გლდანი, მუხიანი, თემქა - როდის და როგორ გაშენდა თბილისის სამი გარეუბანი, სადაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს
თბილისის ყველა ცენტრალური დასახლება ოდესღაც ქალაქის გარეუბანი იყო, ასე რომ, სამომავლოდ დედაქალაქის დღევანდელ გარეუბნებს დიდი შანსი და პერსპექტივა აქვთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილებად იქცნენ. იქამდე კი, თბილისის იმ სამი გარეუბნის შესახებ მოგითხრობთ, სადაც ქალაქის მოსახლეობის, ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს.
გლდანი
ეს დასახლება სოფელ გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე 1960-იან წლებიდან გაშენდა, როდესაც თბილისის ინტენსიური სამოსახლო განაშენიანება მიმდინარეობდა და კვარტლებად დაიყო. ამ უბნისთვის თავდაპირველად გამოყოფილი იყო 750 ჰექტარი მიწის ფართობი (პროექტის ავტორი - არქიტექტორი თემურ ბოჭორიშვილი). პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი მიკრორაიონები განლაგებულია ხაზობრივად განვითარებული საზოგადოებრივი ცენტრის ორივე მხარეს. მისი სიგრძე 2,5 კმ-ია. სამწუხაროდ, პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა.
ამრიგად, გლდანი XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ვითარდება. იქ მოხვედრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ადრეულ წლებში თბილისის მხოლოდ რამდენიმე ადგილიდან იყო შესაძლებელი. ამჟამად კი გლდანში, თბილისის თითქმის ყველა უბნიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. გლდანი სხვა ასეთი მასივებიდან იმითაც გამოირჩევა, რომ არის მეტროსადგური - „ახმეტელი,“ ფუნქციონირებს თეატრი (1979 წელს დაარსდა თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც 1987 წლის 14 იანვარს ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა), კინოთეატრი, ბანკები, ორ ათეულზე მეტი საჯარო სკოლა, აშენდა ეკლესიებიც. გლდანის დასახლება მზარდი და პერსპექტიული საქალაქო-რაიონული ტიპის პროექტია, რომელსაც სოციალური და არქიტექტურული კუთხით პერსპექტივა აქვს. ცოტა რამ ისტორიიდან: XV საუკუნის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო და ყმა-მამულების ნაწილი კახეთის თავადებს, ჯანდიერის შვილებს ეკუთვნოდათ, ხოლო ნაწილი სვეტიცხოვლის მონასტრის საკუთრება გახლდათ.
გაზეთ "დროებაში" (1885 წ. №180 ), ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: "თბილისის ახლო-მახლო სოფლებში გლდანისა და დიღმისთანა ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები, მგონი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სოფელი მართლაც, ხომ სანაქებონი არიან, როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით. გლდანის რეგიონი უძველესი პერიოდიდან ყოფილა დასახლებული. მთელი ამ ხნის მანძილზე მან ისეთივე ბედი გაიზიარა, როგორც თბილისმა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებმა, რომელთა ისტორიიდან იგი არასოდეს ყოფილა ამოვარდნილი. მიუხედავად ამისა, მრავალჯერ მტრისაგან განადგურებული ძალას იკრებდა, მტერს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა, ცხოვრება დროდადრო ჩვეულ რიტმში დგებოდა და ძველებურ სიდიადეს უბრუნდებოდა.
გლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია. არც ისე დიდი ხნის წინათ დასახლებული პუნქტები იყო ვეჯინი, მამკოდა, მშრალხევი, ლელუბანი. გაცილებით ძველი ნასოფლარებია - დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედავაკე, ნატუსები, საყინულე და სხვა. საუკუნეების განმავლობაში გლდანის რეგიონი ხან კახეთის, ხან ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. მემატიანე გლდანის შესახებ მოგვითხრობს თამარის მეფედ კურთხევის დროს". გლდანში, გასული საუკუნის მიწურულს სამი კლასისაგან შემდგარი სკოლა დაარსდა, სადაც ისწავლებოდა - ქართული, რუსული და საღმრთო რჯული. ამ სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო ქართველი პედაგოგი - გიორგი ფარადაშვილი... XIX საუკუნის ბოლოს გლდანში 150 კომლი ცხოვრობდა, 1926 წლის მოსახლეობის აღწერით, 288 კომლი (1277 სული) ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ გლდანი 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ავჭალის სასოფლო საბჭოში შედიოდა.
გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე, მწყობრში ჩადგა რამდენიმე ქარხანა: 1934 წელს ამოქმედდა ქარხანა "ცენტროლიტი," 1940 წელს - ავჭალის შამპანურის ქარხანა, 1941 წელს - ჩაის საწონი ფაბრიკა. 1954 წელს - კონიაკის ქარხანა, 1967 წელს - საფუარის ქარხანა, 1978 წელს - სამკერვალო ტრიკოტაჟის ფაბრიკა, 1984 წელს - ჩაის კომბინატი "ბახმარო". დღესდღეობით გლდანის რაიონს განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს.
მუხიანი
გლდანის დასახლების შემდეგ, 1983 წელს შეიქმნა ახალი დასახლება მუხიანი. ამჟამინდელი მუხიანის ტერიტორია დაფარული იყო მუხის ხეებით. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. 70-იან წლებში მუხის ტყე გაიჩეხა და დაიწყო ტერიტორიის განაშენიანება. თავდაპირველად, ტერიტორიაზე განთავსდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სატანკო ნაწილი. შემდეგ გაჩნდა დასახლებაც. 80-იანი წლებიდან დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, დაარსდა ახალი მიკრო-რაიონები. გაჩნდა დუმბაძის, ნონეშვილის პროსპექტები. აშენდა რადიო ქარხანა, რომელიც დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს. დასახლებაში მოქმედებს ბანკების ფილიალები, სავაჭრო დაწესებულებები. აშენდა ასევე მეფე მირიანის და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესიები. იხილეთ სრულად