ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ
თურქეთი ტურისტებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. ქვეყანა სავსეა უნიკალური ისტორიული შენობა-ნაგებობებით, რომლებიც ძველი ცივილიზაციების შესახებ გვიყვება, ადგილებით, სადაც კვალის წაშლის მცდელობის მიუხედავად, ფასადებს მიღმა მაინც იკითხება სხვადასხვა ქვეყნის უძველესი კულტურის სიდიადე.
თურქეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ისტორიას ინახავს და ამბობენ, რომ თუ გინდა ნამდვილად შეიგრძნო უძველესი ადამიანების ცხოვრების რიტმი და გაუგო ძველ ეპოქას, ეს ადგილები უნდა მოინახულო. აქ ნახავთ, თუ როგორ ერწყმის აღმოსავლური და დასავლური კულტურა ერთმანეთს.
ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ადგილი ტრაპიზონში, IV-V საუკუნეებით დათარიღებული, კლდეში ნაკვეთი სუმელას მართლმადიდებლური მონასტერია, რომელსაც პანდემიამდელ პერიოდში, ყოველწლიურად, ასიათასობით ადამიანი სტუმრობდა.
სუმელას ისტორია
სუმელას სამონასტრო კომპლექსი შავი ზღვის რეგიონში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩკას ოლქში მდებარეობს. მონასტერს ვრცელი და საინტერესო ისტორია აქვს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მის დამაარსებლად ათენელი მღვდელი, ბარნაბე ითვლება, რომელიც 375-395 წლებში ცხოვრობდა.
არაბების თავდასხმის შემდეგ, მონასტერი განადგურებულა, მეექვსე საუკუნეში კი, წმინდა სოფრონს აღუდგენია. ტრაპიზონის იმპერიის პერიოდში, მონასტერი მდიდარი ადგილი ყოფილა, ხოლო იქაური სასულიერო პირები გავლენიანი ადამიანები. როდესაც XV საუკუნეში ოსმალებმა ტრაპიზონის იმპერია დაიპყრეს, სუმელას მონასტერიც სულთნების ხელში გადავიდა და ტაძრიდან ბერძნები წავიდნენ, სამონასტრო ცხოვრებაც შეწყდა.
მონასტერში დაცული საგანძური, რელიქვიები, მათ შორის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, პონტოელმა ბერძნებმა დაკარგვას გადაარჩინეს. ამჟამად კი, ის საბერძნეთში, ვერმიონის მთებში აგებულ ტაძარში ინახება.
სუმელას მონასტერი დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს ადგილად ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ოსმალების ხელში აღმოჩნდა, თავისი მნიშვნელობა დაკარგა. მოგვიანებით, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს იქ მსახურების შესრულების ნება დართეს, თუმცა1923 წელს, როდესაც ოტომანთა იმპერია დაეცა, სუმელას მონასტერი დაცარიელდა, რადგანაც ლოზანის ხელშეკრულების მიხედვით, თურქებსა და ბერძნებს შორის მოსახლეობის გაცვლა მოითხოვეს და ბერძენმა ღვთისმსახურებმა ტაძარი კვლავ დატოვეს. იხილეთ სრულად