ჭიაკოკონობა ცეცხლის თაყვანისცემიდან იღებს სათავეს- რა საიდუმლოს ინახავს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთადერთი სალოცავი საქართველოში? - ათეშგას ისტორია | Allnews.Ge

ჭიაკოკონობა ცეცხლის თაყვანისცემიდან იღებს სათავეს- რა საიდუმლოს ინახავს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთადერთი სალოცავი საქართველოში? - ათეშგას ისტორია

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს.

დღეს გვინდა, ათეშქასა და ამარათზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, როგორაა დახასიათებული აღნიშნულ წიგნში ეს ორი ძველთბილისური ადგილი.

ათეშგა (ათეშქა) – ათეშგა ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავის სახელწოდებაა. იგი სპარსული „ათეშ–ქიადე“–დან მოდის, რაც ცეცხლის ტაძარს ნიშნავს. სპარსეთში, იეზდში დღემდე შემორჩენილ ათეშ–ქიადეში ცეცხლი ანთია ნახევრად ჩაბნელებულ სალოცავში, საფეხურებზე შეყენებულ ბრინჯაოს ლანგარის ფორმის საცეცხლურზე. ცეცხლისთვის მხოლოდ ხეხილის შეშას იყენებენ, რის გამოც სათავსში სასიამოვნო, მოტკბო სურნელი ტრიალებს. „წმინდა ცეცხლთან“ მუდმივად იმყოფება ქურუმი, რომელიც იცავს „ავი თვალისგან“ და არ აძლევს ჩაქრობის საშუალებას.

drrrrrrrrrrr-1719646707.jpg

კლდისუბანში, ფეთხაინის სამრეკლოს სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე დგას აგურით ამოყვანილი ოთხკუთხა შენობა, ჩამონგრეული გადახურვით, რომლისგანაც კამარის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. პლატონ იოსელიანის ცნობით, აქ უძველეს დროიდან ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე – ათეშქა მდგარა.

იგი, როგორც უძველესი ძეგლი, შემოუნახავთ ქართველ მეფეებს. პლატონ იოსელიანისავე თქმით, XVIII საუკუნის 20–იან წლებში ოსმალებს თბილისში ორი მეჩეთი აუგიათ, ერთი მათგანი – ძველი ათეშქას ადგილზე. თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ შაჰის ბრძანებით, ორთავე დაუნგრევიათ 1735 წელს. XIX საუკუნეში ერთ ხანს შენობა კერძო მფლობელობაში ყოფილა. უძველესმა სახელწოდებამ კი საუკუნეებს გაუძლო.

დღეს ათეშგა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ათეშგის წინ ბაქანი გომის ქ. N3-ის მოსახლეს აქვს შეერთებული, ამიტომაც შენობაში შესვლა მხოლოდ კერძო საკუთრების გავლითაა შესაძლებელი.

კუბური მოცულობის შენობა მთლიანად აგურითაა აგებული. კვადრატული აგურების ეს სტანდარტი ნარიყალას უადრეს სამშენებლო ფენებში დასტურდება. ასევე, დამახასიათებელი იყო სასანური ირანისთვისაც.

img-0509-1024x768-1719646721.jpg

ქართლის ცხოვრებიდან დასტურდება, რომ ათეშგები თბილისის გარდა ნიქოზში, ნეკრესსა და მცხეთაშიც ყოფილა, თუმცა დღემდე მხოლოდ თბილისის ათეშგა შემორჩა.

2007-2009 წლებში ICOMOS საქართველოს მიერ “ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის” პროექტის ფარგლებში მოხდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: აღდგა ათეშგასთან მისასვლელი კიბე, რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელთან არსებულ ბაქანს, მოიხსნა შენობაში არსებული მიწის ფენა და ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, აღდგა ავთენტური იატაკის დონე. ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით შენობა დროებითი სახურავით არის გადახურული.

img-05171-e1462363497754-225x300-1719646743.jpg

გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან, სადაც ის ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრის შესახებ დამატებით ცნობბებს გვაწვდის:

– რა ისტორია აქვს ზოროასტრულ ტაძარ ათეშქას და რა იყო მისი მთავარი დანიშნულება?

– ათეშქა არის ცეცხლთაყვანისმცემელთა ანუ მაზდეანების ტაძარი. მისი სახელი მომდინარეობს სპარსული „ათეშ-ქიადე“-დან. მოგეხსენებათ, ეს რელიგია ჯერ აქემენიდების, ხოლო შემდეგ სელევკიდებისა და სასანიდების პერიოდის ირანში იყო გავრცელებული. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ქართლის მთავარი ღვთაება, არმაზი, მაზდეანობის მთავარ ღვთაებას – სინათლის შემქმნელ კეთილ ღმერთს აჰურა-მაზდას უნდა განასახიერებდეს. ბერძნულად ამ ღვთაებას „ორმუზდს“ უწოდებენ, აქედან უნდა მომდინარეობდეს სახელი „არმაზი“. მაგრამ, შემდგომმა კვლევამ ამ მოსაზრების სამართლიანობაში ეჭვი შეატანინა მეცნიერებს.

ცეცხლთაყვანისმცემლობა საქართველოში ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან უნდა შემოსულიყო აქტიურად, თუმცა, ეს არ გამორიცხავს ამ რელიგიის მიმდევართა მანამდე არსებობას ქართლის სამეფოში. ცეცხლთაყვანისმცემლობის წმინდა გამოვლინებად ითვლებოდა ცეცხლი. საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიისთვის ცეცხლის გაღმერთება ან თაყვანისცემა უცხო არ არის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცეცხლი მართლაც განსხვავებულად ფიგურირებს ადამიანის ცხოვრებაში – ის არის სითბოსა და სინათლის საწყისი. პირველყოფილი ადამიანიც აღმერთებდა ცეცხლს. მოგვიანებით კი, სხვადასხვა ერში კერიის, შუაცეცხლის ფენომენს განსაკუთრებული მისტერია ჰქონდა. მაზდეანობამ განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ცეცხლს და მისი თაყვანისცემა და მოვლა-შენახვა რელიგიური რიტუალის ცენტრალურ მოვლენად აქცია. ზოროასტრიზმი ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მეექვსე საუკუნეში ყალიბდება.

dsc-0055-desktop-resolution-1719646757.jpg

ამ რელიგიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო ცივილიზაციაზე. ახალი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში ირანში გაბატონდა სასანიდების დინასტია, რომლის დროსაც ცეცხლთაყვანისმცემლობამ დიდი გასაქანი პოვა. ამ პერიოდში ქართლის სამეფო ირანის გავლენის ქვეშ იმყოფება და მისი გავლენით ცეცხლთაყვანისმცემლური ტაძრები საქართველოშიც მრავლდება.

– თბილისის ათეშქაზე რას გვეტყვით?

– ბუნებრივია, ისე როგორც ქართლის სამეფოს სხვა ქალაქებში, თბილისშიც არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემლური ტაძარი. დღემდე, კლდისუბანში, ფეთხაინის სამრეკლოს მახლობლად, შემორჩენილია ათეშქას კედლები, რომელიც თავისი ფორმით ძალიან ჰგავს იმ ტაძრებს, რომლებიც ირანშია. ეს არის დიდი დარბაზული ნაგებობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, ჰქონდა გუმბათი. თბილისის ათეშქას ტაძრიდან მხოლოდ აგურით ამოყვანილი ოთხკუთხა შენობაა შემორჩენილი. ქართლში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც ინარჩუნებდა ცეცხლთაყვანისმცემლობა თავის პოზიციას.

ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკასთან დაკავშირებული მომენტი. მეოთხე საუკუნის მიწურულს ქართლი კვლავ მოექცა ირანის გავლენის ქვეშ, რამაც მაზდეანობის კიდევ უფრო გაძლიერება განაპირობა. ეს ვითარება შენარჩუნებულია მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარშიც, ვახტანგ გორგასლის გამეფების დროსაც. მამის გარდაცვალების დროს ვახტანგი მხოლოდ 7 წლის იყო. დედამისი საგდუხტი გაემგზავრა თავის მამასთან – რანის პიტიახშთან ბარზაბოდთან, რომელიც დანიშნული იყო კავკასიის მმართველად და მას შეავედრა შვილიშვილი. ირანელმა დიდმოხელემ ტახტი შეუნარჩუნა შვილიშვილს, მაგრამ, ერთი პირობით – ხელი შეეწყო ქართლში მაზდეანობის გავრცელებისთვის. სამწუხაროდ, ქართველები იძულებულნი გახდნენ, წასულიყვნენ ამ დათმობაზე. მეფის კარზე, ქრისტიანი ეპისკოპოსის გვერდით, თანაბარ უფლებებში იმყოფებოდა ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმი ბინქარანი.

როგორც ფიქრობენ, სწორედ მეხუთე საუკუნეში უნდა იყოს თბილისის ათეშქა შექმნილი. თბილისში ირანელი მოხელე ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნის შუა ხანებიდან ზის. შესაბამისად, აქ იყო ირანული გარნიზონიც. ასე რომ, უკვე ამ დროს თბილისში ათეშქას არსებობა ჩვეულებრივი ამბავია. მეექვსე საუკუნეშიც ქართლში საკმაოდ მძლავრად დომინირებს სასანიდური ირანი. ამ დროსაც, თბილისში ცეცხლთაყვანისმცემელი მოსახლეობის სოლიდური რაოდენობა უნდა ცხოვრობდეს. მოგვიანებით ცეცხლთაყვანისმცემლობა ისლამმა შეცვალა და თბილისშიც თავისი დანიშნულება თანდათან ამოწურა ათეშქამ. არსებობს ცნობა, რომ ათეშქას ადგილას მეჩეთი მდგარა. მართალია მას მოგვიანებით აგებულად მიიჩნევენ, მაგრამ, არ არის გამორიცხული, მეთვრამეტე საუკუნეში არსებული მეჩეთი განეახლებინა ოსმალებს.

35348799-793496304186096-6282542512636690432-n-1719646844.jpg

– როგორი რიტუალები იმართებოდა ათეშქაში და რა ტრადიციები ჰქონდა მას?

– ათეშქაში შემაღლებულ ადგილას იდგა ლარნაკი, რომელზეც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მას ემსახურებოდნენ ქურუმები, რომლებსაც ცეცხლისთვის ყურადღების მიქცევა ევალებოდათ. დღემდე ირანსა და ინდოეთში რამდენიმე ათასი მიმდევარი ჰყავს ამ რელიგიას. მათი ქურუმები პირბადეებით დგანან წმინდა ცეცხლთან. საერთოდ, ეს რელიგია ითვალისწინებდა უამრავ ისეთ ტრადიციას, რომლებიც ქართლში ვერ დამკვიდრდა, მიუხედავად ირანელთა ძალდატანებისა.

მაგალითად, დასაფლავების წესი. ცნობილია, რომ მეექვსე საუკუნის 20-იან წლებში ქართლის მოსახლეობა აჯანყდა იმის გამო, რომ ირანელებმა მოინდომეს დასაფლავების ცეცხლთაყვანისმცემლური წესების შემოღება – მიცვალებულის დაუსაფლავებლად დატოვება. მათი რწმენით მიწა ასევე, ითვლებოდა ღვთაებრივ საწყისად, ამიტომაც, მიცვალებულის მიწაში დასაფლავება იკრძალებოდა. მაზდეანებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სასაფლაოები – კოშკები ანუ – დაკმები, რომელთა დამრეც კედელზე დებდნენ მიცვალებულს და, როდესაც ის გაიხრწნებოდა, ძვლებს სპეციალურად გაკეთებულ ორმოში ყრიდნენ. საბოლოოდ, ქართველობამ არ მიიღო ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაგრამ, რამდენიმე რიტუალი თუ ტერმინი დღემდე შემოგვრჩა. მაგალითად, ჭიაკოკონობა ცეცხლით განწმედის და ეშმაკების განდევნის უძველესი ტრადიციაა. მაზდეანობაში უფროს ქურუმს „დასტური“ ჰქვია, რაც დღემდე შემონახულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, როგორც ხატობისას რიტუალის ერთ-ერთი შემსრულებელი პირის სახელი."- აცხადებს ინ ინტერვიუში.

myquiz