"ქართულ ენას მხოლოდ ერთი საათი ეთმობა... აფხაზებს სრულიად უფასოდ მკურნალობენ, იქ მცხოვრებ გალელებს კი - არა"- რა პრობლემების წინაშე არიან გალში მცხოვრები ქართველები და რა ტიპის დახმარება სჭირდებათ მათ საქართველოს ხელისუფლებისგან?
დღესდღეობით გალის რაიონში ათასობით ქართველი ცხოვრობს, რომლებმაც ომის, სირთულეებისა და მუდმივი დაძაბულობის მიუხედავად მშობლიური მიწა არ დატოვეს.
გალის მოსახლეობა ყოველდღიურად უამრავ პრობლემა აწყდება, რასაც, სამწუხაროდ ბოლო არ უჩანს. როგორია ვითარება ენგურის ხიდზე და რა ტიპის დახმარება სჭირდებათ მათ საქართველოს ხელისუფლებისგან? - ამ საკითხებთან დაკავშირებით Allnews გალის რაიონის მაცხოვრებელს, სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტს, ბექა მირცხულავას ესაუბრა.
- ბექა მოგესალმებით, პირველ რიგში გვიამბეთ რა პრობლემები აქვთ გალში მცხოვრებ ქართველებს? რა სირთულეებს აწყდებიან ყოველდღიურად?
- პრობლემები ძალიან ბევრია. პოლიტიკური ლანდშაფტი ხშირად ამწვავებს ამ პრობლემებს, ან სტატიკურს ხდის . როგორც მოგეხსენებათ , გალის რაიონში მოსახლეობის 98%–ი ეთნიკურად ქართველია . ეს გარემოება , აფხაზური საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და პოლიტიკურ კლასში , აღვივებს გარკვეულ ირაციონალურ შიშებს ,თითქოს ეს მოცემულობა საფრთხეა მათი უსაფრთხოებისთვის , ესაა მიზეზი სხვა გადაუჭრელი პრობლემების ,მათ შორის პასპორტიზაციის.
ამ მოცემულობას კატეგორიულად არ ვეთანხმები ,მე უფრო პირიქით მგონია –კეთილგანწყობილი გალი , მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში , უდიდესი ძალაა ! ამიტომ, ეს რესურსი კონფლიქტის მხარეებმა საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენონ.
მსურს რამდენიმე კონკრეტულ პრობლემას შევეხო :
ა.) განათლების პრობლემა უმწვავესად დგას . მოგეხსენებათ , ქართული სკოლები დაიხურეს, ქართულ ენას ზოგიერთ სკოლაში ეთმობა ერთი საათი ,ისიც ძალიან პრობლემურად .. უკვე გაჩნდა ქართული ენის პრობლემა ბავშვებში!
ბ.) ჯანდაცვის სფეროშიც დისკრიმინაციული მიდგომაა –აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებს სრულიად უფასოდ მკურნალობენ , იქ მცხოვრებ გალელებს არა . ხალხი ისედაც დაჩაგრულ მდგომარეობაშია , მეტ მხარდაჭერაზე უნდა გვქონდეს დისკუსია ამ დროს ვხედავთ საწინააღმდეგო მიდგომას.
გ.) უმწვავესი პრობლემაა მოსახლეობის ტოტალური გადინება. უკვე დღეს დგას რიგ სოფლებში სკოლების დახურვის საფრთხე . აქაც პრობლემა გასაგებია –მოსახლეობა გაურბის უპერსპექტივობას ! განსაკუთრებით ახალგაზრდებს არ გააჩნიათ არანაირი პერსპექტივა –სხვათა შორის ამაზე ისაუბრა გალის დღევანდელმა გამგებელმა –კონსტანტინე ფილიამ.
-სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, ენგურის ხიდზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. როგორია ამჟამინდელი ვითარება?
- ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა . პრობლემა 30–წელია ვერ მოგვარდა . დიახ ,ქართველი პოლიციელები“ , გალიდან გადმოსულ ქართველებს ექცევიან როგორც დამნაშავეებს და მოღალატეებს ! ამ პრობლემაზე მოსახლეობას ღიად საუბრის ეშინია . საგანგებოდ მინდა ვთხოვო ხელისუფლებას – მოაგვარეთ ეს პრობლემა!
- თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია (ან არაეფექტური) ქართული მხარის შეთავაზებები აფხაზეთისთვის, რომლის მეშვეობითაც მათ ელექტროენერგია მიეწოდებათ, ასევე სარგებლობენ განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამებით?
- თქვენი კითხვა საინტერესოა და მინდა შევეხო ერთ გარემოებასაც :ელექტროენერგიის აფხაზეთისთვის უფასოდ მიწოდება , ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხდება ,ეს იყო ცნობილი ზეპირი შეთანხმება –60/40 –ზე, შეთანხმების მიხედვით , 60% ქართულ მხარეს რჩებოდა ,40% აფხაზურს .
ბოლო წლებში მიზეზთა გამო, ეს ბალანსი ირღვეოდა . ნუ დაგვავიწყდება ის გარემოებაც ,რომ ენგურჰესი მხოლოდ ჯვრის წყალსაცავი არაა ,ესაა მთლიანი კასკადური სისტემა ,რომელიც გალის რაიონის ტერიტორიასაც მოიცავს და მართვის პულტიც “მანდაა. როგორც ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე , ლევან მებონია აღნიშნავს ,ესაა ურთიერთსარგებელო და აუცილებელი თანამშრომლობა .
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს : ჯანდაცვის პროგრამა აფხაზებისთვის , რასაც ჩვენ გალელებისთვისაც ვითხოვთ ,არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ჰუმანური ნაბიჯი და მჯერა, აფხაზი ხალხი აფასებს ამას . ამ კეთლშობილურ საქმესაც ,ორივე მხრიდან გამოუჩნდნენ კრიტიკოსები , გარკვეული რადიკალურ ჯგუფების სახით .
მედიცინა ის სფეროა ,სადაც ყველა ერთიანია–პოლიტიზაცია არ უნდა მოხდეს საკითხის. უამრავი აფხაზის სიცოცხლე გადაარჩინეს ქართველმა ექიმებმა , გამორიცხულია ამან პოზიტიური შედეგები არ გამოიღოს. მინდა გითხრათ ,ნებისმიერი სამშვიდობო ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს მხრიდან , გალის შიდა ატმოსფეროზე ახდენს გავლენას . რაც შეეხება განათლებას, ამით ძირითადად გალის მოსახლეობა სარგებლობს . ეს ცალსახად აუცილებელი ნაბიჯი იყო ,ვგულისხმობ იქაური ბავშვების უგამოცდოდ ჩარიცხვას . ბოლო წლებში , როგორც აღვნიშნე , ქართული სწავლება იქ შეწყდა და გამოცდები დამატებითი ბარიერი იქნებოდა ჩვენი ბავშვებისთვის.
-თქვენი აზრით, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ახლა?
- აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს და არამარტო –ყველაზე მეტად სჭირდებათ სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა . 30–წლიანმა მუდმივმა სტრესმა , ძალიან დათრგუნა ხალხი . დროა ყველამ ერთად ვიფიქროთ , როგორ შემოვიტანოთ მეტი ნათელი დღეები ხალხისთვის.
- გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ შეიძლება აფხეზეთის კონფლიქტის მოგვარება, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ?
- ნებისმიერი კონფლიქტი გვარდება დიპლომატიით . საჭიროა ამბიციების რაციონალიზაცია და ნაკლები ემოციები პოლიტიკაში. ქართული სახელმწიფოს,როგორც დიდ სახელმწიფოს– მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია ამ გზაზე.პოლიტიკურ საკითხებში ღრმად არ შევდივარ , თუმცა კონფლიქტის მხარეებს ვურჩევდი – გალის (სამურზაყანოს) მოსახლეობაზე მეტ ფიქრს და ზრუნვას.
მე მჯერა , გალის რაიონი ,როგორც ძირძველი სამურზაყანო, იტყვის თავის სიტყვას ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებში. სამურზაყანო სულ იყო ქართულ–აფხაზური ურთიერთობების ადგილი, ამიტომ ჩვენი ვალია, ყველაზე რთულ ვითარებაშიც , პოზიტიური როლი შევასრულოთ !
ბექა ბერიაშვილი