სტალინის პირადი ავტომობილის საიდუმლო - რა საოცრება იმალებოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მანქანის მიღმა?
მისი ეშინოდათ და ყოველთვის უთმობდნენ გზას. საუბარია არა სტალინზე, არამედ მის მანქანაზე - ЗИС-115, სსრკ-ში გამოშვებულ პირველ დაჯავშნულ სედანზე. მისი ბედი ისეთივე საინტერესოა, როგორვ თავად მაქანის აგებულება.
არავინ იცის როგორ და როდის, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს უნიკალური ავტომობილი ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტის უკანა ეზოში აღმოჩნდა, ცოტა ხანში კი საერთოდ გაქრა. თუმცა 2002 წელს ისევ გამოჩნდა, ამჯერად მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთ აგარაკზე.
საქმე შემდეგნაირად იყო: ერთხელ, კოლექციონერ ვლადიმირ ზადოროჟნს მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა სთხოვა ენახა და შეეფასებინა ერთი საინტერესო ექსპონატი. მისი თქმით, აგარაკზე შემონახული ჰქონდა ავტომობილი, რომელიც სამუზეუმო მნიშვნელობის იყო. ადგილზე მისულ ავტო სიძველეების თაყვანისმცემელს თითქმის მიწაში ჩაფლული და სანახევროდ დამპალი შავი ფერის სედანი დახვდა. ზადოროჟნიმ აღნიშნული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ლიხაჩევის სახელობის ქარხნის არქივებში მოიძია და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა რარიტეტის შეძენა.
ავტომობილი, რომელიც გარეგნულად ზუსტად ჩვეულებრივ ЗИС-110-ს (სამოქალაქო მანქანა, რომლის შემუშავება დაიწყეს დიდი სამამულო იმის დროს) ჰგავდა, სინამდვილეში "ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი" აღმოჩნდა. 1949 წელს პარტიული ელიტისთვის შექმნილი ЗИС-115, ყველა მახასიათებლით განსხვავდებოდა ЗИС-110-სგან. სხვაობა დაახლოებით იგივე იყო, რაც მოტოციკლსა და ტანკს შორის.
ძარა შედგებოდა არა ცალკეული დაჯავშნული პანელებისგან, როგორც ევროპულ და ამერიკულ ანალოგებთან გვხვდებოდა, არამედ წარმოადგენდა შედუღებულ და შეკრულ კონსტრუქციას. ანუ, ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი ჯავშანკაფსულა. ამასთან, თითოეულ შედუღებულ დეტალს საკუთარი სერიული ნომერი და დამამზადებლის სახელი ეწერა. აქედან გამომდინარე, თუ რამე მოხდებოდა, მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანს ეკისრებოდა. გარდა ამისა, კორპუსზე შესაძლებელი იყო გარჩევა იმ ტყვიების კვალის, რომლებიც მანქანის სხვადასხვა ნაწილის გამძლეობაზე გამოცდის დროს იქნა გამოყენებული.
მინები რთულ საინჟინრო კუნსტრუქციას წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში შედიოდა 35 მმ-იანი მინა, საჰაერო ფენა, ბლანტი ორგანული მინა (რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩამტყდარი შიდა მინის ნამსხვრევების კინეტიკური ენერგია უნდა ჩაეხშო) და განსაკუთრებული შენადნობი, რომესაც სტალინიტი უწოდეს. იმისთვის, რომ ფანჯრები არ დანამულიყო, საბჭოთა ინჟინრებმა მათში სპეციალური, ტენის შემწოვი ფხვნილის შეცველი მილაკები ჩაამონაჟეს. შუშების ასაწევად კი ჰიდრავლიკური დომკრატები გამოიყენებოდა.
ცნობილია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სტალინი საკმაოდ ასკეტური იყო. მაგრამ ЗИС-115-ის ინტერიერის დანახვაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. 6-7 ადამიანზე გათვლილი ფართო სალონი ბუნებრივი ტყავისგან, ხავერდისა და ბუნებრივი მატყლისგან იყო დამზადებული. წინა პანელზე კი კარელიური არყის ხისგან დამზადებული ელემენტები ჰქონდა ჩადგმული. ინსტრუმენტთა პანელის ფერი იცვლებოდა მანქანის სიჩქარის მიხედვით. 40 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას პანელი მწვანედ იყო ანთებული, 40-დან 80 კმ/სთ-მდე სტაფილოსფერი ხდებოდა, ხოლო თუ სიჩქარე 80 კმ/სთ-ს გადააჭარბებდა, წითელ შეფერილობას იღებდა. იხილეთ სრულად