მიწისქვეშა ქალაქი 20 000-მდე ადამიანს იტევდა, ჰქონდათ საჯინიბოები და ტაძრებიც კი - რა საიდუმლოს ინახავს თურქეთის უძველესი მიწისქვეშა კომპლექსები? | Allnews.Ge

მიწისქვეშა ქალაქი 20 000-მდე ადამიანს იტევდა, ჰქონდათ საჯინიბოები და ტაძრებიც კი - რა საიდუმლოს ინახავს თურქეთის უძველესი მიწისქვეშა კომპლექსები?

მსოფლიოში ბევრი მისტიური და იდუმალებით მოცული უძველესი ობიექტი არსებობს, რომლებიც ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დღევანდელი სტატია კაპადოკიაში არსებულ მიწისქვეშა ქალაქებზე გაგვეკეთებინა. კაპადოკიასა და მის ახლომახლო მდებარე ღირსშესანიშნაობებს ბოლო ხანებში საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე სტუმრობს.

მდებარეობა

დერინქუიუ, დერინკუიუ (თურქ. Derinkuyu Yeraltı Şehri) კლდეში ნაკვეთი მრავალიარუსიანი მიწისქვეშა ქალაქია, რომელიც თურქეთში, კაპადოკიაში, შევშეჰირიდან 29 კილომეტრში მდებარეობს. ექსპერტების შეფასებით, ქალაქი ძვ. წ. II-I ათასწლეულში აიგო.

ert-erti-cvrili-gasasvleli-derinkuiushi-kartan-ertad-1721741545.jpg

ერთ ერთი წვრილი გასასვლელი დერინკუიუში კართან ერთად

დანიშნულება

საუკუნეთა განმავლობაში ეს ადგილი ადგილობრივთა საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა. მტერთა შემოსევისგან, რელიგიური დევნისა თუ სხვა არაერთი საფრთხისგან დასაცავად აგებული მიწისქვეშა ქალაქის სიღრმე 60 მეტრს აღწევს. ამჟამინდელი ინფორმაციით ქალაქს მიწისქვეშ 8 იარუსი ჰქონია და ერთდროულად 20 000 ადამიანს იტევდა. ადამიანებთან ერთად კი სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში პირუტყვიც კი ჰყავდათ.

derink-1721741571.jpg

საცხოვრებელი პირობები

ქალაქი კაპადოკიისთვის სახასიათო ვულკანური წარმოშობის რბილ ტუფშია გამოკვეთილი. ვინაიდან ეს მასალა ადვილად მუშავდება და ამავდროულად ჰაერთან ურთიერთქმედებით სწრაფად მაგრდება იდეალური იყო მიწისქვეშა ქალაქების აგებისა და მოწყობისთვის.

აქაც, კაპადოკიაში აღმოჩენილი სხვა მიწისქვეშა კომპლექსების მსგავსად, ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის რომ ადამიანებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეძლებოდათ ცხოვრება. თითოეულ ასეთ მიწისქვეშა ქალაქს ჰქონდა: სავენტილაციო შახტები და ჭები, საცხოვრებელი სივრცეები, საჯინიბოები, საჭმლის მოსამზადებელი და სასადილო სივრცეები, ზეთისა და ყურძნის დასაწური წნეხები, ბეღელი, მარანი, ტაძრები, სამრეკლოები, სახელოსნოები და სხვ. არის მოსაზრება, რომ კაპადოკიაში ამგვარ მიწისქვეშა კომპლექსებში არსებობდა სასაფლაოებიც.

sasuliero-sascavleblis-darbazi-derinkuyu-14-martijnmunneke-1721741584.jpg

სასულიერო სასწავლებლის დარბაზი

დერინკუიუს ოთახების, გვირაბების, ჭების, შახტების საკმაოდ რთული სისტემა აქვს. ქალაქები იგებოდა იმგვარად რომ თითქმის შეუძლებელი იყო მისი დაპყრობა. უმცირესი დეტალების ჩათვლით ზედმიწევნითი სიზუსტით იყო გათვლილი ყველა ნიუანსი. უსაფრთხოების სისტემა იმგვარად ჰქონდათ მოწყობილი რომ შიგნით შეღწევის შემთხვევაშიც კი დამპყრობელი უკან გამოსვლას და გზის გამოკვლევას დიდი ალბათობით ვერც მოახერხებდა. იმისათვის, რომ იქიდან გარეშე პირს თავი დაეღწია საჭირო იყო ლაბირინთების ამ მეტად რთული სისტემისა და საიდუმლო გასასვლელების ზუსტი ადგილმდებარეობის ცოდნა.

ხშირად ისმის კითხვა ეს ადამიანები მიწისქვეშა ქალაქებში მუდმივად ცხოვრობდნენ თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში მცირე ხნით?! ამის თაობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით დერინქუიუს, მცხოვრებნი მიწისქვეშა ქალაქს მხოლოდ მიწის დასამუშავებლად ტოვებდნენ, მეორე ვერსიით ადამიანები ამავე ტერიტორიაზე მიწის ზემოთ არსებულ საცხოვრისებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ ძნელბედობის ჟამს რამდენიმე კვირით ან ოდნავ უფრო მეტი ხნით აფარებდნენ თავს ამ კომპლექსს.

saventilacio-shaxta-derinkuiushi-1721741743.jpg

სავენტილაციო შახტა დერინკუიუში

ამჟამად არსებული ოფიციალური ვერსიით ამ მიწისქვეშა ქალაქს სულ 52 სავენტილაციო შახტა ჰქონდა. ცნობილია, რომ ეს შახტები სიღრმეში, გრუნტის წყლებამდე ჩადიოდა და ერთ დროს ჭების ფუნქციებსაც ითავსებდა ზოგიერთი. ეს ქალაქი განთქმული იყო სავენტილაციო და წყალმომარაგების ურთულესი სისტემით. 1962 წლამდე დერინკუიუს მცხოვრებნი სწორედ ამ ჭებით ახერხებდნენ წყლის მოპოვებას ისე, რომ არც კი იცოდნენ მიწისქვეშ არსებული კომპლექსისა თუ ამ შახტებთან და ჭებთან დაკავშირებული მიწისქვეშა სივრცეების შესახებ. ზემოთ უკვე არაერთხელ აღვნიშნე რომ ამ ქალაქების მომწყობნი უმცირესი დეტალების ჩათვლით ცდილობდნენ ყველაფრის გათვლას... ეს თუნდაც იმაში გამოიხატებოდა რომ თითოეული შახტა, ჭა კარგად იყო დამალული გარეშე თვალისთის მიწის ზემოთაც, რომ მტერს არ ჰქონოდა შესაძლებლობა მასში არსებული წყალი მოეწამლა. ესეც, რომ არა სავენტილაციო შახტების უმეტესობა სპეციალურად ისე იყო აგებული, რომ მისი ამოსასვლელი შეუმჩნეველი ყოფილიყო თავად იმ ტერიტორიაზე მიწის ზემოთ მცხოვრებთათვისაც. ამისათვის კი სავენტილაციო შახტების ამოსასვლელებს უმეტესად კლდეში კვეთდნენ და მალავდნენ. მიწისქვეშა ქალაქებს არაერთი საიდუმლო გასასვლელი ჰქონდა იმ შემთხვევისთის თუკი მტერი მაინც მოახერხებდა შიგნით შეღწევას. დღესდღეობით 600-მდე ამგვარი საიდუმლო გასასვლელია აღმოჩენილი.

აღმოჩენა

დერინქუიუს, დერინკუიუს მრავალიარუსიანი მიწისქვეშა ქალაქი 1963 წელს აღმოაჩინეს. ქალაქის აღმოჩენის ისტორია ამავე ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთ პიროვნებას უკავშირდება, რომელმაც საკუთარი სახლის კედელს მიღმა მიაკვლია „საიდუმლო სივრცეს“, „საიდუმლო ოთახს“. აღმოჩენისთანავე ადგილს მალევე ესტუმრნენ არქეოლოგები, რომლებმაც სხვა სპეციალისტებთან ერთად შეისწავლეს ტერიტორია, ჩაატარეს შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები და აღმოჩენიდან მალევე, სულ რაღაც ორ წელიწადში (1965 წ.) მიწისქვეშა ქალაქის ტერიტორიაზე აქტიურად დაიწყო ტურისტების მიღება.

კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქი

kaimakl-1721741773.jpg

ჩვენთვის კიდევ ერთ მეტად საინტერესო მიწისქვეშა ქალაქს კაიმაკლი წარმოადგენს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით დერინქუიუს 9 კილომეტრიანი გვირაბით უკავშირდება.

კაიმაკლი (თურქ.Kaymaklı) დერინკუიუს (თურქ.Kaymaklı) მსგავსად წარმოადგენდა მიწისქვეშა თავშესაფარს, რომელსაც ადამიანები მტერთა შემოსევისა და რელიგიური დევნისგან თავის დასაცავად იყენებდა.

kaymakli-ciudad-subterranea-de-turquia-1721741787.jpg

კაიმაკლიც რბილ ვულკანურ ტუფშია ნაკვეთი. ოფიციალური ინფორმაციით მას რვა მიწისქვეშა სართული აქვს. მისი პირველი იარუსის მშენებლობას მეცნიერთა ნაწილი ხეთებს უკავშირებს. მას შემდეგ, დროთა განმავლობაში ემატებოდა და ემატებოდა იარუსები, რამაც საბოლოოდ კაიმაკლის დღევანდელი სახე შექმნა მრავალიარუსიანი მიწისქვეშა ქალაქის სახით.

kaymakli-underground-city-8975-nevit-compressor-1721741796.jpg

სართულები ერთმანეთთან სავენტილაციო შახტებითაა დაკავშირებული. აქაც, წინა შემთხვევის მსგავსად გვირაბების გადასაკეტად და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ქვის უზარმაზარ ლოდებს იყენებდნენ. კაიმაკლიში უმეტესად ოროთახიანი საცხოვრისები გვხვდება, რომლებშიც სავენტილაციო სისტემის მეშვეობით მუდმივად ერთი ტემპერატურა - 27 გრადუსია. კაიმაკლის მიწისქვეშა სივრცე სხვადასხვა დატვირთვის მქონე არაერთ სივრცეს აერთიანებს. მათ შორისაა: სამრეკლო, სამლოცველო, სამზარეულო, მარანი, საჯინიბო და სხვ. კაიმაკლიში არაერთი სათავსია, მათ შორის საინტერესოა სათავსები სადაც საკვების მარაგს რამდენიმე თვის განმავლობაში ინახავდნენ.

kaymakli-underground-city-large-room-1721741806.jpg

დადგენილია, რომ კაიმაკლი ერთიანად 15 000 ადამიანს იტევდა. დღესდღეობით ეს მიწისქვეშა ქალაქიც დერინკუიუს მსგავსად ღიაა ტურისტებისთვის.

ავტორი: ბექა ბერიაშვილი