იცოდით, როგორ აპირებდა ბერია ძირძველი ქართული მიწების დაბრუნებას? - მისთვის წარდგენილ ბრალდებებს შორის ნაციონალიზმს დიდი ადგილი ეკავა
ლავრენტი ბერიასთვის წარდგენილ ბრალდებებს შორის დიდი ადგილი ეკავა ნაციონალიზმს. ეს კი სტალინურ სახელმწიფოში „სასიკვდილო ცოდვად“ მიიჩნეოდა და სიკვდილით ისჯებოდა...
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ჩემი აზრით, ლავრენტი ბერია ნაციონალისტი ნამდვილად იყო. თუმცა, ეს მე სულაც არ მიმაჩნია ცოდვად, მით უმეტეს, სასიკვდილო ცოდვად. იმაში არაფერია ცუდი, თუკი ადამიანს თავისი ხალხი და თავისი სამშობლო უყვარს, თანაც ისე, რომ ამით სხვა ერებსა და ქვეყნებს ზიანს არ აყენებს. ბერია კი თავისი ნაციონალიზმით არავის ზიანს არ აყენებდა. ქართველებისა და საქართველოსთვის კი დიდი სარგებელი მოჰქონდა და სწორედ ბერიას სახელთანაა დაკავშირებული, ეგრეთ წოდებული, ქართული სასწაული მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში. და შემდგომაც ბერიას არაერთი სიკეთე გაუკეთებია თავისი ხალხისა და სახელმწიფოსთვის.
ალბათ, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ბერიას უფრო მეტი პატივისცემა და სიყვარული (თანამედროვე ენით რომ ვთქვათ – რეიტინგი) ჰქონდა საქართველოში, ვიდრე სტალინს. უბრალო არითმეტიკა რომ ავიღოთ, ირკვეა, რომ საქართველოში ბერიაზე ორჯერ მეტი სიმღერა და ლექსი შეიქმნა, ვიდრე სტალინზე. ეს კი კარგად იცოდა ბერიამ. ის ჭკვიანი კაცი იყო და ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ამას. ყველაფერთან ერთად, ასეთი რამ ძალიან საშიში რამ იყო. რადგან ბერიას მტრებს ისე შეეძლოთ ეს ამბავი მიეტანათ კრემლში, რომ ბერიასთვის ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო. ლავრენტი პავლოვიჩს ისედაც უამრავი მტერი და მოშურნე ჰყავდა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ოცნებობდნენ, რომ ახალგაზრდა, მზარდი ქართველი პოლიტიკოსი გაენადგურებინათ.
მაგრამ, ბერია რის ბერია იქნებოდა, რომ ერთი მხრივ, ეს არ სცოდნოდა, მეორე მხრივ კი ამის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომები არ მიეღო. და, მართლაც, ლავრენტი ბერიამ ყველა თავისი მტერი გაანადგურა. იყო შემთხვევებიც როცა მან გადაამლაშა კიდეც და შემდგომში ის ამას ძალიან ნანობდა. საკმარისია აღვნიშნოთ მიხეილ ჯავახიშვილის, სანდრო ახმეტელის, ევგენი მიქელაძისა და სხვა ქართველო ხელოვანების ისტორიები. იმავდროულად, ბერიამ ბიძგი მისცა ქართული კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიის განვითარებას. ბერიას მოსვენებას არ აძლევდა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძირძველი ქართული მიწები და სერიოზულად ემზადებოდა მათ დასაბრუნებლად. ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკაში“ მუშაობისას ბერიამ თურქეთის ქართულ მიწებზე, ფაქტობრივად, მეხუთე კოლონიის შექმნა დაიწყო. ააწყო ფართო სადაზვერვო-დივერსიული ქსელი. აიარაღებდა მათ და სჯეროდა, რომ დადგებოდა მომენტი, როცა საქართველო ამ ტერიტორიებს დაიბრუნებდა. პირველ ასეთ მცდელობას ჰიტლერის თავდასხმამ შეუშალა ხელი. მეორე მცდელობას კი თურქეთის „ნატოში“ გაწევრიანებამ. თუმცა, ბერია მაინც არ იშლიდა თავისას და რომ არა მისი ვერაგული მკვლელობა, ის თავის მიზანს მაინც მიაღწევდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.“
იაკობ კედმი: „ხრუშჩოვი თავის მემუარებში ასე აღწერს ამ ყველაფერს: „ბერია უკიდურესი ნაციონალისტი იყო და დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, თურქეთისთვის წაერთმია საზღვრისპირა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ, ის მიწები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში შედიოდა. ბერია სტალინს უჩიჩინებდა, უბიძგებდა ამ ავანტიურისკენ და ამას ჯერ სტალინის სიკვდილმა შეუშალა ხელი, შემდგომ კი მისმა დაპატიმრებამ. თუნდაც ამის გამო ნამდვილად ღირდა ბერიას ჩამოშორება ხელისუფლებიდან, რაც წარმატებით განხორციელდაო.“ ხომ წარმოგიდგენიათ, რას წერს ხრუშჩოვი – ეს მიწები ოდესღაც საქართველოსი იყოო, არა და სულ რამდენიმე წლის წინ გადავიდა ეს ძირძველი ქართული მიწები თურქეთის შემადგენლობაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ბერია დიპლომატიური არხებითაც აქტიურად მუშაობდა ამ კუთხით და ამ პრობლემის მოგვარებას მოლაპარაკების გზითაც აპირებდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ სხვა, სპეციფიკურ ღონისძიებებს და მეხუთე კოლონაც სტარტზე ჰყავდა.“
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიას ძალისხმევით, „ენკავედეში“ თურქული მიმართულება ძალიან გააქტიურებული იყო და იქ ჩვენი საუკეთესო კადრები მუშაობდნენ. ერთი პერიოდი მეც მომიწია თურქულ მიმართულებაზე მუშაობა და იქ ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით სამხედრო იარაღი, საბრძოლო მასალა და ეკიპირება ჩავიტანეთ. ყველაფერი საიმედოდ დავაბინავეთ და შეიარაღებული გამოსვლა რომ მომხდარიყო, იქაური ქართველები ძალიან ორგანიზებული, დიდი და ეფექტური სამხედრო ძალა იქნებოდა.