იცოდით, როგორ აამუშავა ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კონტრდაზვერვა?
ლავრენტი ბერია გარდა იმისა, რომ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, მას სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვაებული საქმეების კეთებაც ხელეწიფებოდა. ყველაზე დიდი მიღწევები მას მაინც უშიშროების სფეროში ჰქონდა და ტყუილად როდი უწოდეს ამერიკელებმა დაზვერვის გენია.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერიამ რომ „ენკავედე“ ჩაიბარა, ეს უწყება ჯერ კიდევ შორს იყო იმ მრისხანე სტატუსისგან, რომელიც მან ბერიას მმართველობის პერიოდში მოიპოვა. „ჩეკა“, „ოგეპეუ“ და „ენკავედე“, თავისთავად, მრისხანე უწყებები იყო და მათ მხოლოდ სახელები შეეცვალათ, ხალხს მათ მიმართ შიში ჰქონდა. თუმცა, სრულყოფილება მათ (უფრო ზუსტად, „ენკავედეს“) სწორედ ბერიამ შესძინა.
ამერიკელმა ალენ დალესმა, რომელიც „ცეერუს“ მრავალი წლის განმავლობაში უძღვებოდა, ბერიას „დაზვერვის გენია“ უწოდა. თავის მემუარებში დალესი წერდა: ბერიას განადგურება უდიდესი შვება იყო ჩვენთვის, ჩვენი უწყებისთვის. რამეთუ თავიდან მოგვშორდა ადამიანი, რომელიც დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. სასიხარულო იყო ისიც, რომ ბერიას თავისიანებმა მოუღეს ბოლო. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ პოსტსტალინისტური და პოსტბერიული რუსეთი (საბჭოთა კავშირი) ჩვენთვის ბევრად იოლი დასაძლევი გახდა და წარმატებითაც ვუძღვებოდით ამ საქმეს. ამ სიტყვების ავტორი ალენ დალესია და ბერიას საუკეთესო დახასიათებად გამოდგება.
მაგრამ დავუბრუნდეთ ბერიას პირველ ნაბიჯებს საკავშირო ასპარეზზე. როგორც კი მან „ენკავედე“ ჩაიბარა და სწრაფი, ეფექტური რეფორმატორული მუშაობა გააჩაღა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო შიდა უსაფრთხოების მკაცრი კონტროლი. ამასთან დაკავშირებით ბერიამ მრავალი ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი ასეთი ეფექტური ნაბიჯი იყო, ეგრეთ წოდებული, ბომონდური სალონების ფუნქციონირება, როგორც მოსკოვსა და ლენინგრადში, ასევე საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში. პრინციპი ძალიან მარტივი იყო. ასეთ სალონებში საბჭოთა ელიტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, ასევე, უცხოელები.
იმართებოდა მაღალი დონის შეხვედრები და ალკოჰოლისა და სხვა ზემოქმედების საშუალებების შედეგად ელიტურ სტუმრებს ლაპარაკის საღერღელი ეშლებოდათ. ეს ყველაფერი კი მაგნიტოფირზე იწერებოდა. ზოგ შემთხვევაში კინოფირზეც იღებდნენ და დანიშნულებისამებრ იყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო ორლოვა-ალექსანდროვის ცნობილი სალონი, სადაც ყველაზე მაღალი რანგის საბჭოთა თუ უცხოელი პირები იკრიბებოდნენ.“
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლუბოვ ორლოვა და გრიგორ ალექსანდროვი საბჭოთა ხელოვნების ვარსკვლავური წყვილი იყო. ცნობილი მსახიობი ქალის ასევე ცნობილი რეჟისორი მეუღლე სტალინის „ლუბიმჩიკი“ იყო. ორლოვა კი – ყველაზე კაშკაშა საბჭოთა მსახიობი. ამიტომ ცოლ-ქმარს ყველა გზა ხსნილი ჰქონდათ. უზარმაზარი ჰონორარების გარდა, რასაც მათ უხდიდნენ, ორლოვა-ალქსანდროვს თავისუფლად შეეძლოთ საზღვარგარეთ გამგზავრება, ოკეანის გაღმაც კი და უდიდესი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობდნენ, პირველ რიგში, სტალინთან. მათ ფეშენებელურ, უზარმაზარ, ელიტურ ბინაში თითქმის ყოველდღე ხალხმრავლობა იყო. იხილეთ სრულად