ალისასთან ერთად, ზოოპარკში მოხალისედ მუშაობდა.
- მარი, გუშინ თქვენი ჯგუფის გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ვიდრე ამ თემაზე ვისაუბრებთ, მინდა, ქვეწარმავლებთან თქვენს დამოკიდებულებაზე მოგვიყვეთ...
- ცხოველები ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. ჯერ კიდევ ბაღში სიარულისას, როდესაც ბავშვები დარბოდნენ, თამაშობდნენ, მე ჭიანჭველებს და სხვადასხვა მწერებს ვაკვირდებოდი. თანდათან ეს სიყვარული ინტერესში გადაიზარდა. ალბათ 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში მივედი. იქ უამრავი რამ ვისწავლე ბუნებაზე, ეკოლოგიაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ განსაკუთრებულად მაინტერესებდა რეპტილიები, მწერები და ობობები. მალევე დავიწყე მოხალისეობა თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმში, სადაც დაახლოებით 5 წელი დავრჩი, ჩემს ახლო მეგობარ ალისასთან ერთად. ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში იმის საშუალებაც გვქონდა, რომ გველებზე პროექტები გვეკეთებინა. პროცესში ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, მაქსიმალურად ვცდილობდით, ბევრი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ადამიანებისთვის. ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს შიშს, შიში კი აგრესიას, სწორედ ამის მსხვერპლები არიან გველები.
- ვიცი, რომ სახლშიც გყავდათ გველი, დედა - მწერალი ელის დოჯსონი, სოციალურ ქსელში ხშირად წერდა ხოლმე ამ თემაზე...
- დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი, სახლში რომ გველი მივიყვანე. მინდოდა მქონოდა იმის საშუალება, რომ დავკვირვებოდი, მასთან დრო გამეტარებინა. როგორც სხვა ადამიანებს ჰყავთ ძაღლი და კატა შინაურ ცხოველებად, ისე მყოლოდა მეც გველი. თავიდან დედა დაიბნა, თუმცა არ დამიშალა და მაქსიმალურად გვერდში დამიდგა, იცოდა, როგორ მაინტერესებდა და მიყვარდა ეს ცხოველი. მალევე მასაც შეუყვარდა. ქალაქიდან რომ გავდიოდი, დედა აჭმევდა, ასმევდა, უვლიდა. სოციალურ ქსელშიც პოსტავს ხოლმე ჩვენს საინტერესო შინაურ ცხოველებზე და ცდილობს ადამიანებს დაანახოს, როგორი საყვარლები არიან. თუმცა ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, რომ ნახევარ "ფეისბუქს" "დაჰაიდებული“ ვყავართ, სწორედ ამ პოსტების გამო. იხილეთ სრულად