ადგილი, სადაც რომაელი ოჯახები ცხოვრობდნენ: რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გონიოში და რის შესახებ მეტყველებს უძველესი არტეფაქტები
გონიოს ციხესიმაგრე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. იქ ყოველწლიურად მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს, რომელიც ყოველთვის საინტერესო აღმოჩენებს აკეთებს.
თორნიკე მამისეიშვილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ თანამშრომელია და არქეოლოგიის მიმართულებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ამჯერად სწორედ ის მოგვაწვდის გონიოს ციხის შესახებ საინტერესო ამბებს.
თორნიკეს ეს პროფესია უზომო ცნობისმოყვარეობის გამო გადაწყვიტა - "არქეოლოგია ხომ ცნობისმოყვარეობაა წარსულის შესახებ. ბავშვობაში, როცა მშობლებს დასასვენებლად დავყავდი და ციხე-სიმაგრეებს მივადგებოდით ხოლმე, სულ მაინტერესებდა, ვისი აშენებული იყო, რა ბრძოლა მოხდა იქ. მეტის გასაგებად და შესაცნობად კლდეებზე დავღოღავდი. მერე ამას ბოლომდე მივყევი და მივყევი,“ - გვეუბნება თორნიკე მამისეიშვილი და თავის პირველ არქეოლოგიურ ექსპედიციას ასე იხსენებს:
"როდესაც მუშაობა დავიწყე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, აწ განსვენებულმა შოთა მამულაძემ გონიოში, ველზე გამიშვა და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობები დამაკისრა. რადგან ჩემი ინტერესის სფერო რომაული პერიოდია, სწორედ იქ მოვხვდი, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი...პირველი ნივთები, რომელსაც შევეხე, რომაელი ჯარისკაცების იყო, რაც ამაღელვებელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მანამდე მუზეუმშიც მქონდა ნანახი. არტეფაქტებს მაშინ მივაკვლიე და მათგან 10 ძალიან საინტერესო ნივთი, დღეს უკვე მუზეუმში დევს. საოცარი ემოცია იყო ბეჭედი რომ აღმოვაჩინეთ, რომელზეც ადამიანი და ვირი გახლდათ გამოსახული. შემდეგ გაირკვა, რომ ის რომაული სამყაროდან ცნობილი სცენა იყო. ბეჭედი კი სამხედრო დაწინაურებული პირის საკუთრება უნდა ყოფილიყო, ცენტურიონის, ანუ 100-მეთაურის. ამას მოჰყვა მონეტები, სიმპულუმი, ანუ ჩამჩა, რომელიც გარკვეულ რიტუალში გამოიყენებოდა...
- და მათი ნახვა დღეს გონიოს მუზეუმში მისულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია... აღნიშნულ მუზეუმში ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ნივთი ქალის ყელსაბამი აღმოჩნდა, რომელსაც საოცარი მძივები აქვს...
- მძივი აღმოაჩინეს სოფელ მახოში, გონიოს თავზევე. ადგილობრივმა მოსახლეობამ შემთხვევით, მიწათმოქმედების დროს ბაღში მიაგნო. იქ რამდენიმე სამარხიც აღმოჩნდა, სადაც საინტერესო ნივთები იყო. მათ შორისაა ჩემთვის საყვარელი მინის ჭიქა, რომელიც სრულიად დაცულია და ისიც მუზეუმშია განთავსებული. იხილეთ სრულად