ვინ იყო სტალინის უცნობი საყვარელი? - ამბავი ქალზე, რომელიც იოსებ ჯუღაშვილთან ერთად დააპატიმრეს
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თენგიზ სიმაშვილის კვლევა ახალგაზრდა სტალინის ცხოვრებისეულ ეპიზოდებს ეხება. მან ”კვირის პალიტრას” წლების წინ დღემდე გამოუქვეყნებელი მასალები მიაწოდა...
შსს-ს არქივში ინახება 1910 წლით დათარიღებული ბაქოს ჟანდარმერიის სარეგისტრაციო ბარათი. დოკუმენტში პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად იოსებ, იგივე კობა ჯუღაშვილის სასიყვარულო კავშირებიცაა აღწერილი. ეს მასალა შსს-ს არქივის მიერ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი.
"თქვენს მკითხველს უკვე აქვს საშუალება გაიცნოს სტეფანია პეტროვსკაია, რომლის სარეგისტრაციო ბარათი საქართველოს საისტორიო არქივში აღმოვაჩინე. აქ იოსებ ჯუღაშვილის შესახებაც მოვიძიე საინტერესო დოკუმენტი - ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო 1910 წლის 26 აპრილს თბილისში გზავნის წერილს, სადაც ლაპარაკია იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისა და სტეფანია ლეანდრის ასულ პეტროვსკაიას ჟანდარმერიის სარეგისტრაციო ბარათებზე. ამ ბარათზე დატანილია ჯუღაშვილის რამდენიმე ფოტო - პროფილში, ანფასში და ფეხზე მდგომი. ასევე დაკრულია მცირე ფურცელი წარწერით: ,,სოსო ჯუღაშვილი (სტალინ)”. ჩემი აზრით, იგი საბჭოთა პერიოდშია დაწებებული, რადგან ქართულ ენაზე საქმის წარმოება რუსეთის იმპერიაში არ ხდებოდა. ასეთ წარწერებს აკეთებდნენ 1920-იან წლებში ე.წ. რევოლუციის მუზეუმის თანამშრომლები. ალბათ, თავდაპირველად რევოლუციის მუზეუმში იყო დაცული, შემდეგ კი არქივებში გადაინაცვლა...
აქვე აღმოჩნდა სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათიც, რომლის უკანა მხარეს ვკითხულობთ: ”სასიყვარულო კავშირი - ჯუღაშვილი”
სტეფანია ოდესაში დაბადებული თავადის ასული იყო. დიახ, სტალინს თურმე რევოლუციური მისწრაფებების მქონე თავადის ასული შეჰყვარებია. ეს ქალბატონი საკმაოდ დახვეწილი და განათლებული ყოფილა. ცნობილია, რომ სტალინის ირგვლივ მუდმივად ტრიალებდნენ ქალები, რომელთა შესახებ ინფორმაციები სხვადასხვა ნაშრომებშია თავმოყრილი. ბევრი ცნობაა მისი მეუღლეებისა და მეგობარი ქალების შესახებ, თუმცა, სტეფანია პეტროვსკაიას შესახებ მწირი ინფორმაციები არსებობს. ფოტო კი არსად გამოქვეყნებულა, ეს დღეს თქვენი გაზეთის მეშვეობით არის შესაძლებელი!
ცხადია, საიდუმლო პოლიციას, ჟანდარმერიას ან ”ოხრანკას” ასეთი სასიყვარულო კავშირის შესახებ ცნობები ყოველთვის სჭირდებოდა. როგორც ვიცით, სტალინი 1908 წლის მარტში ბაქოში დააპატიმრეს და გადაასახლეს (სოლვიჩეგოდსკში). პირველად სწორედ იქ შეხვდა სტეფანია პეტროვსკაიას, ეს უკანასკნელი მოსკოვში რევოლუციური საქმიანობისთვის იყო დაჭერილი და გადასახლებული სოლვიჩეგოდსკში. სტალინი ამ გადასახლებიდან გამოიქცა და ისევ ბაქოში დაბრუნდა რევოლუციური საქმიანობის გასაგრძელებლად. ამ დროს სტეფანია პეტროვსკაიაც გათავისუფლდა და ოდესაში ან მოსკოვში კი არ დაბრუნდა, ბაქოში ჩავიდა სტალინთან. მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება.
1910 წლის მარტის დასაწყისში ერთადვე დააპატიმრეს. სწორედ ეს არის ასახული ჩემ მიერ მოძიებულ დოკუმენტებში. დაკითხვისას პეტროვსკაია პირდაპირ აცხადებს, ინტიმური კავშირი მაქვს ჯუღაშვილთანო. იოსები კი ჟანდარმერიის ოფიცერს ასე პასუხობს: ”მე მას გადასახლებიდან ვიცნობ!”.
ისტორიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ სიმონიშვილი ამბობს, რომ სტეფანია პეტროვსკაია საკმაოდ დახვეწილი და განათლებული ქალბატონი ყოფილა, პროფესიით სახლის მასწავლებელს დამთავრებული ჰქონდა ოდესის ქალთა გიმნაზია. თავადის ასულ სტეფანიასა და სტალინის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, უცნობი იყო მისი ნამდვილი ფოტოც.
მომავალში საბჭოეთის დიდი ბელადი სტალინი, იმ დროისთვის კი სოსო, იგივე კობა ჯუღაშვილი, სტეფანიას გაცილებით ადრე შეხვდა. 1908 წლის მარტში, ბაქოში ჯუღაშვილი რევოლუციური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და სოლვიჩეგოდსკში გადაასახლეს. რევოლუციური საქმიანობისთვის სოლვიჩეგოდსკში გადაასახლეს სტეფანია პეტროვსკაიაც, სწორედ აქ გაიცნეს მათ ერთმანეთი. მოგვიანებით, კობამ გაქცევა და ბაქოში ჩასვლა მოახერხა, ცოტა ხანში სტეფანიაც გაათავისუფლეს. ის სახლში არ დაბრუნებულა, არც მოსკოვში ან სხვაგან სადმე უფიქრია წასვლა. ბაქოში მას კობა ელოდა.
თენგიზ სიმონიშვილი ყვება, რომ ამის შემდეგ მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება და 1910 წლის 23 მარტს ერთადვე დააპატიმრეს.
„ისინი დაკითხვებისას არაფერს, თითქმის არაფერს მალავდნენ. სტალინი ამბობდა, მე მას გადასახლებიდან ვიცნობო, სტეფანია კი კობასთან ახლო ურთიერთობაზე ღიად საუბრობდა“, – აღნიშნავს ისტორიის დოქტორი.დაპატიმრებული სოსო ბაქოს ქალაქის თავს სტეფანიაზე დაქორწინების უფლებასაც სთხოვდა. ქალაქის მმართველმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
„სტალინს სტეფანიაზე ქორწინების ნებართვა კი მისცეს, მაგრამ მალევე გადაასახლეს, რაც საბოლოოდ მათი განშორების მიზეზი გახდა. სოსოს ქალთა საზოგადოების ყურადღება არასდროს აკლდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სტეფანია ძალიან უყვარდა. ისე, საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათი თბილისში რომ ინახებოდა, არავინ იცოდა“, – აცხადებს თენგიზ სიმონიშვილი.