"იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა ადამიანი, დაწესებულება, რომელთაც კუბო გვირგვინით არ შეემკოთ" - ქართველი "შინდლერების" თავგადასავალი
ყველას უნახავს შეუდარებელი ფილმი "შინდლერის სია",
რომლის მთავარმა გმირმა ათასობით ებრაელი იხსნა ტანჯვით სიკვდილისგან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ "ქართველი შინდლერებიც" არსებობდნენ - სწორედ ასე უწოდებენ ებრაელები ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც ჰოლოკოსტის დროს დიდი სიკეთე ჩაიდინეს. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ფერაძე, მიხეილ კედია, სერგო მეტრეველი, საბა კლდიაშვილი და სხვები... ჩვენც, სწორედ ამ საოცარი ადამიანების ცხოვრებაზე გიამბობთ:
მიხეილ კედიას ტრაგედია
აბვერის და "გესტაპოს" თანამშრომელი, მიხეილ კედია, გერმანელებს შორის ნდობით და მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „ქართველი შინდლერი“, რადგან ნაცისტების კლანჭებისგან არაერთი ქართველი ებრაელი იხსნა. ყველაფერი 1902 წელს, ზუგდიდში დაიწყო, სადაც კედიების ოჯახში პატარა ბიჭუნა დაიბადა. მშობლები თავიდანვე ზრუნავდნენ მის განათლებაზე და სასწავლებლად თბილისის პირველ გიმნაზიაში მიაბარეს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ის საქართველოს მთავრობამ, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, უცხოეთში გაგზავნა. მიხეილ კედია ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში სწავლობდა, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და საფუძვლიანი განათლება მიიღო. მერე კი, საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ის იყო ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიურად მონაწილეობდა „კავკასიის კონფედერაციის“ საქმიანობაში. გერმანელები მას პატივს სცემდნენ, კედია მათი ნდობით სარგებლობდა და ყველანაირად ცდილობდა, ჩაგრული ადამიანები დაეცვა, მათ შორის, ქართველი ემიგრანტებიც. სწორედ ის დაეხმარა ქართველ მაჰმადიანებს, რომლებსაც დეპორტაციას უპირებდნენ. მალე, გერმანელებმა პარიზში მცხოვრები ქართველი ებრაელების დაპატიმრებაც დაიწყეს, მათ შორის იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე - იოსებ ელიგულაშვილი, რომელიც მიხეილ კედიას ჩარევით, გერმანელებმა საპატიმროდან გამოუშვეს. მიხეილ კედიამ შექმნა მითი, რომ ქართველ მაჰმადიანთა მსგავსად, ქართველი ებრაელებიც ეთნიკურად ქართველები იყვნენ, ხოლო რწმენით - მოსეს რჯულის მიმდევარნი. მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველთა დიასპორამ ნაცისტების წარმომადგენლობას გაუგზავნა წერილი, რომ ქართველებსა და ებრაელებს საერთო ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული ჩვეულებები აქვთ. ამ წერილში აღნიშნული იყო, რომ ქართველი ებრაელები სემიტები კი არა, ეთნიკური ქართველები იყვნენ. ეს წერილი გერმანელებისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა და ქართველი ებრაელები დიდ განსაცდელს გადაურჩნენ.
მიხეილ კედიას სურდა, რომ საქართველო ბოლშევიკური მარწუხებისგან თავისუფალი ენახა. ქართული ემიგრაციის ნაწილის მსგავსად, ისიც ფიქრობდა, რომ გერმანელების მხარდაჭერით, საქართველოს გათავისუფლებას შეძლებდნენ. ის ხშირად ჩადიოდა ბერლინში საქართველოს მოქალაქეთა დასაცავად, ნაცისტების სასტიკ პოლიტიკას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და ძირითადად, ჰიტლერთან დაპირისპირებულ, გავლენიან გერმანელებთან მეგობრობდა. 1944 წლის აპრილში, მათი დახმარებით, მიხეილ კედიამ გერმანია დატოვა და თავი შვეიცარიას შეაფარა. ამ დროს, ის საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ფრანგები „სამხედრო დამნაშავედ“ მიიჩნევდნენ, ხოლო საბჭოთა მთავრობა მის ექსტრადირებას მოითხოვდა. ის ამ განსაცდელს გადაურჩა და 1946 წლის 3 მაისს, ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება, სადაც წერდა, რომ მან არაერთი ებრაელი გადაარჩინა. მიხეილ კედიას ჩვენებას თან ახლდა დოკუმენტები, რომლებიც მის სიმართლეს ადასტურებდა. მიხეილ კედიას დიდხანს არ უცოცხლია: 1953 წელს, სამშობლოსგან მოწყვეტილმა, უკვე დასუსტებულმა და დაავადებულმა მიხეილ კედიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
წმ. გრიგოლ ფერაძის თავგანწირვა
ქართველ წმინდანთა დასს არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სახელიც ამშვენებს, რომლის თავგანწირვაზე ბევრჯერ თქმულა და დაწერილა. ეს გახლდათ დიდი ნიჭისა და განათლების მქონე თეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც სასულიერო ცხოვრების გზა აირჩია. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს, სოფელ ბაკურციხეში, სიღნაღის მაზრაში დაიბადა, მღვდლის ოჯახში. მისი დედა - მარიამ სამადაშვილიც სასულიერო პირის ქალიშვილი იყო. 1918 წელს, გრიგოლმა სწავლა განაგრძო ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში - საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ეს იყო ურთულესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როცა აქ რუსული არმია შემოვიდა და საქართველომ დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება დაკარგა. გრიგოლ ფერაძე, თავის ორ ძმასთან ერთად იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საქართველოს ანექსიის შემდეგ, მას დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფელ მანავში გაგზავნა მასწავლებლად. 1921 წელს, გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე, მისი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის საკითხი გადაწყდა. გრიგოლ ფერაძე ბერლინის და ბონის უნივერსიტეტებში სწავლობდა და მოკლე ხანში 16 ენა შეისწავლა. 1931 წლის 18 აპრილს, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი მეცნიერი, ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა და პარიზში გაგზავნეს, მის მიერვე დაარსებულ წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იღვწოდა. მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". შემდეგში, გრიგოლ ფერაძე ვარშავაში მიიწვიეს, მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. ევროპაში დარჩენა გრიგოლ ფერაძის არჩევანი არ ყოფილა. მას გულით უნდოდა საქართველოში დაბრუნებულიყო, საბჭოთა საკონსულოსაც მიმართა, მაგრამ ნებას არ რთავდნენ. შემორჩენილია წერილი, რომელშიც იგი კორნელი კეკელიძეს სწერს: „რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში? რა დავაშავე?!“ იხილეთ სრულად